ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
საერთოდ არ ვაპირებდი ამ თემაზე რამის დაწერას, მაგრამ ბოლო დღეებში წარმოუდგენელ სისულელეებს ვკითხულობ კონსტანტინეპოლის მიერ ჩვენი ავტოკეფალიის ცნობის თაობაზე. ეს, თურმე ნუ იტყვი, მხოლოდ სსრკ-ში განხორციელებულ ცვლილებებსა თუ გეოპოლიტიკურ პროცესებს მოუტანია და ვინც არ უნდა ყოფილიყო პატრიარქი, მაინც ასე მოხდებოდა. ეს არის მტკნარი სიცრუე!
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია უძველეს დროში (ანტიოქიის ეკლესიისგან, დაახლოებით 486 წელს) მიიღო. 1811 წელს რუსეთის იმპერიამ საქართველოს ეკლესიიის დამოუკიდებლობა ძალით გააუქმა. ეს იყო კანონდარღვევა, ერთი ავტოკეფალური ეკლესია ერთპიროვნულად გააუქმა მეორემ, რაც მართლმადიდებლურ ტრადიციაში უპრეცედენტო იყო. ეს არც ერთ დამპყრობელს არ უქნია!
1917 წლის 25 მარტს ქართველმა სამღვდელოებამ თავად აღადგინა ავტოკეფალია. მოსკოვის საპატრიარქომ ეს აქტი 1943 წელს აღიარა (სტალინის „რჩევით“), მაგრამ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო (რომელიც ტრადიციულად „პირველია“ მართლმადიდებლობაში) დიდხანს არ ცნობდა ჩვენს ავტოკეფალიას. ვითარებას ართულებდა ერთი ფაქტი, ჩვენი მოთხოვნა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლური სამყაროს ეკლესიურ პრინიცპს , რომლის მიხედვითაც ერთი სახელმწიფოში/ტერიტორიაზე უნდ აყოფილიყო ერთი ავტოკეფალური ეკლესია. არ არსებობდა ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ორი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობის პრეცენდენტი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დამატებითი, ძალიან მძიმე მოლაპარაკებები მსოფლიო პატრიარქთან 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-ში. პატრიარქად გახდომის დღიდან ილია მეორის მთავარი მიზანი ამ საკითხის გადაჭრა, იყო რის გამოც პატრიარქს ჰქონდა პირადი ვიზიტები კონსტანტინეპოლში და აქტიური მიმოწერა მსოფლიო პატრიარქთან. ეს არ იყო მარტივი პროცესი.
კონსტანტინოპოლის ტრადიციული პოზიცია კარგად ჩანდა მის მიერ სხვა ეკლესიებისთვის გაცემულ ტომოსებში, რომ ნებისმიერი ეკლესიის ავტოკეფალია „ბოძებულია“ ან „მინიჭებულია“ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ, რაც გულისხმობს, რომ ისინი თვლიან თავს „წყაროდ“ ახალი ავტოკეფალიებისთვის. ეს მოხდა სერბეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ა.შ. შემთხვევებში.
საქართველოს პოზიცია ( ილია II-ის მოთხოვნა) იყო, რომ კონსტანტინეპოლს ეცნო ჩვენი ავტოკეფალიის უძველესობა და ისტორიულობა, რომელიც მე-5 საუკუნეში, ანტიოქიის ეკლესიისგან გვქონდა მიღებული და რომელიც 1917 წელს იქნა აღდგენილი. ანუ, ჩვენი ავტოკეფალია სხვა ავტოკეფალური ეკლესიებისგან განსხვავებით, რომლებმაც ბოლო საუკუნეში მიიღეს ეს ტიტული, მსოფლიო პატრიარქის მიერ მხოლოდ ცნობილი/დადასტურებული უნდა იყოს და არა „მინიჭებული“.
ჩვენთვის ამას მხოლოდ ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობა არ ჰქონდა. პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო, რომ მსოფლიო პატრიარქის მიერ საქართველოს ავტოკეფალიის აღიარება არანაირად არ დაკავშირებოდა 1943 წელს, სტალინის მიერ აღდგენილი რუსეთის პატრიარქის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას. ანუ ჩვენი ავტოკეფალიის საფუძველი უნდა ყოფილყო არა სტალინის კარნახით, “სერგიანული” მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ჩვენი ავტოკეფალიის აღიარება, არამედ მართლმადიდებლური ტრადიციის მიხედვით ოთხი აპოსტოლური ტახტიდან (კონსტანტინოპოლი; ალექსანდრია; ანტიოქია; იერუსალიმი) ერთ ერთის, ანტიოქიის მიერ, ამ სტატუსის მონიჭება. სირთულე იყო ისიც, რომ ანტიოქიის ეკლესიის მიერ ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალური სტატუსის მინიჭების შესახებ ინფორმაცია ეფუძნებიდა ჩვენს საეკლესიო და ისტორიულ წყაროებში არსებულ გადმოცემებს. ქართულ მხარეს ამ ფაქტის დამადასტურებლი არც პირდაპირი დოკუმენტი (მაგალითად, ტომოსი) და არც სხვა მნიშვნელოვანი ოფიციალური დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა ამ ინფორმაციას, არ მოგვეპოვებოდა.
მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე კონსტანტინოპოლის წინადადებები უფრო ახლოს იყო მათ ტრადიციულ მიდგომასთან და ფორმულირებასთან, („მინიჭება“ ან „ბოძება“) რასაც ილია მეორე ეწინააღმდეგებოდა.
კონსტანტინოპოლის წარმომადგენელი, მიტროპოლიტი ხრისოსტომოსი, 1990 წელს თბილისში ჩამოვიდა. მან 7 იანვარს, სიონის ტაძარში, ოფიციალურად განაცხადა გადაწყვეტილება – კონსტანტინეპოლის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვს ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსის მინიჭებისა და საპატრიარქო ტიტულის აღიარების თაობაზე. მისი სიტყვები ჯერ კიდევ შეიცავდა ტიპიურ ფორმულირებებს იმის თაობაზე, რომ ეს „ცნობა“ კონსტანტინოპოლის მიერ იყო „გაცემული“ ან „მინიჭებული“
მაშინ სტუდენტი ვიყავი და ყველამ ძალიან გავიხარეთ, მაგრამ ასევე შევამჩნიეთ, რომ ილია მეორეს, რბილად რომ ვთქვათ, მაიცდამაინც დიდი სიხარული არ ეწერა სახეზე. მან მადლობა გადაუხადა მიტროპოლიტ ხრისოსტომოსს და მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოს I-ს „ძმური სიყვარულისა და გულწრფელობისთვის“ და ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია უძველესი დროიდან (მე-5 საუკუნე, ანტიოქიის ეკლესიისგან) მოდის, 1917 წელს აღდგენილია და ახლა უბრალოდ „ცნობილი და დადასტურებული“ უნდა იყოს სხვა ავტოკეფალურ ეკლესიების მიერ.
მოკლედ, მიტროპოლიტი ხრისოსტომოსი საუბრობდა „ცნობაზე“ (ავტოკეფალიის„მინიჭების“ ელფერით), ხოლო ილია II-მ პასუხში გადაიტანა აქცენტი „ისტორიული ავტოკეფალიის დადასტურებაზე“,
ჩვენთვის, უბრალო მრევლისთვის ეს ნიუანსები უცნობი იყო, საქართველოს პატრიარქი და ჩვენი ეკლესია აგრძელებდა ამ საკმაოდ მძიმე დიპლომატიურ ბრძოლას. იყო მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომლის თაობაზეც უმრავლესობამ არაფერი ვიცოდით. ერთიანი სსრკ-ს, ათეისტური იმპერიის პირობებში საპატრიარქოს მხრიდან ამ თემებზე ღია მსჯელობა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.
საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიას (მოსკოვის პატრიარქატს) ნაღიარები კი ჰყავდა, მაგრამ ის სრულიად არ იყო დაინტერესებული ჩვენი ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებით, განსაკუთრებით მსოფლიო პატრიარქატის მიერ საუკუნეების განმავლობაში დადგენილი პრინციპის, ერთი სახელმწიფო-ერთი ავტოკეფალური ეკლესია, გათვალისწინებით. მოსკოვის პატრიარქატს კი ისტორიულად დიდი გავლენა ჰქონდა (როგორც პოლიტიკური, ასევ ფინანსური ) როგორც კონსტანტინეპოლის პატრიარქტზე, ისე ზოგადად ბერძნულ ეკლესიებზე.
გარდა ამისა არსებობდა “Зарубежная Русская Православная Церковь” – “რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია”, რომელიც მე-20 საუკუნის 20-ინ წლებში, რუსეთში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ შეიქმნა საზღვარგარეთ. ის თავს მიიჩნევდა რუსეთის იმპერიის დროს არსებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეკვიდრედ, განკარგავდა სხვადასხვა ქვეყანაში მეფის რუსეთის დროს შექმნილ/შეძენილ ეკლესია – მონასტრებს, მათ შორის წმინდა მიწაზე (პალესტინა/იერუსალიმი) რუსეთის სულიერი მისიის საკუთრებაში არსებულ ტაძრებს. შექმნის დღიდან, რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია საერთოდ არ აღიარებდა მოსკოვის პატრიარქატს, როგორც „სერგიანულს“ და კომუნისტურ რეჟიმთან მოთანამშრომლეს, შესაბამისად არ იზიარებდა 1943 წელს მოსკოვის საპატრიარქოს „სტალინურ“ აღიარებას. ამავე დროს, ის ფაქტობრივად თავისი დაფუძნების დღიდან ცნობდა საქართველოს ეკლესიის 1917 წლის გადაწყვეტილებას ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, აგრეთვე აღიარებდა ჩვენს უძველეს ავტოკეფალიას (მე-5 საუკუნიდან) და არ ეთანხმებოდა კონსტანტინოპოლის პოზიციას, რომელიც 1990-იანებამდე (და ზოგჯერ შემდეგაც) არ ცნობდა ჩვენს ავტოკეფალიას. ასეთი უცნაური ვითარება იყო. “რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია”-ს თავის დაარსების დღიდან კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ბრალს სდებდა “სერგიანულ” მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობაში, ბოლშევიკებთან კოლაბორაციასა და მათგან დაფინანსების მიღებაში.
1990 წლის იანვარში მიტროპოლიტი ხრისოსტომოსის თბილისში ვიზიტის შემდეგ ილია II პირადად ჩავიდა კონსტანტინოპოლში (სტამბოლი). 1990 წლის 4 მარტს, კონსტანტინოპოლში, მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში (ფანარში ) მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოს I-მა ილია II-ს პირადად გადასცა ორი ოფიციალური სიგელი (ტომოსი)
– საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების შესახებ;
– საპატრიარქო ღირსების (პატრიარქის ტიტულის) დადასტურების შესახებ.ტომოსში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსანიშნავად გამოყენებულია ფორმულები „ცნობა და მტკიცება“ (აღიარება და დადასტურება) რაც ქართული მხარისთვის ნიშნავს ისტორიული სტატუსის აღდგენას/დადასტურებას. დიპტიხტში (მართლმადიდებელ ეკლესიათა იერარქიაში) ჩვენი ეკლესიამ მე-6 ადგილი დაიკავა 4 უძველესი ტრადიციული ეკლესიის (კონსტანტინეპოლი, ალექსანდრია, ანტიოქია და იერუსალიმი) და რუსეთის ეკლესიის შემდეგ.
ეს იყო ილია II-ის პირადი დიპლომატიური წარმატება — მან მოახერხა, რომ ტომოსი არა მხოლოდ თბილისში გამოცხადებულიყო, არამედ პირადად მიეღო კონსტანტინოპოლში, რაც პროცესს სრულყოფილს ხდიდა. მე რაც მისაუბრია ამას აღიარებს ყველა უცხოელი მოღვაწეც, რომლიც დაინტერესებულია ამ საკითხით.
ამ საკითხს პოლიტიკურ – ისტორიული კუთხით რომ შევხედოთ, ეს იყო პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შემთხვევა, როცა მსოფლიო საპატრიარქომ ერთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აღიარა ორი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობა. რა პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ამას, დღეს ეს შეიძლება ნაკლები სიმძფრით ჩანდეს, მაშინ კი უდიდესი გამარჯვება და ნიშანი იყო. სხვათა შორის სიმბოლურია, მსოფლიო პატრიარქის მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება ისევე უსწრებდა წინ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, როგორც 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღგდენა 1918 წლის 26 მაისს ეროვნული კრების მიერ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტს. შეიძლება მოგწონდეს გარდაცვლილი პატრიარქი, შეიძლება არა, შეიძლება მას ბევრ რაღაცაში არ ეთანხმებოდე, მაგრამ ეცადო დაამცრო მისი ღვაწლი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში, არის სრული სიშლეგე!
კიდევე ერთხელ ვუსამძიმრებ ყველა მორწმუნეს ილია მეორის გარდაცვალებას!














კომენტარები