ლევან ხაბეიშვილის საქმეზე გამოძიების ვადა ისე ამოიწურა, რომ გამოძიებამ ოპოზიციონერის წინააღმდეგ ვერც ახალი მტკიცებულებები იპოვა და ვერც მისი მობილური გახსნა, რათა მისი ტელეფონიდან, როგორც გვპირდებოდა, დამატებითი სამხილები მიეწოდებინა პროკურატურისთვის, სასამართლოზე წარსადგენად – ამის შესახებ “პირველებს” დაკავებული პოლიტიკოსის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განუცხადა.
ახალი, რაიმე სახის მტკიცებულება, რაც აღკვეთის ღონისძიების შემდეგ ბრალდებამ შეაგროვა, ერთი ფურცელიც კი არ არის დამატებული. აქ საუბარი იყო ტელეფონიდან რაღაც დამატებით მტკიცებულებებზე. მსგავსი რამ ბრალდებას ჩვენთვის არ გადმოუცია. წარუდგინეს გაუგონარი, არარსებული, სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული ბრალდება, ქრთამის საჯარო შეთავაზება. ქრთამის მიცემად რაც არის დაკვალიფიცირებული, არის სრული აბსურდი და მეორე ეპიზოდი მოიცავს ე.წ. მოწოდებას ხელისუფლების დამხობისკენ, სადაც ყველა აღნიშნულ ეპიზოდში ლევანი განმარტავს, რომ საუბარია მოხლოდ და მხოლოდ მშვიდობიან, კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებაზე.
ხაბეიშვილის ბრალდების საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რომელიც რაიმენაირად რაიმე სახის ბრალდებას დაადასტურებს.
გვექნება შუამდგომლობა, რომ ყველა ის მტკიცებულება იყოს სადაოდ მიჩნეული და ასევე დავაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ვინაიდან მაღალი ალბათობის სტანდარტი არ არსებობს მტკიცებულებისა არ არსებობს, რომ ლევან ხაბეიშვილტან მიმართებაში დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი”, – ამბობს გიორგი კონდახაშვილი.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.














კომენტარები