საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
მომდევნო დღეები და კვირები ირანის ირგვლივ გადამწყვეტი იქნება. ამერიკული ფლოტიც ადგილზეა და ვაშინგტონის მხრიდან ფაქტობრივად ატომური ენერგიის ნეიტრალიზაციის შესახებ მოთხოვნებიც წაყენებულია.
როდესაც ტოტალიტარული რეჟიმი გადარჩენას ცდილობს, მისთვის ყველაზე ეფექტური გარანტია ბირთვული იარაღის ქონაა. ეს ჩრდილოეთ კორეამ წარმატებით განახორციელა 2006 წელს. მანამდე სადამ ჰუსეინმა სცადა ბირთვული რეაქტორის მშენებლობა, მაგრამ ისრაელმა დაბომბა. ლიბიაშიც სცადა კადაფმა, მაგრამ დასავლური ინტერვენციის შეეშინდა და დათმო (რაც 2011 წელს მწარედ ინანა). ერაყის მსგავსად, სირიაც ცდილობდა ბირთვული პოტენციალის შექმნას უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, ჩრდილოეთ კორეის პირდაპირი ტექნიკური დახმარებით, აშენებდა პლუტონიუმის რეაქტორს ალ-კიბარში (უდაბნოში, მდინარე ევფრატთან). ეს ობიექტი თითქმის იდენტური იყო ჩრდილოეთ კორეული იონბიონის რეაქტორისა. პროექტი ფინალურ სტადიას უახლოვდებოდა, როდესაც ისრაელის დაზვერვამ (მოსადმა) ამის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა. 2007 წლის სექტემბერში ისრაელის ავიაციამ “ოპერაცია ბაღის” (Operation Orchard) ფარგლებში დაბომბა და სრულად გაანადგურა ეს ობიექტი. ასადს იმდენად ეშინოდა კონფლიქტის ესკალაციის, რომ მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია და ფაქტს დიდხანს მალავდა.
აი მივედით ირანამდეც. ტრამპი ირანისათვის ბირთვული პროგრამის დათმობას ითხოვს. ირანი ოფიციალურად უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის მიზანს და აცხადებს, რომ მისი პროგრამა მშვიდობიანია. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობა და ატომური ენერგიის სააგენტო თვლიან, რომ ირანი უკვე გასცდა მშვიდობიანი ბირთვული ენერგიისათვის საჭირო პოტენციალს. 2025 წლის ომის შემდეგ პროგრამაზე დიდი დარტყმა იქნა მიყენებული, მაგრამ მისი სრული ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა.
სწორედ ეს მოთხოვნა წაუყენა ტრამპმა ირანს ახლა – უნდა დათმოთ ყველაფერი, რაც ბირთვული იარაღის წარმოებამდე მიიყვანს ქვეყანასო. და ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, რომ რეჟიმს ათიათასობით საკუთარი მოქალაქე ჰყავს დატყვევებული და მასობრივი ჩამოხრჩობისათვის ემზადება ან სისრულეში მოჰყავს კიდეც. ქვეყნიდან მხოლოდ ლიმიტირებული ინფორმაცია გამოდის.
მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის წინ ტრამპმა ირანთან მიმართებით შემრიგებლური ტონი აირჩია (რაც ჩემი აზრით ძალიან საგანგაშო იყო), ირანის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ ყოფილა. მათ აშშ-სა და ტრამპის დაცინვა დაიწყეს, მას მხდალი უწოდეს, დემონსტრანტების ბედზე ტრამპის გავლენა უარყვეს და ამერიკულ ბაზებსაც დაემუქრნენ. ირანი პოლიტიკურად ბლეფობს და 2025 წლის ომში დაკარგული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს. დემონსტრაციების სისხლში ჩახშობით მან ძალა აჩვენა და ახლა თეირანში (ან უფრო სწორი იქნება ვთქვათ ქალაქ ყომში, საიდანაც რეალურად იმართება იდეოლოგია) მიიჩნევენ, რომ აშშ ვერ გაბედავს ვერანაირი მასშტაბის იერიშს. ეს კი ირანის პოზიციებს გაზრდის. თან ერაყშიც პრო-ირანული მთავრობა იწყებს ფორმირებას. ახლა, ირანის დაუსჯელობა ძალიან მძიმე პრეცედენტი იქნება.
წარმატებულ მოლაპარაკებებზე საუბარი ცოტა გადამეტებულია. ირანის რეჟიმის ზედმეტსახელი “თაღლითია”. ეს მე არ მომიგონია, დიდი ხანია ამ სახელს ატარებს. ანუ რაზეც არ უნდა მოილაპარაკო, პირობას მაინც დაარღვევს ისლამური რეჟიმი – ბირთვულ პროგრამაზეც გააგრძელებს მუშაობას და ადამიანებსაც ჩამოახჩობს: დღეს თუ არა ხვალ, როცა ოდნავ მიწყნარდება სიტუაცია. თუმცა ახლა ომის თავიდან არიდებისათვის და მოკლე-საშუალო ვადაში უსაფრთხოებისათვის მოლაპარაკებები, რომ სცადონ და გაწელონ, არ იქნება გასაკვირი. მაგრამ ხელშესახებს დათმობენ კი რაიმეს?!
ამერიკული დამრტყმელი ფლოტი უკვე არაბეთის ზღვაშია. მომზადებულია ამერიკული სამხედრო ბაზები. მობილიზებულია საწვავმზიდებიც.
ტრამპის მხრიდან ახლა აქტივობა შეიძლება იმანაც განაპირობოს, რომ სოციალურ მედიაში მისი უმოქმედობა ძალიან ნეგატიურად შეფასდა. როდესაც წითელ ხაზს ავლებ და მის დამრღვევს პასუხს არ სთხოვ, შემდეგ ძალიან სუსტ ლიდერად ჩნდები. ტრამპს კი ეს საკითხი ადარდებს. მაგრამ არიან მის კარზე ფიგურები, რომლებიც უფრო ფრთხილ პოლიტიკას ემხრობიან, მაგალითად სტივ ვიტკოფი, რომელიც ტრამპმა ლამის ყველა საგარეო მოლაპარაკებაში ჩართო. მაგრამ აშშ მხოლოდ ერთი პირის მიერ არ იმართება და ინსტიტუციური სტრატეგიული ინტერესებიც არსებობს. ადგილზეა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც.
მომდევნო დღეები ამ მხრივ ძალიან საინტერესო იქნება და პრინციპში განსაზღვრავს კიდეც აშშ-ს რეპუტაციას.
1. იერიშებისაგან თავშეკავება რეჟიმის გამარჯვება იქნება და დასუსტებული ირანისათვის ეს გახდება მაშველი რგოლი. აშშ-ს რეპუტაციისათვის კი ძალიან მძიმე დარტყმა. ამ შემთხვევაში რეჟიმი დაჩქარებულად, თუმცა ფარულად გაარძელებს მუშაობას ბირთვულ იარაღზე. არ აქვს მნიშვნელობა ფორმალურად რაიმე შეთანხმებას დადებენ თუ არა ისინი.
2. ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადის დაწყება ან/და ლიმიტირებული იერიშები სტრატეგიულ და სამხედრო ობიექტებზე რეჟიმს ვერ ჩამოშლის, მაგრამ დაასუსტებს მას. ეს ხანგრძლივ დროში რაიმეში გადაითარგმნება თუ არა, უფრო შიდა ძვრებზე იქნება დამოკიდებული და გამოჩნდება.
3. ინტენსიური და ხანგრძლივი დარტყმები როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ სამიზნეებზე, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რეჟიმს. თანაც თუკი შიდა აჯანყება დაიწყო, მით უფრო რეალისტური გახდება მისი კოლაფსის შანსები.
თუმცა ნებისმიერი იერიშების შემდეგ, რეჟიმის ჩამოშლა გარანტირებული მაინც არ არის და ადგილზე ხალხის აქტივობა დასჭირდება – ახლა თუ მომავალში.
მომდევნო დღეებში რაც არ უნდა მოხდეს, ყველა ვარიანტში ეს იქნება ანტიამერიკული ძალებისათვის გაკვეთილი. პირველ რიგში კი რუსეთი და ჩინეთი აქტიურად დააკვირდებიან ამ პროცესს. როგორი სცენარითაც განვითარდება მოვლენები, ისეთ დასკვნას გამოიტანენ ისინი.














კომენტარები