• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის ეკლესია, ოკუპაცია, პენსია მღვდლებს, ეკლესიის წარმომადგენლობა ევროკავშირში – მეუფე იობის ხედვა – 4 ნაწილი სრულად

ალია ავტორი - ალია
00:35 05-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

რუის-ურბნისის ეპარქია, მეუფს იობის ხედვებს, ეკლესიის ძირითად პრიოროტეტებზე აქვეყნებს. უკვე გამოქვეყნებულია 4 ნაწილი და “ალია” მათ ერთიანი სახით, ცხადია, უცვლელად, გთავაზობთ.

 

ნაწილი I

ქვემოთ წარმოდგენილი საკითხები ეხება საეკლესიო ცხოვრების ძირითად სფეროებს, როგორიცაა ადმინისტრაციული მოწყობის დახვეწა, სასულიერო პირებზე და მრევლზე ზრუნვა, თეოლოგიური განათლება, ლიტურგიკული წესრიგი და სხვა. მათ მოგვარებას სჭირდება კოორდინირებული ძალისხმევა, სინოდალური პასუხისმგებლობა და ეკლესიის კანონიკური ტრადიციისადმი ერთგულება, დროის საჭიროებებზე შემოქმედებით რეაგირებასთან ერთად. ეკლესიაში გამოწვევებზე საუბარი არ აკნინებს წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ბუნებას და არც თავად იერარქიას, არამედ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და თამამად გასცეს პასუხი თანამედროვე გამოწვევებსა და საჭიროებებს.

 

1️⃣. პირველი საკითხი ეხება ჩვენი ეკლესიის მშვიდობისმყოფელ და შემრიგებლურ როლს თანამედროვე საქართველოში.

 

 სამყარო, რომელშიც ჩვენ ვსხემობთ, დაცემული, შემუსვრილი და დაბნელებულია, სიკვდილსა და ცოდვას ემონება, ძალადობითა და უსამართლობით იგვემება. პოლარიზაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა თანამედროვე საზოგადოებისთვის და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. პოლიტიკური, სოციალური და ღირებულებრივი განხეთქილება და დაყოფა სასიცოცხლო ენერგიას აცლის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ისედაც შეჭირვებულია სხვადასხვა პრობლემათა გამო. ჩვენს თვალწინ ადამიანები სულ უფრო მეტად ჰყოფენ სამყაროს „ჩვენებად“ და „მათებად“. დათმობა და შეთანხმება სულ უფრო რთულდება, ხოლო მშვიდობის, მიტევების, თანაგრძნობის სული, რომელიც საზოგადოებას ერთ მუშტად უნდა აკავებდეს -მყიფდება. ამ ფონზე ეკლესია – მოსახლების 80%-ზე მეტი ნდობით – განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე დგას. ეკლესიას, როგორც „ქრისტეს სხეულს“ უფლისგან ებოძა მშვიდობა და ეს მშვიდობა უფრო ფართო და არსებითია იმ მშვიდობაზე, რომელსაც წუთისოფელი აღუთქვამს ადამიანს. „მშვიდობასა დაგიტევებ თქვენ, არა ვითარ სოფელმან მისცის, მე მიგცემ თქვენ“ (იოან. 14:27). ამიტომ ეკლესიას შესწევს უნარი „დახსნას შუაკედელი იგი მტერობისა“ და ახაროს ზეცითგარდმო მშვიდობა „შორიელთა და მახლობელთა“. თავად უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, რომელიც გახდა „მშვიდობაი ჩვენი“ (ეფეს. 2:14) და წყარო არს მშვიდობისა, მცნებას გვაძლევს, რომ გვიყვარდეს არა მარტო მოყვასი, არამედ მტერი ჩვენიც, ხოლო ბასილი დიდი დასძენს: „არ ძალმიძს დავარწმუნო ჩემი თავი, რომ ურთიერთსიყვარულისა და ყველასთან მშვიდობის გარეშე ვიწოდო იესუ ქრისტეს ღირსეულ მონად, რადგან არაფერი არ არის ისე დამახასიათებელი ქრისტიანისათვის, როგორც მშვიდობის ქმნა“. წმიდა წერილი ამბობს: „ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი მტრობისა და ჟამი მშვიდობისა“ (ეკლ. 1:18). ჩვენ უნდა დავუდოთ საფუძველი სიყვარულის ჟამს, მშვიდობის ჟამს, შერიგების ჟამს, განბნეულთა შემოკრების ჟამს. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უნიკალური შანსი და პოტენციალი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს საყოველთაო შერიგების საქმეში, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და მისია, რომელიც საქართველოს ეკლესიის წინაშე დგას. ეკლესია უნდა გახდეს სულიერი ხიდი სხვადასხვა ნაპირზე მყოფთათვის. დედა ეკლესიის წიაღში ურთიერთშერიგებისა და ურთიერთმშვიდობის გარეშე შეუძლებელია ერისა და ქვეყნის ნათელ მომავალზე ზრუნვა. ამ მხრივ, ფრიად ყურადსაღებია წმინდა პავლე მოციქულის შეგონება: „მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით, შეიძლება სულაც გაანადგუროთ ერთმანეთი“ (გალ. 5:15). მაგრამ ეს ნუ იყოფინ ჩვენდა, არამედ დაე, აღსრულდეს ნება ღვთისა და ჩვენი დიდებული წინაპრებისა, რაითა ერი და ბერი ვიყვნეთ „ერთ ხორც და ერთ სულ“ და „ყოვლითა სიმშვიდითა და სულგრძელებითა თავს ვიდებდეთ ურთიერთარს სიყვარულითა, რამეთუ ერთ არს უფალი, ერთ არს სარწმუმოება, ერთ არს ნათლისღება“.

 

2️⃣. ეკლესიის წინაშე მწვავე გამოწვევად დგას სოციალური და დემოგრაფიული პრობლემების საკითხი.

 

ეკლესია არასოდეს ყოფილა მხოლოდ სულიერი ინსტიტუცია ვიწრო გაგებით, ის ყოველთვის ცხოვრობდა და მოქმედებდა კონკრეტულ სოციალურ სინამდვილეში. სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვა მხოლოს სინდისის დამამშვიდებელი ეთოსი კი არა, არამედ ხსნისთვის საჭირო საშუალებაა, ქრისტესთან ერთობის შეუცვლელი გზაა. უფალი პირდაპირ ბრძანებს თუ რა არის საჭირო ღმრთის სასუფევლის დასამკვიდრებლად: „მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯვენითა მას მისთა“ მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე; საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა“ (მათე 25:34-36). ამგვარად, შეუძლებელია ეკლესიამ არ იზრუნოს ღარიბებზე და გაჭირვებულებეზე და არ დაუთმოს მათ შესაბამისი ყურადღება, სხვა მხრივ ის ასცდება ყველაზე მთავარს, ზნეობისა და სულიერი ცხოვრების პრინციპებს. ჩვენ ქვეყანაში სიღარიბე, უსახლკარობა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ლუდომანია, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, უმთავრესი და სერიოზული პრობლემებია. ეკლესიამ ამ ჯგუფებთან მჭიდრო და უშუალო სიახლოვე უნდა შეინარჩუნოს. საჭიროა სისტემური, კოორდინირებული, ეროვნული მასშტაბის სოციალური პროგრამების შემუშავება. ეკლესიის ორგანიზაციული შესაძლებლობები – სამრევლოები ქვეყნის ყველა კუთხეში – სოციალური სამსახურისთვის სრულად უნდა გამოიყენოს. კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი, რასაც ეკლესია გვერდს ვერ აუვლის, ქვეყნის შიგნით არსებული დემოგრაფიულილ პრობლემებია. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა ემიგრაციისა და შობადობის კლების შედეგად. სოფლები იცლება, ახალი თაობა სამშობლოს ტოვებს, ქართული ოჯახი უფრო ნაკლებშვილიანი ხდება. ამ პრობლემების ერთ-ერთი მთავარი ბარიერი ეკონომიკური პრობლემა არ არის – ის ასევე კულტურული და ფასეულობრივი ცვლილებების ასახვაა, რაც პირდაპირი შედეგია ღმრთისადმი გაუცხოებისა. თანამედროვე სეკულარულ კულტურაში ინდივიდუალიზმი, კარიერა, ცრუ თავისუფლების იდეა ხშირად ოჯახსა და შვილების გაჩენას უპირისპირდება. ამიტომ გადაუდებელ საჭიროებად მიმაჩნია დემოგრაფიული კრიზისის მართვის ფონდის დააარსება. ფონდის ძირითადი მიზნები იქნება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ღირებულებების, შობადობის, მშობლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

 

3️⃣. ჩვენი ეკლესიის მმართველობის განვითარებისთვის – საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა და მის დანიშნულება.

 

   მოგეხსენებათ, რომ საკათალიკოსო საბჭო 1917 წელს საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე შეიქმნა, მაგრამ მას დიდხანს არ უარსებია, რადგან საბჭოთა ოკუპაციამ და ეკლესიის უპრეცედენტო დევნამ შეუძლებელი გახადა საბჭოს ფუნქციონირება. საკათალიკოსო საბჭოს აღდგენა, რომელიც დაკომპლექტდა 7 სასულიერო და 7 საერო პირისაგან, იქნება კომპეტენტური ორგანო, რომელიც კონსულტაციას გაუწევს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: სოციოლოგია, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიოეთიკა, კომუნიკაცია და ციფრული ტექნოლოგიები. ამის აუცილებლობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ თანამედროვე სამყაროში ეკლესია ეხება სფეროებს, სადაც სპეციალიზირებული ცოდნაა საჭირო, საკათალიკოსო საბჭოს წევრებს გამოირჩევს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი. საერთო ჩართვა საბჭოში უზრუნველყოფს უფრო მეტ კავშირს საზოგადოებასთან და აგრეთვე მეტ გამჭირვალობას. საბჭოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სტრატეგიული გადაწყვეტილებანი აუცილებლობის შემთხვევაში განსახილველად წარედგინება წმიდა სინოდს. საბჭო წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნებს სრულ ანგარიშს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს საბჭო, განთავსდება მის ვებ-გვერდზე.

ასევე აუცილებელია საქართველოს ეკლესიის მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების (1995წ) სრული გადახედვა. ეს აუცილებლობა გამომდინარეობს წარმოშობილი ახალი კანონიკური, სამოძღვრო და ადმინისტრაციული გამოწვევებიდან. არსებული დებულებების უმეტესობა ან აღარ აკმაყოფილებს ეკლესიის ცხოვრების რეალურ საჭიროებებს, ან არ წარმოადგენს მრავალ ბუნდოვანებებს, რომლებიც ქმნის განმარტებისა და პრაქტიკულ პრობლემებს. გარდა ამისა, თანამედროვე საეკლესიო რეალობა მოითხოვს სინოდალური ინსტიტუტების ფუნქციონირებას და ეკლესიის ორგანოების პასუხისმგებლობების დახვეწას და კანონიკური წესის უზრუნველყოფას. აქ მაგალითისთვის შესაძლოა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები აღინიშნოს:

1) ეპისკოპოსების როლის წმიდად კანონიკურ ჩარჩოებზე მორგებას (მათი უფლებამოსილებები და ვალდებულებები და ეპარქიაში სრული თვითმმართველობის ჩამოყალიბება)

2) მუდმივმოქმედი წმიდა სინოდის ჩამოყალიბება (როგორც ეს სხვა ეკლესიებში წარმატებით მუშაობს და რომელიც თვეში ერთხელ იკრიბება)

3) საეკლესიო სასამართლოების ჩამოყალიბება და ფუნციოინირება (აუცილებელია, როგორც საეპისკოპოსო, ასევე სინოდალური და სააპელაციო სასამართლოების ჩამოყალიბება, ეპისკოპოსებისა და სასულიერო პირების მიუკერძოებლად განსასჯელად და დასაცავად)

4) სამონასტრო და სამრევლო ცხოვრების უფრო მეტად ორგანიზება და ა.შ. ყველა ხვდება, რომ არსებული დებულება მრავალ საკითხს არათუ პასუხობს, არამედ მრავალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ქმნის გაყოფის საფრთხეს.

ამ მიზეზით, საჭიროა შეიქმნას დადასტურებულად კომპეტენტური კანონისტების, ისტორიკოსებისა და თეოლოგებისგან შემდგარი სპეციალური კომისია, რომელიც რამდენიმე თვის (თუ არა წლის) განმავლობაში სისტემურად შეიმუშავებს ახალ ან არსებითად გადახედულ მართვა-გამგეობის დებულებას, რომელიც დამყარებული იქნება მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა კანონებსა და სხვა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების პრაქტიკულ გამოცდილებაზე. ამავდროულად აუცილებელია, რომ მას წინ უძღოდეს ფართო კონსულტაციები იერარქიასა და თეოლოგიურ წრეებში, რათა საბოლოო ტექსტი გამოხატავდეს ნამდვილ საეკლესიო კონსესუსს და წარმოადგენდეს ეკლესიის მომავალი კურსის მყარ საფუძველს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ჰყავს იმდენად (აკადემიურიურად და საეკლესიოდ) კომპეტენტური კანონისტები, თეოლოგები და ისტორიკოსები, რომლებსაც ჩვენ წმინდა იერარქიასთან ერთობლივი მუშაობით შეუძლიათ შეიმუშაონ ნამდვილად ძლიერი მართვა-გამგეობის დებულება.

ნაწილი II

 

4️⃣. საეკლესიო სასამართლო

 

მაცხოვარი ბრძანებს: „ხოლო უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედი და ამხილე მას…. ხოლო უკეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი, ანუ ორი სხვაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყვაი …. უკეთუ მათიც არა იმისნოს, უთხარ კრებულს“ (მათე 18:15), ხოლო წმიდა პავლე მოციქული გვმოძღვრავს: „რა საქმე მაქვს გარეშეთა განკითხვასთან? თქვენიანები განიკითხეთ; ხოლო გარეშენი ღმერთმან განიკითხეს“ (1 კო. 14:33). წმინდა წერილის მოძღვრებანი ოქროს წესია და გვიჩვენებს სამეუფეო გზას საეკლესიო სამართლის წარმოებისა და მართლმსაჯულების აღმშენებლობისათვის. საეკლესიო მართლმსაჯულებითი ორგანო, რომელიც სამღვდელოთა თუ ეკლესიის წიაღში მყოფ საეროთა დოგმატურ და ზნეობრივ გადაცდომებს, პირველ რიგში უნდა ეფუძნებოდეს V-VI საეკლესიო კრების 88-ე კანონს“ „ყოველსავე შინა უფროის პატივ-იცემების კაცისა ცხოვნებაი და უვნებლად დაშთომაი“. საეკლესიო სასამართლო, რომლის აღდგენაც აუცილებელია საერო სასამართლოსგან განსხვავებით ვერ იქნება დამსჯელი, არამედ ისი სიმართლის გზიდან აცდენილთა განკურნებისა და აღზრდისთვის სიყვარულის გამოვლენაა. როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს: „საყვარელო ძმებო, მე მსურს, გირჩევთ და გარმუწნებთ, რომ თუკი ეს შესაძლებელია, არავინ ძმათაგან წარწყმდეს, რომ დედა ეკლესიამ სიხარულით მიიკრას მკერდზე, ერთი სხეული, ერთიანი, ერთსულოვანი, ერი თვისი“. აკრიბიითა და იკონომიით აღჭურვილი საეკლესიო სასამართლო მართებულად იწოდება „მადლისა და სიყვარულის“ სამართლად, რადგან მის მიზანსა და სულისკვეთებას წარმოადგენს რათა თითოეული ქრიტიანი – სა,მღვდლო თუ საერო „სრულქმნილ იყოს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად განმზადებული“ (2 ტიმ. 3:17).

 

5️⃣. ლიტურგიკული საკითხების რეგულირება

 

ლიტურგიკული ცხოვრება საეკლესიო არსებობის ბირთვია და სწორედ ამიტომ ღმრთისმსახურებაში ერთობასა და კანონიკურ წესრიგს უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, პრაქტიკაში წმიდა მსახურების შესრულებისას არსებობს განსხვავებები, შეუსაბამოებები, ან თვითნებობაც კი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა ეკლესიის წრეებში და შეცვალოს ლიტურგიული ტრადიცია, ამ საკითხების რეგულირების აუცილებლობა არ არის მიმართული მკაცრი ერთგვაროვნების დაწესებისკენ, არამედ ტრადიციის ფარგლებში ერთობის უზრუნველყოფაზე. ამ მიზნით, მიზანშეწონილად ითვლება სპეციალური კომისიის შექმნა, რომელიც შემდგარი იქნება ლიტურგისტების, თეოლოგების, კანონისტების, ისტორიკოსების და ეკლესიის გამოცდილი მღვდელმსახურებისგან, რომელიც შეისწავლის არსებულ პრობლემებს და შეადგენს ერთგვარ „ლიტურგიკულ კოდექსს“, რომელიც აღნიშნული იქნება ახალ მართვა-გამგეობის დებულებაში და სინოდალურად დამტკიცებული. თავად მართვა-გამგეობის დებულება ვერ მოიცავს ლიტურგიკული შინაარსის დადგენილებებს, თუმცა მასში რამდენიმე მუხლით გაკეთდება მითითება ახალ „ლიტურგიკულ კოდექსზე“, რომელშიც დეტალურად იქნება დაწერილი ყველა ის საკითხი, რომელიც ერთფეროვნებას საჭიროებს. ამ კოდექსში უნდა იყოს შეტანილი ის ძირითადი დებულებები, რომლებიც არეგულირებენ ასევე ტიპიკონური შენიშვნის საკითხებს, ამ კოდექსის დებულებები უნდა ეხებოდეს კათოლიკოს-პატრიარქისა და მღვდელმთავრების აღსაყდრების, დაკრძალვას და სხვა მნიშვნელოვან წეს-განგებებს. სხვა ადგილობრივი ეკლესიების გარდა შესაძლებელია გათვალისწინებულ იყოს ასევე საბერძნეთის ეკლესიის მაგალითი, რომელსაც ათასგვერდიანზე მეტი „საეკლესიო პროტოკოლის კოდექსი“ გააჩნია, სადაც ზედმიწევნით არის გაწერილი ყველა ეს დებულება.

ამგვარი კოდექსის შექმნა უნდა ეფუძნებოდეს დიდი სჯულის კანონსა და ლიტურგიკულ ტრადიციებს, ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით და თან უნდა ახლდეს სასულიერო პირებზე შესაბამისი ინფორმაცია და მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი სწორი და ერთგვაროვანი განხორციელება. საქართველოს ეკლესიას მრავალსაუკუნოვანი ლიტურგიკული ტრადიცია გააჩნია, რომელსაც დადგენილებების მხრივ შეუძლია სრულყოფილად უპასუხოს მოთხოვნას.

 

6️⃣. საეპიკოპოსო მსახურება, როგორც უმაღლესი იერარქიული მსახურება, რომელიც უფალმა დაადგინა ეკლესიაში.

 

როგორც წმინდა ბასილი დიდი გვმოძღვრავს: „მღვდელმოძღვარი სახე არს ჩვენთვის ჯვარცმული და ვნებული უფლისა“, წმიდა პავლე მოციქული კი ბრძანებს: „უკეთუ ვისმე ეპისკოპოსობა უნდეს, კეთილსა საქმეს გული ეტყვის. ჯერ არს ეპისკოპოსისაი, რაითა უბრლო იყოს…. ფრთხილ, წმიდა, შემკულ, სტუმართმოყვარე, სწავლულ, არა მეღვინე, არა ანგარ, არა საძაგლისშემძინელ, არამედ მყოდრო, ულალველ, ვეცხლისუყვარულ…. ნუ ახალნერგ, რაითა არა განლაღნეს და სასჯელსა და შევარდეს ეშმაკისასა, არამედ ჯერ არს მისა, რაითა წამებაიცა აქუნდეს გარეშეთაგან, რაითა არა შევარდეს საბრხესა ეშმაკისასა“

(2 ტიმ: 3:1-4).

წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილის სწავლებისამებრ: „ეპისკოპოსი ერთობაშია თავის სამწყსოსთან ისევე, როგორც ქრისტე მამასთან და ქრისტე ეკლესიასთან. სადაც არის ეპისკოპოსი, იქ არის ეკლესია“.

ეს არის საიდუმლო ეპისკოპოსის ერთობისა თავის ეკლესიასთან, თავის სამწყსოსთან.

 

7️⃣. საეპისკოპოსო კანდიდატთა განმხილველი კომისია

 

 რომლის დანიშნულება იქნება შეამოწმოს კანდიდატთა კომპეტენცია და დასკვნის სახით წარუდგინოს წმიდა სინოდს. ეს საშუალებას მისცემს წმიდა სინოდის წევრებს უკეთ გაიცნონ კანდიდატი და მეტად თავისუფალნი იყვნენ საკუთარ არჩევანში. მნიშვნელოვანია სასულიერო პირთა განათლების საკითხი, რომელიც გამოწვევად რჩება საქართველოს ეკლესიაში. დედა ეკლესიამ თავისი საუკეთესო და ყველაზე გამოცდილი მასწავლებლების – წმიდა მამათა პირით დააწესა სასულიერო პირთათვის გამოცდილების შეძენა არა მხოლოდ კეთილმოწრმუნეობისა და ღმრთისმოსაობაში, არამედ ასევე განსწავლულობაშიც, წიგნიერ სიბრძნეში. არ არსებობს უფრო მეტი სიცრუე და ცილისწამება თქმული მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით, თუ არა მისი გაიგივება ობსკურანტიზმსა და გნოსიმახიასთან. სინამდვილეში ეკლესია მუდამ მოშურნეობით იღვწოდა სისტემური განთლების მოწყობის საკითხის მოგვარებისთვის, მაგრამ თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ინტერნეტ სივრცე ყველაფერს ხელმისაწვდომს ხდის, ქრისტიანობის კრიტიკიდან ფსევდო-სულიერ მოძრაობებამდე, როდესაც ხელოვნული ინტელექტის სისტემები „სულიერი მხარდაჭერის“ ილუზიას სთავაზობენ საზოგადოებას – თანამედროვე რეალობა დაჟინებით მოითხოვს სასულიერო პირის მომზადებას მაქსიმალურად ფართო, გონებრივი მსოფლმხედველობითა და სოციალური უნარით. ახლა როდესაც ეკლესიის მტრები მობილიზებას უწევენ თავის ყველა ძალას, მის წინააღმდეგ საბრძოლველად, განათლებული საერო პირთა ყოლა, რომლებიც გამოწრთობილნი არიან ინტელქტუალურად და მუდამ მზად არიან პასუხი გასცენ მრევლში არსებულ ახალ გამოწვევებს -უაღრესად დროულია.

თანამედროვე პირობებში, სადაც გამოწვევები რთული და მრავალფეროვანია, მარტივი საბაზისო განათლება საკმარისი არ არის, რადგან საქმე ეხება ადამიანის ცხონებას და მის კეთილდღეობას. სამოძღვრო ცხოვრებისათვის პრაქტიკულ მომზადებასთან ერთად საჭიროა სისტემური საუნივერსიტეტო უმაღლესი თეოლოგიური მომზადება. „სასულიერო პირთა კანდიდატების ცენტრის“ შექმნა შეიძლება იყოს ამ მიმართულებით მთავარი ინსტიტუტი, რომელიც შესთავაზებს კანდიდატებს ორგანიზებულ მეგზურს მთელი პროცესის განმავლობაში. პრაქტიკული ცოდნა მონასტრებსა და სამრევლოებში და თეორიული ცოდნა უნივერსიტეტებში. ასეთი ცენტრი ხელს შეუწყობს შესაფერისი კანდიდატების შერჩევას, ნაჩქარევ ხელდასხმის თავიდან აცილებას და საეკლესიო ცნობიერების უკეთ ჩამოყალიბებას. ამავდროულად, საზღვარგარეთ ავტორიტეტულ სასწავლებლებთან თანამშრომლობა და სტიპენდიებით წახალისება გააძლიერებს სასულიერო პირთა თეოლოგირ კომპეტენციას და საშუალებას მისცემს ეკლესიას სერიოზულად უპასუხოს თანამედროვე მოთხოვნებს. ამგვარ ცენტრს ექნება საბიუჯეტო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დაფინანსებას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რათა მაქსიმალურად კომპეტენტური ცოდნა მიიღონ და პირნათლად ემსახურონ დედა ეკლესიას.

 

8️⃣. სასულიერო პირებისთვის ღირსეული ანაზღაურებისა და ადეკვატური დაზღვევის უზრუნველყოფა

 

ეკლესიის გამართული ფუნქციონირების წინაპირობაა. ბევრ შემთხვევაში, განსაკუთთრებით სოფლებსა და ეკონომიკურად სუსტ რეგიონებში სასულიერო პირები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში (განსაკუთრებით მაშინ თუ მათ მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ, რაც ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობისთვის), რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ მატ პირად ცხოვრებაზე, არამედ მათი სამოძღვრო მსახურების ხარისხზეც. ორგანიზებული და სამართლიანი ხელფასების სისტემის არარსებობა ქმნის უთანასწორობასა და ზოგჯერ უსამართლო პრაქტიკის ფენომენებს. ამავდროულად, დაზღვევის (ჯანმრთელობის, საპენსიო) არარსებობა სასულიერო პირებს დაუცველს ხდის, განსაკუთრებით ავადმყოფობის ან სიბერის შემთხვევაში. ამ საკითხების მოსაგვარებლად აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერის ერთიანი, გამჭირვალე და მდგრადი სისტემის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს სასულიერო პირების რეალურ საჭიროებებს და ეკლესიის შესაძლებლობებს. ცენტრალური ფონდის შექმნა, ეკლესიის ქონების რაციონალური გამოყენება და შესაძლებლობების შემთხვევაში, სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

აქ აუცილებელია ის, რომ ამგვარი ფონდი სრულად კონტროლირდებოდეს ეკლესიის მიერ და მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი სახელმწიფო თუ სხვა ჩარევისგან, რომელსაც შეეძლება გავლენა მოახდინოს ეკლესიის პოზიციებზე. საქართველოს ეკლესიას დღეს დაახლოებით 2500-3000 სასულიერო პირი ჰყავს (მონაზვნების გამოკლებით), რომელთა ხელფასით უზრუნველყოფა არ უნდა წარმოადგენდეს ეკლესიისთვის დიდ გამოწვევას. მაგალითად, თუ თვიური ხელფასი განისაზღვრება სულ მცირე 1000 ლარის ოდენობით, წლიურად ეკლესიას ეს 36 მილიონი ლარი დაუჯდება. ამას უნდა დაემატოს მონასტრების დაფინანსება, რომელთათვისაც თვეში შესაძლებელია სულზე საშუალო 500 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯამში 300 მონასტერი იქნება საქართველოში და თითო მონასტერში საშუალო 8 მონაზონი ცხოვრობს, წლიურად მაქსიმუმ 15 მილიონი ლარი დაჯდება. ასევე კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობით სასულიერო პირებისა და მონაზვნებისთვის შესაძლებელი იქნება ღირსეული დაზღვევის უზრუნველყოფა.

 

9️⃣. აქტიური მსახურებიდან პენსიაზე გასულ სასულიერო პირზე ზრუნვა

 

 საეკლესიო პასუხისმგებლობისა და მათი წვლილის აღიარების აუცილებელი გამოხატულებაა. ამჟამინდელ ვითარებაში, ყოველთვის არ არსებობს სტაბილური და ორგანიზებული მხარდაჭერის ჩარჩო იმ სასულიერო პირებისთვის, რომლებიც ტოვებენ სამღვდლო მოვალეობებს და შედეგად უწყდებათ ხელფასის მიღებაც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური დაუცველობა და გაჭირვება. ამ მიზეზით, აუცილებელად ითვლება სპეციალური საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ამ სასულიერო პირების ღირსეულ ცხოვრებას, ეკლესიაში მათი ხანგრძლივი და ღირებული მსახურების აღიარებით.

თუმცა, ამ რეგულაციას თან უნდა ახლდეს მკაფიო კრიტერიუმები და პირობები. ის არ ეხება განკვეთის ან საეკლესიო სასჯელების, მაგალითად, მღვდელმოქმედების აკრძალვის შემთხვევებს, სადაც სასულიერო პირთა სტატუსი რეგულირდება კანონიკური სამართლით. მიუხედავად ამისა, წმინდა სინოდს ექნება შესაძლებლობა განიხილოს თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად და თუ სამოძღვრო თვალსაზრისით მიზანშეწონილად ჩათვლის, მიანიჭოს პენსია განსაკუთრებულ შემთხვევაშიც კი. პენსია უნდა იყოს უვადო, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობას და ღირსებას პენსიაზე გასული სასულიერო პირების ცხოვრებაში. გარდა ამისა, დაქორწინებული სასულიერო პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მიზანშეწონილია უზრუნველყოფილი იყოს მისი მეუღლისთვის ამ პენსიის გაგრძელება, იმ პირობით, რომ ის ცოცხალია, როგორც პატივისცემისა და საეკლესიო ცხოვრებაში მათი საერთო მსხვერპლის აღიარების ნიშანი.

ასეთი ფონდის შექმნა არ არის მხოლოდ სოციალური კეთილდღეობის ღონისძიება, არამედ სწორი ეკლესიური ცნობიერების თანმიმდევრულობის აქტია, რადგან ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ეკლესია არ ტოვებს სასულიერო პირებს მათი აქტიური მსახურების დასრულების შემდეგაც კი. ფონდის წარმატებული ფუნქციონირება მოითხოვს ფრთხილ ფინანსურ დაგეგმვას, სტაბილური რესურსების მოძიებას და გამჭირვალე მართვას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მდგრადობა და პენსიების სამართლიანი განაწილება.

თუ მაგალითად საშუალო პენსიად განისაზღვრება კვლავ 1000 ლარი, საქართველოს ეკლესიას ჯამში 200-ზე მეტი პენსიონერი სასულიერო პირი არ ეყოლება, შესაბამისად მათი წლიური 2 მილიონინახევარი ლარი იქნება. სასულიერო პირების ხლფასითა და პენსიით უზრუნველყოფა საქართველოს ეკლესიას წელიწადში საშუალოდ 54 მილიონი ლარი დაუჯდება.

ნაწილი III

 

🔟. კატეხიზაციის პრობლემა ჩვენს ეკლესიაში. 

 

საქართველო ტრადიციულად იყო ჭეშმარიტების მატარებელი ერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იცავდა ქრისტეს მოძრრებას და სწორედ ეს იყო მისი, როგორც ერის უმთავრესი ფუნქცია და მისია. ეს ფუნქცია საქართველოს არ წართმევია, იგი დღესაც მოვალეა აღასრულოს ეს მისია, მაბგრამ ამ ვალდებულების პირნათლად შესასრულებლად აუცილებელია, რომ ერს მტკიცედ ეპყრას სწავლება და მოძღვრება ქრისტიანობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 83%-ზე მეტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, ერის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რა გვწამს ქრისტიანებს, რისკენ მოგვიწოდებს ქრიტიანობა, თუ რომელია ქრისტეს მცნებები, რომ ქრისტიანობა ცხოვრების წესს გულისხმობს და არა მხოლოდ ნათლიღებას, ხოლო ეკლელსიორუბა არ დაიყვანება ტაძარში სანთლის დანთებამდე და ა.შ. ამ ფონზე ჩვენ არ გაგვაჩნია კარგად შემუშავებული, ეფექტური და შესაბამისი კატეხიტური პროგრამა. კატეხიზაცია ამჟამად ძირიტადად ცალკეული ეპარქიების, მღვდლებისა და სამრევლოების ინიციატივით ხორციელდება. ამიტო პირველი და ფუნდამეტური ნაბიჯი იქნება ერთიანი, ეროვნული დონის, კატეხიტური სტრატეგიის შემუშავება საქართველოს საპატრიარქო დონის, კატეხიტური სტრატეგიის შემუშავება საქართველოს საპატრიარქო დონეზე. ეს სტრატეგია უნდა მოიცავდეს ერთიან კურიკულუმს ცალკეული ეპარქიებისთვის, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, ასევე უნდა მოიცავდეს სტანდარტულ სახელმძღვანელოებს, ციფრული კატეხიზაციას – ონლაინ კურსები, ვიდეო გაკვეთილები, მობილულრი აპლიკაციები. კატეხეტების მომზადების სისტემას და სამრევლო დონეზე კატეხიტური სამუშაოს შეფასების მექანიზმებს. ერტიანი კატეხიტური პროგრამა უნდა ამტკიცებდებს და კოორდინაციას უწევდეს ცალკეული ეპარქიების კატეხიტურ პრაქტიკას.

 

1️⃣1️⃣. კატეხიზაცია-ეს არის რა ადამიანის გაეკლესიურობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი მჭიდრო კავშირში მისია-ევანგელიზაციის საკითხთან მიმართებაში;

 

ეკლესია სამოციქულოდ იწოდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ერთგულია სამოციქულო გარდამოცემისა და იგი „აშენებულ არს საფუძველსა ზედა მოციქულთასა“ (ეფეს. 2:20), არამედ იმიტომაც რომ ეკლესიის მეშვეობით ქადაგება მოციქულთა დღემდე გრძელდება და გაგრძელდება ვიდრე აღსასრულამდე ქვეყნისა. მისია-ევანგელიზაციის მეშვეობით ხორცს ისხამს სახარებისეული სიტყვები: „ ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (იოან. 1:5). ნათელი ქრისტეს ეკლესიისა ბრწყინავს ამა სოფლის ბნელში, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ შეიმეცნა მაცხოვნებელი მადლი ღმრთისა. მისიონერული ღვაწლი ეკლესიას თვით უფალმა განუსაზღვრა: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისადა და ძისაცა და სულისა წმიდისათა და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ“ (მათე 28:19-20). ამიტომაც წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: „ვაი მე უკეთუ არა ვახარებდე“(1 კორ. 1:16). ჩვენს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, სულიერი და კულტურული ცვლილებები გვაყენებს გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე, რათა მომზადდეს მისიონერული კონცეფცია მისია-ევანგელიზაციის განვითარებისთვის, რომელიც გათვლილი იქნება უახლესი ისტორიის პერიოდისთვის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ვდგავართ ერის „რე-ევანგელიზაციის“ საჭიროების წინაშე. ამ მოვლენიდან გამომდინარე მისიონერული საქმიანობის მთავარი ამოცანაა, რომ ერის უმრავლესობას, ვისაც მიემართება ქადაგება, მართლმადიდებლობაში ფესვგადგმული კულტურა გააჩნია და ამასთანავე ეკლესიის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ინარჩუნებს. 

 

ამავდროულად თანამედროვე სეკულარული კულტურა სულ უფრო ორიენტირდება„ნეოწარმართობისკენ“,

ხოლო მართლმადიდებლობასთან გენეტიკურად დაკავშირებული, კულტურული ღირებულებების ათვისება მცირდება. ამასთანავე, საქართველოს ეკლესიის საქმიანობა, ამჟამად ხორციელდება არატრადიციული მსოფლმხედველობრივი და სარწმუნოებრივი სისტემების ფართომასშტაბიანი ექსპანსიის და ადამიანთა ღირებულებების პრიორიტეტებზე მათი ზემოქმედების პირობებში. ამიტომ საქართველო ეკლესიის მისიონერული საქმიანობა პირველ რიგში უნდა გულისხმობდეს შიდა მისიას, ანუ მუშაობას ეკლესიის წიაღში იმ ადამიანების დასაბრუნებლად, ვინც მოწყდა მამათა სარწმუნოებას და განსაკუთრებით კი ეკლესიის იმ შვილებისა, ვინც დამანგრეველი კულტებისა და ტოტალიტარული სექტების გავლენის ქვეშ მოექცა. აღნიშნული მისიონერული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საჭიროა, რომ სასულიერო სასწავლებლებში მისიოლოგია სრულფასოვან დისციპლინად ჩამოყალიბდეს. მომავალმა სასულიერო პირებმა უნდა შეისწავლონ ევანგელიზაციის ღმრთისმეტყველება, და სამისიო ისტორია, ასევე აღმზრდელობითი, აპოლოგეტური, სოციალური და საინფორმაციო მისიის საფუძვლები. საპატრიარქოსთან არსებულმა მისია-ევანგელიზაციის ცენტრმა ორგანიზება და მხარდაჭერა უნდა გაუწიოს მისიონერულ საქმიანობას ეპარქიების დონეზე. ცალკეული ეპარქიებისთვის უნდა განისაზღვროს მისიის მიმართულებები, მიზნები და ამოცანები. უნდა მოხდეს სასულიერო პირთა მისიონერული კვალიფიკაციის ამაღლება. შეიქმნას საკოორდინაციო ცენტრი მისია-ევანგელიზაციის მეთოდური რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების შემუშავებისთვის, ადგილობრივი კულტურული ეთნოკონფესიური თავისებურებების გათვალისწინებით, საეპარქიო მისიონერული გამოცდილების განზოგადების მიზნით. შემუშავებულ იქნას მრევლისათვის განკუთვნილი სამისიო სწავლების პროგრამები, კურსები, სემინარები და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ახალგაზრდობის როლს მისია-ევანგელიზაციის საკითხში. მოკლედ რომ ვთქვათ: „სამკალი ფრიად არს… ევედრნეთ უფალსა სამკალისასა, რაითა გამოავლინეს მოქმედნი სამკალსა თვისსა“ (მათე 9:36-38).

 

1️⃣2️⃣. საქართველოს სამოციქულო ეკლესია გამოწვევები საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.

 

2018-2019 წლების უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის ეკლესიას შორის ურთიერთობა იმდენად გაამწვავა, რომ საქმე ევქარისტიული კავშირის გაწყვეტამდე მივიდა. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი და ჩვენი პოლიტიკური სინამდვილე კი ამ კრიზისზე ადეკვატურ და შესაბამის პასუხს კიდევ უფრო ართულებს. აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტმა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა საქართველოს ეკლესია. აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ისტორიულად ყოველთვის წარმოადგენდნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ სივრცეს – საქართველოს ეკლესია ვერ ახორციელებს იურისდიქციას. მაინც გრძელდება ასიმილაციის პოლიტიკა – ქართული ენის, ქართული კულტურის, ქართული საეკლესიო ტრადიციის მარგინალიზებითა და აკრძალვით. ოფიციალური ყოვლისმომცველი დოკუმენტის შემუშავება ოკუპირებულ ეპარქიათა კანონიკური სტატუსის შესახებ – არის პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას. კონცეფცია ოკუპირებული ეპარქიების შესახებ მოიცავს:

1) ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ ისტორიას.

2) კანონიკური სამართლის საფუძველზე ოკუპაციის მიუხედავად კანონიკური სტატუსის შეუცვლელობის არგუმენტაციას.

3) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ხელისშემშლელი ფაქტორები, რის გამოც ვერ ხორციელდება საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქცია.

4) ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ეკლესია-მონასტრების აღწერა და მათი მდგომარეობის შეფასება ოკუპაციამდე და მის შემდეგ. 5) აფხაზეთის ტერიტორიაზე სქიზმური „ეკლესიური“ სტრუქტურების და მათი რაობის განმარტებას კანონიკური სამართლის საფუძველზე. ეს დოკუმენტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ბერძნულ ენაზე უნდა ითარგმნოს და გადაეცეს სხვა მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიებს. საქართველოს საპატრიარქოში უნდა დაარსდეს „ოკუპირებულ ეპარქიათა კომისია“ – რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან: ეპისკოპოსები ოკუპირებული ეპარქიებიდან; კანონიკური სამართლის სპეციალისტები; ისტორიკოსები; საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები; კომისია მოამზადებს განახლებულ ანგარიშს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეპარქიების შესახებ; წარადგენს ახალ სტრატეგიულ ინიციატივებს; გამოიყენებს ყველა საერთაშორისო ვიზიტსა და ფორუმს, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის ფართოდ გავრცელება. შეიქმნას ცხუმ-აფხაზეთისა და ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიების ციფრული ბაზა, სადაც თავი მოეყრება ამ ეპარქიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ძველი ქართული ეკლესია-მონასტრების ისტორიას, ფოტო და ვიდეო მასალას, ეს ბაზა ერთდროულად იქნება ისტორიული სამახსოვრო, სამართლებრივი მტკიცებულება და საერთაშორისო ადვოკაციის ინსტრუმენტი. ზემოთ აღნიშნული საკითხები მხოლოდ ეკლესიის მცდელობით ვერ შეიზღუდება – ამას ეკლესიისა და სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობა სჭირდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი ყურადღება ესაჭიროება დავით გარეჯისა და ასევე თურქეთის ტერიტორიაზე, ტაო-კლარჯეთში მდებარე ეკლესია-მონასტრების დაცვისა და განახლების საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხები არ განიხილებოდეს მხოლოდ საკუთრების ან ტერიტორიის პრიზმიდან. ამ მთელ დისკუსიაში ქართულ ენაზე ღმრთისმსახურების საკითხს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ქართულ ენაზე ღმრთისმსახურების აღდგენა ეს არის ათასწლოვანი სულიერი ტრადიციის, ლიტურგიკული მემკვიდრეობის და ქართული სულის ცოცხალი გამოხატულება.

საქართველოს ეკლესიის სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთიერთობების განმტკიცება თანამედროვე მართლმადიდებლურ გარემოში ეკლესიური ერთობის უზრუნველყოფისა და კანონიკური ბალანსის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ეს არის ელემენტი, რომელიც პირდაპირ უზრუნველყოფს ეკლესიის კანონიკურობას, რადგან ვერცერთი ეკლესია ვერ იარსებებს სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ევქარისტიული და კანონიკური კავშირის გარეშე. იმ პერიოდში, როდესაც ეკლესიებს შორის დაძაბულობა და უთანხმოება შეინიშნება, აქტიური ყოფნა და კომუნიკაციის არხების განვითარება აბსოლუტურად აუცილებელი ხდება. იზოლაციამ ან მართლმადიდებლურ პროცესებში შეზღუდულმა მონაწილეობამ შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობები ან თუნდაც მარგინალიზაცია. პირიქით, რეგულარული ვიზიტები, დელეგაციების გაცვლა, თეოლოგიურ დიალოგებში მონაწილეობა და სხვა ეკლესიების სხვადასხვა ღონისძიებებზე მიწვევა აძლიერებს ურთიერთგაგებას და სინოდალურობას საერთო მართლმადიდებლურ დონეზე. ამ მიმართულებით აუცილებელია საგარეო საეკლესიო ურთიერთობების კონკრეტული სტრატეგიის შემუშავება, მკაფიო პრიორიტეტებითა და მისი განხორციელების თანმიმდევრულობით, რათა საქართველოს ეკლესიამ აქტიური და პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს მართლმადიდებლურ სამყაროში.გარდა საერთო მართლმადიდებლური ურთიერთობებისა, აუცილებელია ასევე საქართველოს ეკლესია წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა გლობალური ფორუმებსა და ორგანიზაციებში, რათა ისმოდეს მისი ხმა. ამისთვის შესაძლებელია სხვა ეკლესიების მაგალითები იქნეს გათვალისწინებული (მაგ: მსოფლიო საპატრიარქოსი, საბერძნეთის, რუმინეთის და სხვა ეკლესიების), რომლებსაც მუდმივი წარმომადგენელი ჰყავთ გაეროში, ევროკავშირში თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამ გზით საქართველო ეკლესია არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებაზე, არამედ შეძლებს დამოუკიდებლად გააგონოს ცივილურ საზოგადოებას თავისი ხმა და გააცნოს ის გამოწვევები, რომლის გადაჭრაშიც შესაძლოა საერთაშორისო საზოგადოებამ წვლილის შეტანა შეძლოს. ასევე აუცილებელია ადგილობრივ დონეზე ინტერ-რელიგიური ურთიერთობების განმტკიცება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებსა და მორწმუნეებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და თავიდან აცილებული იქნება ექსტრემიზმი, რომელმაც შესაძლოა თავი იჩინოს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ რეგიონებს, სადაც არაქრისტიანული მოსახლეობა არის წარმოდგენილი.

ნაწილი IV

 

1️⃣3️⃣. საქართველოს ეკლესიაში ორგანიზებული იურიდიული სამსახურის შექმნა. 

   ამჟამად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალთან დაკავშირებული საქმეებში სასულიერო პირების ჩართულობის გათვალისწინებით. თანამედროვე რეალობაში, სასულიერო პირების საკუთრების უფლებებთან, შრომით ურთიერთობებთან, ადმინისტრაციულ აქტებთან ან თუნდაც პირად საქმეებთან დაკავშირებული საკითხები ხშირად სამოქალაქო სასამართლოებში წყდება, სათანადო და სპეციალიზებული საეკლესიო სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე. ეს ქმნის რისკებს როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ეკლესიის პრესტიჟისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეები განიხილება ერთიანი სტრატეგიით და კონკრეტული საეკლესიო კონტექსტის ცოდნით. ცენტრალური იურიდიული სამსახურის შექმნა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება გამოცდილი იურისტებით, რომლებსაც აქვთ როგორც სახელმწიფო, ასევე საეკლესიო სამართლის ცოდნა, უზრუნველყოფს ამ საქმეების დროულ და სათანადო წარმოებას. ამასთანავე, ეს სამსახური, შეძლებს სასულიერო პირებისა და საეკლესიო ხელისუფლებისათვის პრევენციული ხასიათის საკონსულტაციო მხარდაჭერის გაწევას, რაც ხელს შეუწყობს სამართლებრივი ჩახლართულობის თავიდან აცილებას და ეკლესიის ინტერესების დაცვას სამართლებრივი წესრიგის ფარგლებში.

 

1️⃣4️⃣. სოციალური მსახურების განვითარებისთვის საქველმოქმედო ფონდის შექმნა და სისტემატური მხარდაჭერა, როგორც ცენტრალური საეკლესიო დონეზე, ასევე ეპარქიების დონეზე, რაც საეკლესიო სამოძღვრო და სოციალური მსახურების არსებითი გამოხატულებაა.

ეპოქაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფინანსურ სირთულეებს აწყდება, ორგანიზებული საქველმოქმედო საქმიანობა არ შეიძლება შემოიფარგლოს ფრაგმენტული ინიციატივებით. საქველმოქმედო ფონდის შექმნა საშუალებას მისცემს რესურსების უკეთეს კოორდინაციას, მართვის გამჭვირვალობას და მიზნობრივ მხარდაჭერას ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა უფასო სასადილოები, ძირითადი პროდუქტების მიწოდება და დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა. ამავდროულად, ასეთი სტრუქტურების ფუნქციონირება აძლიერებს ეკლესიის სოციალურ სახეს და თვალსაჩინოს ხდის სიყვარულისა და სოლიდარობის მოწმობას. ფონდის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭიროა მკაფიო მართვის წესების დადგენა, სამრევლოების აქტიური მონაწილეობა და შემოწირულობების გამოყენება ყოველთვის გამჭვირვალობისა ანგარიშვალდებულების პრინციპით.

 

1️⃣5️⃣საზღვარგარეთ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ეპარქიები და სამრევლოები;

 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოდან ემიგრაციამ მასობრივი ხასიათი მიიღო. ეკონომიკურმა სიძნელეებმა, პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და უკეთესი ცხოვრების ძიებამ ასობით ათასი ქართველი გაიყვანა ევროპაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში… ჩვენი თანამემამულეები სამშობლოდან შორს, უცხო კულტურულ გარემოში, ხშირად ენობრივი ბარიერის პირობებში ცხოვრობენ. მათთვის ქართული ეკლესია სამშობლოსთან ცოცხალი კავშირის და კულტურული იდენტობის უმნიშვნელოვანესი წყაროა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესდღეობით 7 ეპარქიასა და ათობით სამრევლოს ფლობს საზღვარგარეთ. ამ ვითარებაში, როცა შეუძლებელია ქართველი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება, ქართული ეპარქიები საზღვარგარეთ, წარმოადგენენ ერთგვარი სულიერების ცენტრს, სადაც ქართველებს მშობლიური ენის, ეროვნული ტრადიციებისა და სამშობლოს სიყვარულის შენარჩუნება შეუძლიათ. თუმცა საზღვარგარეთ არსებულ ეპარქიებს მძიმე გამოწვევები აქვთ – ფინანსური, კადრების, ორგანიზაციული და სხვა. ამ პრობლემების გადაჭრა არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული ამოცანა, ეს საქართველოს ეკლესიის სულიერი პასუხისმგებლობაა ათასობით ქართველი ადამიანის წინაშე. საზღვარგარეთ მყოფი ქართული სამრევლოების ყველაზე დიდი გამოწვევა, სასულიერო პირების სიმცირეა. ეს სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა დასავლეთ ევროპაში, სადაც ქართველი ემიგრანტების რაოდენობა მაღალია. ფინანსური მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში მძიმეა. ეკლესიის შენობის ქირა, კომუნალური გადასახადები, სასულიერო პირების შენახვა – ეს ხარჯები ძალიან დიდია. ქართული სამრევლოების უმეტესობა ამ ხარჯებს მრევლის შემოწირულობით ფარავს, მაგრამ ემიგრაციაში მყოფი ქართველები თავადაც ეკონომიკური სიძნელეების წინაშე დგანან. საზღვარგარეთ მყოფი ეპარქიები და სამრევლოები ხშირად სუსტი კომუნიკაციის პირობებში მუშაობენ – როგორც ერთმანეთთან, ასევე საქართველოს საპატრიარქოსთან. ადმინისტრაციული პროცედურები, კანონიკური საკითხების გადაწყვეტა, სასულიერო პირთა გაგზავნა ან გამოწვევა – ყველა ეს პროცესი ნელა და ხარვეზებით მიმდინარეობს. მძიმე გამოწვევაა ემიგრანტების შვილების – მეორე თაობის ქართველების – სულიერი და კულტურული კავშირი ეკლესიასთან. საზღვარგარეთ ქართული ეპარქიებისა და სამრევლოების პრობლემები სერიოზულია, მაგრამ მოგვარებადი, თუ ეკლესია მათ სისტემურად და შემოქმედებითად მიუდგება. დიასპორის მხარდაჭერის სპეციალური ფონდის შექმნა საშუალებას მისცემს რესურსების ორგანიზებულად. შეგროვებას და განაწილებას, ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებისა და საზღვარგარეთ საეკლესიო მყოფობის გაძლიერების მიზნით. ასეთ ფონდს შეუძლია იფუნქციონიროს, როგორც სტრატეგიული დაგეგმვის ინსტრუმენტი დააფინანსოს არა მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებები, არამედ გრძელვადიანი ინვესტიციებიც, როგორიცაა კერძო საკუთრებაში არსებული ეკლესიებისა და საზოგადოებრივი ცენტრების შეძენა. ამავდროულად, ამ ფონდის ფორმირებისა და ფუნქციონირებისას უნდა იქნას გათვალისწინებული გარკვეული კრიტიკული პარამეტრები. პირველ რიგში, სამძღვრო მზრუნველობის ადაპტაცია მასპინძელი ქვეყნების სპეციფიკურ პირობებთან. მეორე, სამართლებრივი და ადმინისტრაციული შესაბამისობა ამ სახელმწიფო ინსტიტუტებთან. სადაც სამრევლოები ფუნქციონირებენ, განსაკუთრებით ქონების, გადასახადებისა და რელიგიური ორგანიზაციების ფუნქციონირების საკითხებში და სხვა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თავად დიასპორის მორწმუნეების მონაწილეობის გაძლიერება, არა მხოლოდ დახმარების მისაღებად, არამედ აქტიური და ცოცხალი სათვისტომოების ჩამოსაყალიბებლად. და ბოლოს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დიასპორის წევრების საეკლესიო და კულტურული იდენტობის შენარჩუნებას ღვთისმსახურების, კატეხიზმოსა და საზოგადოებრივი სტრუქტურების შექმნის გზით. საქართველოს ეკლესია მოწოდებულია შეიმუშაოს დაბალანსებული სტრატეგია, რომელიც გააერთიანებს დედა ეკლესიასთან ერთობისა და ადგილობრივ საეკლესიო და სოციალურ კონტექსტში არსებით ინტეგრაციას, რითაც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საეკლესიო ცხოვრების სიცოცხლისუნარიანობას. ამავე კონტექსტში უნდა გაგრძელდეს მასპინძელ ქვეყანაში ქართული სამრევლოებისა და ეპარქიების მჭიდრო კავშირი სხვა ადგილობრივი ეკლესიების სამრევლოებთან და ეპარქიებთან.

 

1️⃣6️⃣. საეკლესიო ქონების სისტემატური და სრული აღრიცხვა

ეკლესიის მატერიალური რესურსების სათანადო ადმინისტრირებისა და დაცვის ფუნდამენტური წინაპირობაა. დღეს, ხშირი შემთხვევაა, ქონება (უძრავი ქონება, ეკლესიები, მიწები, რელიკვიები) ან არასაკმარისად არის აღრიცხული ან ერთიანი ზედამხედველობის გარეშე მიმოფანტულია. ეს ქმნის სერიოზულ რისკებს, როგორიცაა მათი დაკარგვა, გამოყენების შეუძლებლობა ან თუნდაც მესამე მხარის მიერ სამართლებრივი პრეტენზიები. პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ეკლესიის ქონების ცენტრალური ციფრული რეესტრის შექმნა, რომელშიც ზუსტად იქნება აღრიცხული საკუთრების ყველა დეტალი, მათი სამართლებრივი სტატუსი და გამოყენება. პროცესს თან უნდა ახლდეს საკუთრების უფლების სამართლებრივი აუდიტი და ექსპერტებთან (იურისტები, ინჟინრები, ეკონომისტები) თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მონაცემების ვალიდურობა და სისრულე. ამგვარად, ეკლესია მიიღებს მკაფიო წარმოდგენას თავისი რესურსების შესახებ და შეძლებს გააგრძელოს მათი გამოყენების პასუხისმგებლიანი დაგეგმვა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ეკლესიამ დამატებით ფინანსური სარგებლობისთვის კონკრეტული უძრავი ქონება გააქირავოს, რათა ფინანსურად გააძლიეროს საეკლესიო საქველმოქმედო და ადმინისტრაციული ფონდები.

 

1️⃣7️⃣. საქართველოს ეკლესიის ისტორიული არქივის შენარჩუნება და ორგანიზება

არა მხოლოდ სამეცნიერო აუცილებლობაა, არამედ საკუთარი საეკლესიო იდენტობის მიმართ პასუხისმგებლობის აქტიც. ეკლესიის ისტორიული გზის ღირებული დოკუმენტები, ხელნაწერები, წერილები, ადმინისტრაციული ჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები ხშირად მიმოფანტული, არასაკმარისად დაცული ან კვლევისთვის მიუწვდომელი რჩება. ორგანიზებული არქივის არარსებობა ფასდაუდებელი მასალის გაფუჭების ან დაკარგვის რისკს შეიცავს. ამ მიზეზით, საჭიროა ცენტრალური საეკლესიო არქივის შექმნა კლასიფიკაციის, შენახვისა და დიგიტალიზაციის სამეცნიერო სტანდარტებით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია სპეციალიზებული პერსონალის მომზადება და უნივერსიტეტების დაწესებულებებთან თანამშრომლობა მასალის სათანადო მართვისა და გამოყენების უზრუნველსაყოფად. ასეთი წამოწყება არა მხოლოდ ისტორიის შენარჩუნებას უწყობს ხელს, არამედ თეოლოგიური და ისტორიული კვლევის გაძლიერებასაც, რაც ეკლესიას საშუალებას აძლევს, დოკუმენტირებული გზით დააფიქსიროს თავისი პოზიციები და ამგვარადვე იყოს წარმოდგენილი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

 

1️⃣8️⃣. ეკლესიის ყოფნა თანამედროვე საზოგადოებრივ სფეროში, განსაკუთრებით მედიასა და ინტერნეტში,

მისი სამოძღვრო მისიის განუყოფელი ნაწილია. დღეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და რელიგიური საკითხების აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს ციფრული მედია, რომელიც ხშირად დომინირებს საეკლესიო ცხოვრების ფრაგმენტულ ან თუნდაც დამახინჯებულ წარმოჩენაზე. კოორდინირებული და პასუხისმგებლიანი საეკლესიო ყოფნის არარსებობა ქმნის ვაკუუმს, რომელსაც არაფოფიციალური და თეოლოგიურად უსაფუძვლო ხმები ავსებენ. ამ მიზეზით, აუცილებელია მედიისთვის ყოვლისმომცველი სამძღვრო და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მოიცავს ოფიციალური საინფორმაციო არხების შექმნას, ხარისხიანი კონტენტის წარმოებას და სასულიერო პირებისა და მათი თანამოაზრეების მომზადებას მედიის სწორად გამოყენებაში. ეს სტრატეგია უნდა აერთიანებდეს თეოლოგიურ სიზუსტეს ენობრივ და კომუნიკაციურ ხელმისაწვდომობასთან, რათა ეკლესიის გზავნილი ეფექტურად აღწევდეს თანამედროვე ადამიანთან.

 

1️⃣9️⃣. საეკლესიო ადმინისტრირების მომზადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია,

ეკლესიის ეფექტური ფუნქციონირება დამოკიდებულია არა მხოლოდ სასულიერო პირების სულიერ და თეოლოგიურ მომზადებაზე, არამედ მისი ადმინისტრაციული პერსონალის ადეკვატურობაზეც. პრაქტიკაში ბევრ სასულიერო პირსა და საერო თანამშრომელს უწევთ ადმინისტრაციული, ფინანსური და ორგანიზაციული საკითხების მართვა საჭირო მომზადების გარეშე. ამან შეიძლება გამოიწვიოს გაუმართაობა, შეფერხებები ან არასწორი გადაწყვეტილებები. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს საეკლესიო ადმინისტრირების, ფინანსური მენეჯმენტის, სამართლებრივი საკითხებისა და ორგანიზაციის საბაზისო ცოდნას. ეს პროგრამები შეიძლება განხორციელდეს

სპეციალიზებულ ორგანოებთან უნივერსიტეტის დაწესებულებებთან თანამშრომლობით და მიმართული იყოს როგორც სასულიერო პირებისთვის, ასევე ეკლესიის მსახური საერო პირებისთვისაც. ამ გზით, ადმინისტრირების ეფექტურობა იზრდება და იქმნება პირობები საეკლესიო სტრუქტურების უფრო ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი ფუნქციონირებისთვის. ამას თან უნდა ახლდეს სხვა ადგილობრივი ეკლესიების გამოცდილების შესწავლა, გაზიარება და სპეციალური სასწავლო სახელმძღვანელოდ ჩამოყალიბება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია
ახალი ამბები

(ვიდეო) – “13 მაისს აპლიკაციები 24 საათით გაითიშება”– ტაქსის მძღოლთა პროტესტის შემდეგი ნაბიჯი ცნობილია

19:27 05-06-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

20:19 05-05-2026
სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში
ახალი ამბები

სტადირების „ბირთვი” და რადიოლოგიური “რუკა” – რადიოლოგიის როლი ონკოლოგიაში

16:29 05-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved