თეოლოგი, გიორგი ტიგინაშვილი:
კრემლის იდეოლოგიურმა უფლისწულმა შიომ (მუჯირი) 1998 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე ჩააბარა. რუსულ სივრცეში, სადაც წინასაგამოცდო პერიოდებში ლექტორები ყველაზე მეტ კონიაკსა და არაყს იღებენ ხოლმე საჩუქრად, კორუფციის, პროტექციონიზმისა და არაკვალიფიციურობის აპოთეოზია გამეფებული. ჯერ რა არის დასწრებული და ახლა დაუსწრებელი თუ რა დონეზეა ვალიდურობის თვალსაზრისით, თავად განსაჯეთ.
შიო (მუჯირი) ასევე სწავლობდა 2001 წლიდან მოსკოვის წმ.ტიხონის სახ. მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.ცნობისათვის, არც მოსკოვის სასულიერო აკადემიას და არც წმ. ტიხონის სახ. ჰუმ. უნივერსიტეტს საერთაშორისო არენაზე არანაირი აღიარება არ გააჩნია და მათი ხარისხები და დიპლომები არ მიიჩნევა ვალიდურად და უნივერსალურად!ეს რომ ასეა და ხე ნაყოფით რომ იცნობა, შიოს შემთხვევაშიც ძალიან აშკარა და თვალსაჩინოა, რადგან საყოველთაოდ ცნობილია და უკვე აღარავინ დაობს იმაზე რომ თვით “სამაგისტრო” ნაშრომიც კი მან სხვას დააწერინა და შემდეგ მიითვისა.ამასთან, გავიხსენოთ კონკრეტული შემთხვევა თუ რაოდენ არაკომპეტენტური და უცოდინარია მიტროპოლიტი შიო, რომელმაც კატეხიზმოს დონეზეც კი არ იცის ღვთისმეტყველების ელემენტარული შესავალი.2020 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე მან იქადაგა შემდეგი: “დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი სასწაულს, რომ სულიწმინდა ჩაისახა ყოვლადწმინდა ქალწულში, რომ შვას მან ძე ღვთისა”. ასეთი როყიო და გაუგონარი ექსკლუზივი წარმოადგენს სერიოზულ თეოლოგიურ ცდომილებას, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატურ სწავლებას, კერძოდ კი პნევმატოლოგიას.მართლმადიდებელი სარწმუნოების თანახმად, ჩასახვა ეკუთვნის მხოლოდ ძე ღმერთის განკაცებას.”რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა”. როგორც ამას გვამცნობს ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსი. აქ მკაფიოდ არის გამიჯნული: ვინ განკაცდა – ძე, ანუ ლოგოსი; ვისგან და როგორ – სულიწმინდის მოქმედებით და მარიამისაგან.ამდენად სულიწმინდა არ განკაცებულა, არ “ჩასახულა” და არც შეიძლება ჩაისახოს, რადგან იგი არის ერთ-ერთი ჰიპოსტასი წმინდა სამებიდან, თანასწორი მამისა და ძისა, “რომელი მამისაგან გამოვალს“ (იოანე 15,26). შესაბამისად, სულიწმინდის მოქმედება არის არა განკაცება, არამედ ღვთაებრივი ენერგიით აღსრულება და კურთხევა.ამიტომ, როდესაც შიო ამბობს, რომ “სულიწმინდა ჩაისახა მარიამში” ის:1) ურევს სამების პირებს შორის განსხვავებას (ტრინიტარული აღრევა);2) ფაქტობრივად ანიჭებს სულიწმინდას იმ თვისებას, რომელიც ეკუთვნის მხოლოდ ძეს – განკაცებას;3) ამით არღვევს ქრისტოლოგიურ დოგმას და უახლოვდება ძველ ერესებს (მაგ., მოდალიზმს ან პნევმატოლოგიურ გაუგებრობებს).მართლმადიდებელი სწავლება მკაფიოდ ამბობს რომ მარიამ ღვთისმშობელში ჩაისახა ძე ღმერთი (ქრისტე), ჩასახვა აღსრულდა სულიწმინდის მიერ (მოქმედებით და არა სამების მესამე პირის განკაცებით).ეკლესიური პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, რომ მსგავს შემთხვევებში დავიცვათ სარწმუნოების სიწმინდე, არა რაღაც პიროვნების შეურაცხყოფით, არამედ ჭეშმარიტების მკაფიო და არგუმენტირებული დაცვით.“ეცადე რჩეულად, პირნათელ მუშაკად და ჭეშმარიტების სიტყვის სარწმუნო მქადაგებლად წარუდგე ღმერთს. ფუჭ ყბედობას კი ერიდე, რადგანაც უფრო გაღრმავდება ხალხის უღმერთოება” (2 ტიმ. 2,15-16). სწორედ ეს არის ის საზომი, რომელსაც ვერ უნდა ავცდეთ!საუბედუროდ, მიტროპოლიტ შიოს სხვა ყველა პროფანაციასთან ერთად, ისიც არ ესმის რომ დოგმატი არ არის ინტერპრეტაციის თავისუფალი სფერო, არამედ იგი გამოცხადებული ჭეშმარიტებაა, რომლის დამახინჯებაც სარწმუნოების საფუძვლებს აზიანებს…














კომენტარები