კონსტიტუციონალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზურაბ ჯიბღაშვილი:
2026 წლის 26 ივნისს, ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის ყოველწლური მოხსენების ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის (ეხება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას) შინაარსი დაუპირისპირა სახელმწიფო სუვერენიტეტის კონსტიტუციურ პრინციპს. ეს პრინციპი არ არის ჩვენი მონაგონი და იმ კლასიკური დემოკრატიების სახელმწიფოებრიობა, რომლებმაც შექმნეს NATO და ევროპული კავშირი, ამ პრინციპს ეფუძნება. მან აღნიშნა, რომ 78–ე მუხლის არსებობის მიუხედავად, სახელმწიფო სუვერენიტეტი „კონსტიტუციის პირველი თავით არის გარანტირებული“. ამ ორი ნორმის თანაარსებობა „დილემად“ მიიჩნია და დაამატა: „ჩვენ მოგვიწია ამ კოლიზიის გადაჭრა.“ მან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შინაარსის პრაქტიკული რეალიზაცია ევროპული სტრუქტურების მიერ, ცალსახად დააპირისპირა სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპთან.
ამ „ჭიდილში“ ასევე ცალსახად, პრიორიტეტი მიანიჭა სახელმწიფო სუვერენტეტს. ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა ევროკავშირში ინტეგრაცია უკვე არაერთხელ დაუპირისპირეს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს. ეს არ არის შემთხვევითი და ცხადია, რომ უკვე სერიოზული პოლიტიკური ხაზია, რასაც მომავალში გაჰყვება ხელისუფლება. ამ მიზნით შეიძლება აიხსნას უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოთხოვნაც. ამ ხაზის მიმართ, ყველა შემთხვევაში, ფხიზელი მიდგომის აუცილებლობა იზრდება საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პროპორციულად. ამიტომ, მინიმალისტურად ავხსნი თუ რამდენად უპირისპირდება და გამორიცხავს სახელმწიფო სუვერენიტეტი ევროინტეგრაციას. თეორიულად, აქტუალურია მეორე საკითხიც (პირველიდან გამომდინარე) – როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს „კოლიზია“, მაგრამ ამ საკითხის სამართლებრივ გარკვევაში შესვლა მთლიანად დაგეგმილ პოლიტიკურ დღის წესრიგში შეყოლა იქნება. ვერ დაძლევ იმას, რაც არ არსებობს. ამიტომ, შევეცდები მოკლედ ავხსნა სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ევროპული ინტეგრაციის თანაარსებობის სიკეთე და გავაქარწყლო პრობლემის არსებობა.
სახელმწიფო სუვერენიტეტის თავდაპირველი (კლასიკური) გაგება იყო აბსოლუტური კატეგორია, ის არ მომდინარეობდა ხალხის ძალაუფლებიდან და თავის ტერიტორიულ ფარგლებში არ სცნობდა არავითარ შიდა და გარე გავლენას არანაირი სამართლებრივი საფუძვლით. ეს იყო სახელმწიფო ხელისუფლების შესაძლებლობების ვულგარული აბსოლუტიზაცია.
დროთა განმავლობაში, დემოკრატიის ბევრი კატეგორიის პირვანდელი გაგება განვითარდა და გაიზარდა. ის ვერ დარჩებოდა ერთ საფეხურზე. სწორედ ამიტომ, დემოკრატიზაციის გზაზე, სხვადასხვა საზოგადოებებმა თავისთავად დაიწყეს დიალოგი დემოკრატიის განსხვავებულ კულტურებთნ. შედეგად, ეს კულტურები გაიზარდნენ და დაახლოვდნენ ერთმანეთთან, მათ დაადგინეს საერთო ღირებულებათა სისტემა და მისი ხელშეუვალობიდან გამომდინარე, განსაზღვრეს ისიც, რა არ შეიძლება სუვერენიტეტის ცნებასთან ამოფარებით გააკეთოს სახელმწიფომ შიგნით თუ გარეთ. ამ შეზღუდვებით იცავენ თანაზიარად განსაზღვრულ ღირებულებებს. შესაბამისად, დღეს სუვერენიტეტის აბსოლუტიზაციას ვეღარ მოვახდენთ, ის გახდა ღირებულებათა საერთო სისტემაში ინტეგრირებული. ინტეგრაცია სუვერენიტეტის შეზღუდვა არის იმდენად, რამდენადაც სხვასთან თანხმდები საერთო ინტერესების დაცვაზე. ამით თავს იზღუდავ თავისუფლების აბსოლუტიზაციაზე. სხვათან თანაზიარი ხდები ღირებულებათა ორმხრივ დაცვაზე.
ამიტომ, დღეს სახელმწიფო სუვერენიტეტის აბსოლუტიზაცია, მასზე დაფუძნებული განაცხადი, რომ „არავინ შემეხოთ, მე რაც მინდა, იმას გავაკეთებ“ ზედმეტად ამბიციური განაცხადია. ეს მხოლოდ თვითკმარმა სახელმწიფომ შეიძლება გაბედოს. თუმცა, რომც შესძლო, ეს არ ნიშნავს მის სამართლიანობას. თუნდაც, სახელმწიფოს საზღვრები იმიტომ არსებობს, რომ შენი სურვილები არ გადავიდეს სხვის „ეზოში“. დღეს უკრაინაში ომი სხვა არაფერია, თუ არა სუვერენიტეტის სახელით რუსეთის საზღვრებიდან გადასული უსამართლობა. რუსეთი სთვლის, რომ ამის „შნო“ (ერთი ქართული ფილმია) აქვს. სად არის ჩვენი ის სუვერენიტეტი, რაზეც ვაპელირებთ?! რა გვაცვია და რას ვჭამთ აბსოლუტურად ქართული წარმოებისას? ჩვენ ვერ ვიქნებით თვითკმარი! სახელმწიფო სუვერენიტეტის აბსოლუტიზაცია დღეს რეალობასთან შესატყვისი არაა და შესაბამისად, შეუძლებელია. ამიტომ სახელმწიფო სუვერენიტეტი თავისი პირვანდელი გაგებით, დღეს იზოლაციაა.
ევროსაბჭოც, ევროპული კავშირიცა და NATO-ც, სუვერენიტეტის დაცვის (რასაც დამფუძნებელი სახელმწიფოები მარტო ვერ უკლავდებოდნენ) გაძლიერების საშუალებად შეიქმნა. როდესაც სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ საფრთხეების წყაროების სწორი იდენტიფიკაცია მოახდინეს, დიდმა სახელმწიფოებმა დაიწყეს ძირითადი დემოკრატიული, სამართლებრივი და სამხედრო-პოლიტიკური პრინციპების გარშემო გაერთიანება სწორედ იმიტომ, რომ სუვერენიტეტის მარტო დაცვას, ეს ძლიერი სახელმწიფოებიც ვერ უმკლავდებოდნენ. სუვერენიტეტი ინდივიდუალური დარჩა ყველა სახელმწიფოსთვის, გამსხვილდა ძალისხმევა ამ ინდივიდუალური უფლების დაცვის მიზნით.
სუვერენიტეტის ამგვარი პოპულისტურ-მანიპულაციური ვერსიით ხალხზე ზემოქმედება, შორსმიმავალ შედეგებს წარმოშობს. იზოლაციონიზმი, ფეოდალური ტიპის კარჩაკეტილობა დღეს ცივილიზაციური გაუცხოების სტრატეგიულ საფრთხეს ქმნის. ამიტომ, ამ შეცდომის გამორიცხვისთვის ყველაფრის გაკეთება პარტიების პასუხისმგებლობაა. მათ ამ თემაზე საუბარი უნდა აიძულონ ხელისუფლებას. მისი არდათმობა მთლიანად პარტიების ვალდებულებაა. ამასთან, ხელისუფლების სუსტი ლეგიტიმაციისა და განგრძობადი დელიგიტიმაციის განცდას მხოლოდ ხალხთან ხელისუფლების რეალური ურთიერთობითა და ასეთივე პოლიტიკური ქმედებებით შეიძლება მოევლოს. პარტიებთან საუბარი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა თუ სუვერენიტეტი და ძალაუფლება ესმის სახალხოდ და არა – კარჩაკეტილობად.













კომენტარები