აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულმა სამმა პირმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საუბარია ხალიდ შეიხ მუჰამედზე, ვალიდ მუჰამედ სალიჰ მუბარაქ ბინ ატაშსა და მუსტაფა აჰმედ ადამ ალ-ჰავსავიზე, რომლებიც წლების განმავლობაში გუანტამოს ციხეში იხდიდნენ სასჯელს.
მედიის ინფორმაციით, ისინი მზად არიან აღიარონ ბრალი იმის სანაცვლოდ, რომ პროკურატურა მათ სიკვდილით დასჯას არ მოითხოვს.
საპროცესო შეთანხმების პირობები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა The New York Times -მა დოკუმენტის დეტალების შესახებ ინფორმაცია მოიპოვა.
არსებული ინფორმაციით, გარიგების დეტალები პირველად დაზარალებულთა ოჯახებს ეცნო.
“სასიკვდილო სასჯელის მოხსნის სანაცვლოდ, ბრალის აღიარებას სამივე ბრალდებული დათანხმდა. ისინი მზად არიან აღიარონ 2976 ადამიანის მკვლელობა“, – ნათქვამია მთავარი პროკურორის წერილში.



სამხედრო კომისიების ოფისის (OMC) სპიკერმა, რომელიც საქმეს აწარმოებს, დაადასტურა, რომ წინასწარი შეთანხმება უკვე დადებულია.
2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – “ბოინგ- 767” ნიუ- იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასობით ადამიანი დაიღუპა, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე “ტყუპების” სამხრეთ ცათამბჯენს, 77- ე და 81- ე სართულებს შორის შეეჯახა.
თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის – ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი – “ბოინგ- 757” პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის – 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ- დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის – 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი. 2001 წლის 11 სექტემბერს სულ 1973 ადამიანი დაიღუპა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.
კომენტარები