მსახიობი დათა თავაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ბოლო პერიოდში არაერთხელ წავიკითხე, ან გავიგე, თითქოს ქვეყნიდან წავედი, თითქოს “გავიქეცი”.
არ წავსულვარ.
და მითუმეტეს, არ “გავქცეულვარ”, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიზეზი მქონდა საამისოდ, რადგან ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნის თავზე წამოსკუპებულმა უღირსობამ, მისმა პროპაგანდამ და მისმა სასარგებლო იდიოტებმა, რომ ეთქვათ, “ყველა რეჟისორი გაიქცაო”.
თქვენ ნუ გაიმეორებთ, იმიტომ რომ ტყუილია. არავინ არ “გაქცეულა”.
[მოვა დრო, ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ, დაწვრილებით მოვყვები. ბევრი რამ, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმაც კი არ იციან. არ მომიყოლია, რადგან მათი ღელვა გაუსაძლისი იყო ჩემთვის.]
არც გავქცეულვარ, არც არსად ჩავბარებულვარ, არც პოლიტიკური თავშესაფარი მომითხივია და ყველა ის საერთაშორისო საქმე, რომლითაც ახლა ვარ დაკავებული წლების წინაა დაგეგმილი და არც ერთი წამით არ უკავშირდება ამ კაი პარტიის პოლიტიკას – პირველად არ ვდგამ საქართველოს ფარგლებს გარეთ და არც უკანასკნელად. ასე ვცხოვრობდი ბოლო ათი წელი და ასე ვაპირებ გაგრძელებას, სანამ უკან შემომიშვებენ ხოლმე.
ყველაფერი, რასაც ვაკეთებ უკავშირდება და უკავშირდებოდა საქართველოს და იმ საქმეს, რომელიც ერთ დღეს მას მოუტანს თავისუფლებას, – სცენიდან, თუ ბარიკადებიდან! – ვაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი.
აქაური პრემიერის შემდეგ ვბრუნდები საქართველოში და ახალ სპექტაკლზე
ვიწყებ მუშაობას.
მეორე:
ჩემ სიცოცხლეში არ მიკადრია და არც ვიკადრებ რომელიმე სხვა რეჟისორის, ან ხელოვანის ნ ა მ უ შ ე ვ რ ი ს (!) საჯარო კრიტიკას. ამას პროფესიული ეთიკა და ელემენტარული ადამიანური ზღვარი ჰქვია, რომელიც შარშან დაკარგა ყველამ გარკვეული სენსიტიური ზონის გასაღებთან ერთად.
ჩემთვის არ იყო ადვილი რუსთაველის თეატრის გარშემო განვითარებული მოვლენების დაკვირვება ტკივილის გარეშე. სხვა მიზეზების გარდა, დიდწილად ის მძიმე თვეებიც გამახსენა, რომლებიც დღესაც აქტუალურ საფრთხედ კიდია ჩემი, ჩემი მსახიობებისა და ყველა ჩემთვის ძვირფასი ადამიანისა თუ საქმის თავზე. არ დავმალავ, გარკვეული ტრიგერიც იყო ჩემთვის. ამიტომ არც ერთი “ამოჭრილი კადრი” არ მინახავს, ეგრევე ვთიშავდი და ის დღეები ვეღარც ვახერხებდი აქაურობასთან მოახლოებას.
მაგრამ, განსხვება იმას, რაც შარშან მოხდა და ამ შემთხვევას შორის უზარმაზარია, რადგან უზარმაზარი განსხვავებაა ნებისმიერ, თუნდაც ძალიან, ძალიან უსამართლო კრიტიკასა და ფიზიკურ ძალადობას შორის.
ძალიან დიდი განსხვავებაა, უკმაყოფილო, ან თუნდაც “შეცდომაში შეყვანილ” მაყურებელსა და ეფესბეს ქართული დანაყოფების, სახელმწიფო სტურქტურების მიერ დევნასა და მუქარას შორის, რომლებიც ცდილობენ ფიზიკურად გაგისწორდნენ შენც და შენს ახლობლებსაც.
და ძალიან დიდი განსხვავებაა, ქართულის მასწავლებელი, ან ვინმე “რუსთველოლოგი” გაკრიტიკებს, თუ ძალაუფლების ყველა მექანიზმი გესხმის თავს, გამცირებს, საჯაროდ გარცხვენს… აგერ აქ კიდევ, ჩემი მეგობრის “სისხლის აღებით” იმუქრება რომელიღაც ჩეჩნური ბანდიტური დაჯგუფება და ამ რეალობის თანაავტორებს მიჭირს თანაგიგრძნოთ, რა ვქნა.
რა “რაინდობაზე” ლაპარაკობთ, თუ ანდრო ჭიჭინაძე და მისი თანამესაკნეები არ გახსენდებათ?
ა, ჰო, სულ დამავიწყდა, თქვენ ხომ არ იცით ჩვენ რაში ვცხოვრობთ?
ჰოდა, ოდნავ მოგიყვებით, რაც ხდება:
თქვენ დღეს დგახართ ძლიერების მხარეს, ანუ ხალხის წინააღმდეგ, სადაც მთელი ეს ძალაუფლება თავისი კულტურის დამაქცეველი სამინისტროთი და პროპაგანდის მანქანებით, ყველა ტიტუშკათი და ყველა რობოკოპით, ქედმოხრილი გეახლათ კულისებში პრემიერის მოსალოცად და თქვენს სამსახურშია. თქვენ გიცავთ ყველა რესურსი, რაც კი ძალაუფლებას გააჩნია და დაგიცავთ ხალხისგანაც თუ საჭირო იქნება, ნუ ინერვიულებთ.
ჩვენ კი დავდექით იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც თქვენ გიცავთ. იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ხელში უჭირავთ თქვენს დამცველებს და არაფერი ჩვენ არ გვიცავს. არაფერი გვიცავს მათ შორის თქვენგანაც, კოლეგებო, და
არც დიდი მაესტროსგან, რომელიც დღესაც კი ჩემსკენ იშვერს თითს თავის განცხადებაში. ლოდებით ჩაქოლილს კენჭი დააწიო, ნამდვილად რაინდული ბუნების გამომხატველი საქციელია – რუსთველისეულია, ვერაფერს იტყვი!
მაგრამ, აქ მსხვერპლი არავინ არაა – ჩვენ თვითონ ავირჩიეთ ჩვენი გზები. არავის არაფერი დაუძალებია და ზუსტად ვიცოდი რა აყროლებული მხეცის ხახაშიც ვძვრებოდი თავით. იმ თქვენი გამოკვებილი მხეცის, ან გნებავთ, იმ კულტურის, თქვენ რომ მიეცით გასაქანი, თქვენ რომ ემსახურეთ, გააძლიერეთ და ბოლოს თქვენვე გაგკრათ კბილი.
ასე რომ, არაფრის შეგეშინდეთ, კოლეგებო, თქვენივე შექმნილი კულტურის სუნმა ამოაღწია თქვენამდე, როგორც იქნა.
იმ სუნმა, თვალები რომ ამოგვიწვა, ამოგვგუდა, სისხლი მოგვიწამლა სამუდამოდ, მეგობრები დაგვიჭირა, გვიწამა და მერე დაგვცინა.
და არც აქ ვაპირებ ავ-სიხარულს. პირიქით, ნამდვილი ტრაგედიაა ჩემთვის და დიდი გულისტკივილის გარეშე ამის დაკვირვება შუეძლებელია.
დანარჩენი არც მაინტერესებდა
და არც მაინტერესებს.“
















კომენტარები