საბედნიეროდ, სხეული თითქმის ყოველი დაავადების დასაწყისშივე “გვაფრთხილებს” და სხეულის ენას რომ მცირედით მაინც ვუგდებდეთ ყურს, დაავადებათა უმეტესობას საწყის ეტაპზევე ვუმკურნალებდით.
კიდევ ერთი მონაპოვარი მედიცინის – ეს არის პრევენცია, ანუ, იმის ცოდნა, როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ არ ვიყოთ რისკ ჯგუფში, რამდენი წლიდან და რა პერიოდში ერთხელ ჩავიტაროთ პროფილაქტიკური კვლევები და ა.შ.
ცნობილი ქართველი ექიმი, 30 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, პროქტოლოგი, მამუკა გრიგალაშვილი, გვიყვება ანალურ ნახეთქზე, მის სიმპტომებზე, დიაგნოსტიკასა და პრევენციაზე. დღეს წაიკითხავთ, მკურნალობის რა ტიპებია მიზანშეწონილი და რა თანმიმდევრობით. რაც მთავარია, ბატონი მამუკა გვიყგება, რა შემთხვევაშია საჭირო ქირურგიული.ჩარევა.
– ანალური ნახეთქი არის დაავადება, რომლის დროსაც ანალურ არხში ყალიბდება ლორწოვანის დეფექტი.სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჭრილობა, რომელიც არ არის დაფარული ლორწოვანით, მასზე მოხვედრილი განავლოვანი მასები და ლორწო იწვევს ტკივილს და დისკომფორტს, ტკივილის გამო ვითარდება სფინქტერის სპაზმი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ტკივილის ინტესივობას. პროქტოლოგიურ დაავადებებს შორის ანალური ნაპრალი, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, მე 2-3 ადგილს იკავებს ბუასილის შემდეგ. ზოგადად მოსახლეობის 2-2.5% ს აღენიშნება
– რომელია დაავადების მთავარი სიმპტომი?
– მთავარი სიმპტომი არის ტკივილი დეფეკაციის დროს და შემდეგ, ასევე ახასიათებს ქავილი, სისხლიანი გამონადენი ქაღალდზე ან განავალში.
– მართალია, რომ ტკივილის ინტესივობა ნახეთქის დროს უფრო მაღალია, ვიდრე ბუასილის შემთხვევაში?
– დიახ, სამწუხაროდ მართალია, ტკივილი ნახეთქის დროს გაცილებით უფრო ძლიერია ბუასილის ტკივილთან შედარებით. ბუასილის დროს ტკივილი ძირითადად არის იმ შემთვევაში, თუ გამოხატულია ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, როცა კვანძები არის შესიებული, და აღარ ხდება მათი ჩაცხრომა. ნახეთქის დროს პაციენტი თითქმის მუდმივად გრძნობს პულსირებას და დისკომფორტს. ტკივილი დასაწყის სტადიაში თუ გრძელდება დეფეკაციიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდგომში, შესაძლოა გრძელდებოდეს მეორე დეფეკაციამდეც. ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ უმეტეს შემთხვევაში იწვევს პროქტოლოგთან ადრეულ ვიზიტს.
– რა იწვევს დაავადებას და ვინ არის რისკ ჯგუფში?
– ჩვეულებრივ, ანალური ნახეთქის ჩამოყალიბების მიზეზი არის ლორწოვანი გარსის ტრავმული დაზიანება, ძირითადად მყარი განავლოვანი მასებით, ასევე შესაძლებელია გაჩდეს დიარეის დროს, ხშირი ჭინთვის ხარჯზე. დაავადება ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს გარედან მექანიკური დაზიანების დროსაც, მაგალითად როცა ადგილი აქვს ქავილს უკანა ტანის არეში, ან მოხდეს დაზიანება ოყნის გაკეთებისას, ბუნიკის მეშვეობით. ნაპრალი უფრო ადვილად უვითარდებათ იმ პაციენტებს რომელთაც აქვთ ჰემოროიდული დაავადება, ანთებითი პროცესი ნაწლავზე, ან დაქვეითებული იმუნიტეტი.
– რომელია ანალური ნაპრალის შესაძლო გართულებები და თუ არის შესაძლებელი ნახეთქმა გამოიწვიოს ყაბზობა?
– ჭრილობის ინფექციის გამო შეიძლება განვითარდეს: პარაპროქტიტი, ნაწლავის გვერდზე არსებული ქსოვილების დაჩირქება და სეფსისი.
ანთებითი პროცესის ხარჯზე ჩამოყალიბებული ნაწიბურების შედეგად, შეიძლება განვითარდეს: ანალური სტრიქტურა, ანალური არხის შევიწროება, ყოფილა შემთხვევა როცა ვერ ხერხდება თითით გასინჯვა, იმის გამო რომ ანალური არხის დიამეტრი უფრო პატარაა ვიდრე თითის. სხვა გართულებებიდან: მამაკაცებში შესაძლებელია გამოიწვიოს პროსტატიტი.ასევე ქრონიკული ანთების ფონზე არის 1-%-იანი ალბათობა რომ მოხდეს დაავადების სიმსივნეში გადაზრდა. რაც შეეხება ყაბზობას, დაავადება პირდაპირი მნიშვნელობით არ იწვევს ყაბზობას. პაციენტი ტკივილის შიშით თავს იკავებს დეფეკაციის აქტისგან, დეფეკაციის შეყოვნება კი იწვევს განავლოვანი მასების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამწვავებს ნახეთქს, იკვრება მანკიერი წრე.
– როგორ ხდება ანალური ნახეთქების დიაგნოსტიკა? საჭიროა სპეციალური გამოკვლევები?
– ჩივილები იმდენად ტიპურია, რომ თავიდანვე ჩდება ეჭვი დაავადების შესახებ. დიაგნოზი ძირითადად ისმევა ვიზუალური დათვალიერების დროს. ნახეთქი კარგად მოჩანს პერიანალური მიდამოს გადაწევისას, თითით შეიგრძნობა ლორწოვანის დეფექტი. თუ დაავადებას არ ახლავს სპაზმი შესაძლებელია ანოსკოპიის ჩატარებაც.
– ბავშვების შემთხვევაში ანალური არხის ტკივილის დროს, რომელი დაავადებაა წამყვანი და ბუასილი რომელი ასაკიდან იჩენს თავს?
– ბავშვებში ბუასილი იშვიათად ვითარდება, ძირითადად გაზრდილი ჭინთვების შემთხვევაში, ამიტომ არ არის სასურველი ხანგრძლივი ჯდომა უნიტაზზე, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა. რაც შეეხება ანალურ ნაპრალს ის გაცილებით ხშირად გვხდება. თუ არის ტკივილი, სისხლიანი გამონადენი და ყაბზობის ისტორია პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ნაპრალის არსებობაზე.
ბუასილი როგორც წესი თავს იჩენს 13-14 წლის ასაკიდან, მატულობს მისი სიხშირე და 50 წელზე ზევით, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს აღენიშნება
– ყოველთვის საჭიროა ექიმთან ვიზიტი, თუ გარკვეულ შემთხვევებში თვითდიაგნოსტიკა საკმარისია?
– თვითდიაგნოსტიკა არ არის მიზანშეწონილი, რომ არ გამოგვეპაროს რაიმე სხვა დაავადება, მაგალითად, სიმსივნე ან სწორი ნაწლავის ფისტულა. ასევე საჭიროა დაეწყოს დროული მკურნალობა, თავიდან რომ ავიცილოთ დაავადების გართულებები. რაც უფრო ადრე მიმართავს პაციენტი დახმარებისთვის პროქტოლოგს, მით უფრო მაღალია მკურნალობის წარმატების შანსი.მწვავე ფაზაში ვიზიტის დროს დაავადებიდან 1.5 თვის განმავლობაში მკურნალობის ფონზე შესაძლოა მოხდეს ნაპარალის შეხორცება დაახლოებით 90 % ში.
– როგორია ანალური ნახეთქების მკურნალობის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდები ნიუ ჰოსპიტალსში?
– მკურნალობა იწყება კონსერვატიული მიდგომით, უნდა მოხდეს სპაზმის მოხსნა, ანტისპაზმური მედიკამენტებით და თბილი აბაზანებით, ასევე ენიშნება ტკივილის და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,საჭიროა საჭმლის მონელების ნორმალიზება.
შუალედური რგოლის სახით კონსერვატიულ მკურნალობასა და ქირურგიულ მკურნალობას შორის, ჩვენს კლინიკაში დანერგილია მცირე ინვაზიური მეთოდი – ნახეთქის მკურნალობა ბოტულინოტოქსინის ინექციით (ბოტოქსი). ეს მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ არის ძლიერი სპაზმი, მაგრამ არ არის ფიბროზული ცვლილებები, ასევე თუ არსებობს რისკ ფაქტორები ოპერაციული ჩარევის კუთხით. ამ დროს ხდება სპაზმის მოხსნა, ეფექტი გრძელდება 3-4 თვე, ნორმალური დეფეკაციის შემთხვევაში ჭრილობა, ანუ ნაპრალი ხორცდება სრულფასოვნად (60-80 % ში).
ქირურგიული მკურნალობა რეკომენდირებულია:
- თუ კონსერვატიული თერაპია და მცირე ინვაზიური მკურნალობა არაეფექტურია
- ადგილი აქვს ხშირ რეციდივს, როცა ჩამოყალიბებულია ნაპრალი უხეში ნაწიბუროვანი ფსკერით.
მკურნალობა მოიცავს დეფექტის ქირურგიულ ამოკვეთას და ანალური სფინქტერის სპაზმის მოხსნას. ეს ჩვენს კლინიკაში, ნიუ ჰოსპიტალში შესაძლებელია მოხდეს როგორც ლაზერით, ისე ტრადიციული მეთოდით სკალპელის გამოყენებით.
ლაზერით მკურნალობა ეფექტურია იმ კუთხით, რომ ნაკლებად ხდება საღი ქსოვილების დესტრუქცია, ტრავმირება, რის გამოც ჭრილობა უფრო ადვილად და სწრაფად ხორცდება, ნაკლებია ნაწიბურის ჩამოყალიბების რისკიც
– როგორია რეაბილიტაციის პერიოდი და არის თუ არა უფრო იოლი ბუასილის ოპერაციასთან შედარებით?
– სრულ შეხორცებას ესაჭიროება დაახლოებით 45 დღე, თუმცა, პაციენტი ოპერაციიდან მეორე დღესვე უკვე ფეხზეა, სადღაც 10 დღეში შეუძლია დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას, თუ არა აქვს მძიმე ფიზიკური სამუშაო.
რაც შეეხება პოსტოპერაციულ ტკივილს – უფრო ნაკლებია ბუასილის ოპერაციის შემდგომ არსებულ ტკივილთან შედარებით, ვინაიდან ჭრილობა მოიცავს ანალური არხის მხოლოდ მეოთხედ ნაწილს
– როგორია ცხოვრების წესი, რომლითაც თავიდან აიცილებ ანალურ ნახეთქს?
– ებრძოლოს ყაბზობას, დიარეას და ფიზიკურ უმოქმედობას, გაზარდოს ბოჭკოვანი საკვების და წყლის რაოდენობა, დეფეკაციის სურვილის შემთხვევაში დროულად უნდა შეასრულოს დეფეკაციის აქტი, რომ არ მოხდეს განავლის გამყარება, რაც როგორც მოგახსენეთ არის დაავადების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
(R)











კომენტარები