ისტორიკოსი, გოგა გაგნიძე:
არგუმენტაციის საბოტაჟი
სიტყვით ეყრება საფუძველი გამაერთიანებელ იდეებს, გამარჯვებებს დებატებში და აზრთა მიმოცვლას ჭეშმარიტების ძებნისას.არგუმენტაცია ხელოვნებაა.სწავლა სჭირდება როგორც ამ ხელოვნებას, ასევე ოპონენტის ცნობას ჯერ კიდევ სიტყვით შერკინებამდე, იმისთვის, რომ უგვანთაგან ჭეშმარიტებას ზიანი არ მიადგეს.„ქართული ოცნების“ მოდელირებული, უსაგნო დებატები, პოლიტიკური შეფასებები და, ზოგადად, საინფორმაციო დღის წესრიგი ჰგავს სიყალბის გოდოლს, რომლის დანიშნულებაც სწორედ ჭეშმარიტების დაზიანებაა და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათ ეს შესანიშნავად გამოსდით.მათ ყველა ილეთსა და ხერხზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ამჯერად ერთ მათგანზე შევჩერდები:არგუმენტაციის საბოტაჟი.ესაა „ოცნების“ ნაცადზე ნაცადი ინსტრუმენტი თითქმის ყველა სიტუაციაში, თითქმის ყველა დროს, მთელი მათი თოთხმეტწლიანი ბატონობის პერიოდში.დიდი თუ პატარა სპიკერები, მინისტრები, ოფიციალური პირები, მერი თუ ბერი და თავად ბიძინაც კი, ყოველ ჯერზე მიმართავენ ამ ხერხს:„ვერანაირი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინეთ“;„ვერ მოვისმინეთ ერთი არგუმენტიც კი“;„საპირისპირო მხარემ ვერ წარმოადგინა მყარი არგუმენტაცია“.თავად არგუმენტაციის საბოტაჟს ათამდე განშტოება აქვს და თითოეული მათგანისთვის განსხვავებული გამანეიტრალებელი ინსტრუმენტი არსებობს.სამწუხაროდ, ამ ინსტრუმენტებს ვერ ნახავთ ვერც დებატებისას და ვერც მუდმივად რეაქციის რეჟიმში მყოფი ოპო-ბაბლის სპიკერების არსენალში.2024 წლის ბოლოს ერთ-ერთ მსხვილ პოლიტიკურ ოპო-გაერთიანებას შევთავაზე სპიკერთა გადამზადება – არგუმენტაციის ხელოვნების კურსის სრულიად უსასყიდლოდ ჩატარება. პასუხად უმეტყველო მზერა მხვდა – მათ უბრალოდ ვერ გაიგეს, რას ვთავაზობდი.ყველას გვახსოვდეს, რომ სინდისის პატიმრები, ქვეყნის კურსის დეზორიენტაცია, გაუთავებელი მარცხები და დავიწყებული გამარჯვებები არის შედეგი „ოცნების“ წარმატებული საინფორმაციო ბრძოლის, გამართული ვერბალური სტრატეგიისა და ჩვენს მხარეს მათი არქონისა.














კომენტარები