აფხაზთა კრების თავმჯდომარე, მალხაზ პატარაია:
გიორგი ბარამიძემ უარყო აფხაზეთში ტყვეების დახვრეტა. ბოდიში მოიხადა და ეს უკვე კარგია, მაგრამ ისეთი დათქმა გააკეთა, რომ ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთ. ის მერამდენე დღეა წერს, რომ ახლა თურმე ადგილობრივი მოსახლეობა ,,ხვრეტდა“ მოწინააღმდეგეს ბრძოლის ველზე და ჰგონია, რომ ამით თავის ნათქვამი შეამსუბუქა. მაგალითად სულ ბოლო: ,,ომის პირობებში, ბრძოლის მიმდინარეობისას, როცა შვილმოკლული, დედა ან მამა მოკლული ადამიანი მტერს არ დაინდობს, არ იზრუნებს ტყვეების აყვანაზე და მტერს ტყვიას ესვრის, დაცხრილავს, ან “დახვრიტავს”, ამაში არც გასაკვირია რამე და არც ვინმესთვის თუნდაც ოდნავი ჩრდილის მიმყენებელი, რადგან ომი ომია და ამიტომაა სასტიკი და ცუდი, რომ ადამიანს ადამიანის მოკვლა უწევს“. ამ აზრს ის სულ იმეორებს,- სიმართლე ვთქვიო. არც ეს არის სიმართლე.
არ ვიცი მისი გათვითცნობიერებულობა სამართალში, მაგრამ დეპუტატიც იყო, შს და თავდაცვის მინისტრი და ასეთი ელემენტარულ საკითხები არ უნდა ეშლებოდეს. ძალიან მარტივია – ,,დახვრეტა“ ნიშნავს სასამართლოს განაჩენით ან მის გარეშე ცეცხლსასროლი იარაღით პირის სიკვდილით დასჯას. მიაქციეთ ყურადღება ბოლო სიტყვას-,,დასჯას“. შესაბამისად, საომარი მოქმედებების დროს ტყვის დახვრეტა არის სიკვდილით დასჯა სასამართლოს გარეშე, ანუ ომის დანაშაული, რაც ბ-ნი ბარამიძისგან უარყოფილია. მაგრამ ომის დანაშაული არის აგრეთვე ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცის ,,დახვრეტა“ (ზოგადად ,,თავდასხმა“), რომელიც მაშინ ხდება, როდესაც მას თავის დაცვის უნარი არა აქვს, არ შეუძლია ან არ სურს ბრძოლა (,,hors de combat“) – დაჭრილია, ავადმყოფია, უგონოდაა, აშკარად გამოთქვამს დანებების სურვილს და ა.შ. ყველა ამ შემთხვევაში იგი თავს უნდა იკავებდეს მტრული მოქმედებებისაგან და არ ცდილობდეს გაქცევას. განსაცდელში მყოფი საჰაერო ხომალდიდან პარაშუტისტებზე კიდევ ცალკეა. აგრეთვე, აკრძალული საომარი მოქმედებების წარმოება პრინციპით ,,არავინ დარჩეს ცოცხალი“ (იხ.ჟენევის კონვენციების 1-ლი დამატებითი ოქმი, 1977, მუხლი 40, 41,42).ერთი სიტყვით, ომის კანონი ასეთია: შეგიძლია მოკლა, ის ვინც შენს მოკვლას ცდილობს, მაგრამ ვერ მოკლავ იმას, ვინც ვერ ან არ იბრძვის. აღნიშნული განმარტებით ბ-ნი გიორგი ერთმანეთში ურევს ლეგიტიმური სამიზნის განადგურებას და ბრძოლიდან გასული პირის მკვლელობას, რომელსაც ასევე ,,დახვრეტა“ ჰქვია და ომის დანაშაულია.გარდა ამისა, რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, პირველ დღეებში და ვიდრე გაგრის კატასტოფამდე მას იარაღი არ ჰქონდა. ის კი არა, რაც ჰქონდა, მშვიდობის დროს ჩამოართვეს. იყო მხოლოდ ადგილობრივი გვარდიისა და ,,მხედრიონის“ ოფიციალური შენაერთები. 23-ე და 24-ე ბრიგადებიც სწორედ ამის შემდეგ შეიქმნა.
ასე, რომ ,,დახვრეტის“ უარყოფა უნდა მოხდეს ერთმნიშვნელოვნად და სრულად, როგორც ტყვეების, ისე ბრძოლის ველზე, არ ტოვებდეს ინტერპრეტაციების შესაძლებლობას და უაზრო გამოსავლის ძიებაში გზადაგზა სახელდახელოდ ახალი სისულელეები არ ითხზვებოდეს. მით უფრო, რომ მტერს ეს ჩვენთვის არასდროს, არსად დაუბრალებია.











კომენტარები