კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ, პატრიარქის სტატუსით წარმოთქმული პირველი ქადაგებისას განაცხადა:
„დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი შვილობრივი სიყვარულით ვიყრი მუხლს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს პატრიარქთა ღვაწლის წინაშე. შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა შევძლო სული დავდო ცხოვართა ჩემთვის და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი. ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მწყემსმთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს, გვმართებს მოვუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა. გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა. ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის განსამრავლებლად, ერთობისა და მშვიდობის დასამკვიდრებლად. დღეს თქვენს წინაშე მდგარი, კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღვთივკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე-დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა. შეუძლებელია უფლის განზრახვის ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე. თუმცა კი, გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც”.














კომენტარები