• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვითარება მძიმეა, რუსეთი ხელს შეგვიშლის, იმედს მხოლოდ ის გვაძლევს, რომ მსოფლიოში ის აღარ მიიჩნევა სუპერსახელმწიფოდ” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:25 11-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

კავკასიური სახლის თავმჯდომარეს, პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, ინტერპრესნიუსთან, ამბობს:

ტრადიციულად საქართველოს ხელისუფლება თვითტკბობისა და ქედმაღლობის გზას დაადგა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ მათი შრომის დამსახურებაა. მთავრობის გზავნილი ამგვარია – რუსეთთანაც აღვადგინეთ უვიზო რეჟიმი და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა, ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასაც გამოვკარით ხელი, „ოჯახის სიწმინდის“ ერთგულებიც ვართ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წოდებაც დავიმსახურეთო.

ირაკლი ღარიბაშვილს ახალ ურჰო კეკონენად აცხადებენ, ფინეთის პრეზიდენტად, რომელმაც „ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა მხარესთანაც დაამყარა კავშირი, კაპიტალისტურ ბანაკთანაც, პარალელურად კი ნოყიერი ნიადაგი შექმნა სკანდინავიური სახელმწიფოს ევროპულ თანამეგობრობაში გაერთიანებისთვის.

ცხადია, ხელისუფლების მომხრეთა შეფასებები ცალმხრივი და გადაჭარბებულია. ბუნებრივია, ვერ უარვყოფთ ქართული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო აპარატის რიგი თანამშრომლების თავდაუზოგავ შრომას ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის.

ვერ გავაუფასურებთ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილების მნიშვნელობას 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს – კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რადგან რეგიონში ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარებაა შექმნილი და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ხელახალი ჩამოყალიბება მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის ომი რომ არ მიმდინარეობდეს, ალბათ, კანდიდატის სტატუსის მიღება 2030 წლამდე გაჭიანურდებოდა.

ოპოზიციაც არ ღალატობს თავის გზას. გამაოგნებლად არათანმიმდევრული გახლდათ ოპოზიციურ ძალთა დამოკიდებულება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თავდაპირველად ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოს სტატუსის მოპოვების შანსი არ ჰქონდა. ოპოზიციონერთა ნაწილი უკანასკნელ მომენტამდე არ ზოგავდა ძალასა და ენერგიას, რათა ევროკავშირს საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილება მიეღო.

შემდეგ ანტისახელისუფლებო პარტიები ამტკიცებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერს ნიშნავს და მისი მიღებით საქართველოსთვის არაფერი შეიცვლებოდა. ბოლო მომენტში კი ევროკავშირის გადაწყვეტილება იზეიმეს და წინ გადადგმული ნაბიჯი ფარსმან ქველიდან დაწყებული, მიხეილ სააკაშვილით დამთავრებული თითქმის ყველა ქართველი მმართველის პირად მიღწევად მონათლეს.

მოკლედ, ოპოზიციის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გატარებული პოლიტიკა არასდროს ყოფილა მკაფიო და ერთგვაროვანი, რაც ხელისუფლებას აძლევს შანსს, რომ მიღწევა მხოლოდ პირად ძალისხმევად გაასაღოს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოვლენების შეფასებისას ძალიან უყვარს მაგალითების მოხმობა საუნივერსიტეტო ცხოვრებიდან. „ქართული ოცნება“ მაგონებს იმ სტუდენტს, რომელმაც სხვების დახმარებითა და ლექტორის გულისხმიერების წყალობით ძლივს ჩააბარა შუალედური გამოცდა, ამიტომ ბედნიერია და ფინალური გამოცდის წინა საღამოს მოახლოებამდე აღარ აპირებს წიგნის ხელში აღებას. როგორც წესი, ასეთ სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება უჭირთ ხოლმე.

მოკლედ, თვითკმაყოფილებას მიცემული „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ აქამდე ყველაფერს სწორად აკეთებდა, აქამდე გატარებულმა პოლიტიკამ შედეგი მოიტანა. შესაბამისად, მათი აზრით, განსაკუთრებული ცვლილებების განხორციელება საჭირო არ არის. თან ფინალურ გამოცდამდე ჯერ კიდევ შორია.

რატომღაც საქართველოში ჰგონიათ, რომ ევროკავშირი ჩვენგან ზუსტად ისეთივე საგარეო პოლიტიკის გატარებას ითხოვს, როგორიც, ვთქვათ, ნიდერლანდების სამეფოს აქვს.

საქართველო არც ნატოს წევრია და არც ევროკავშირის, ავტორიტარული რეჟიმების ალყაში ცხოვრობს, ეკონომიკური სიდუხჭირიდან გამომდინარე აუცილებლად სჭირდება კავშირები ცენტრალურ აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან. შესაბამისად, ცხადია, რომ ასეთი დაუცველი და განაპირას მყოფი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთაშორისო სტრატეგიებისგან განსხვავებული იქნება. ევროკომისია ჩვენგან მხოლოდ ინტენსიურ კომუნიკაციას, ცნობების მუდმივ გაცვლასა და კოორდინაციას ითხოვს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებების ახსნა და დასაბუთება შეგვეძლოს. ბუნებრივია, თავადაც გვაქვს უფლება ევროკომისიისგან მათი ხედვების შესახებ მეტი არგუმენტები გამოვითხოვოთ.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხშირად საკუთარ მოსახლეობასაც კი ვერ უხსნის თავისი საგარეო პოლიტიკური მანევრების მიზანს. რა გასაკვირია, რომ სახელისუფლებო გუნდი ვერ ახერხებს ზოგიერთი ნაბიჯის დასაბუთებას დასავლელი პარტნიორებისთვის და ამიტომ იზოლაციისა თუ გაბუტვის გზას ირჩევს. საუბედუროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში „ქართული ოცნება“ იზოლაციის პოლიტიკას შეცვლის.

უფრო საიმედოა მდგომარეობა რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით. საქართველოში YouTube-ზეც კი დაბლოკილია რუსული საინფორმაციო არხები, ახალგაზრდების უმრავლესობა ცნობებს ინგლისურენოვანი წყაროებიდან იღებს, სოციალური მედია არ ტოვებს შანსს ერთფეროვანი ცნობების მიღებისთვის.

აქედან გამომდინარე, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გვერდი აუარონ პროპაგანდისტულ მითებს. ცხადია, ჯანსაღი საინფორმაციო ველის შესაქმნელად ეს საკმარისი არ არის, მაგრამ რუსულ პროპაგანდას საქართველოში ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავს.

უკანასკნელ პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებს ევროინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა გამოცდილება დაუგროვდათ. ჩვენ ამ გამოცდილებებს შორის არჩევანის გაკეთება მოგვიწევს.

მაგალითად, ერთ მხარეს დგას ხორვატია – ქვეყანა, რომელსაც ომიც გამოუვლია, დიქტატურაშიც უცხოვრია, ულტრანაციონალისტური და კონსერვატიული სენტიმენტებითაც უმართავს პოლიტიკური სისტემა, მაგრამ ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები კანდიდატის სტატუსის მიღებისთანავე ინტენსიურად შეუდგნენ მუშაობას.

ხორვატიამ გონივრულ, არც თუ ისე ხანგრძლივ ვადაში მოახერხა: პოლიტიკური პარტიებისთვის სამართლიანი „თამაშის წესების“ შემუშავება, ევროპული სოციალური სახელმწიფოს მოდელის ელემენტები დანერგვა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაში, ხელი შეუწყო გარემოს დაცვის, შრომის კანონმდებლობის დასავლურ ანალოგებთან ჰარმონიზაციას და ა.შ.

აქედან გამომდინარე, პატარა ბალკანურმა სახელმწიფომ ხორვატიამ, ადეკვატურ პერიოდში შეძლო ევროკავშირში გაწევრიანება. სამართლიანობისთვის უნდა აღნიშნოს, რომ მას ევროპულ ოჯახში ინტეგრირებულმა მეზობლებმაც გაუმართეს ხელი.

ხორვატიის გარდა არსებობს, ვთქვათ, თურქეთის მაგალითი. ფაქტობრივად, რესპუბლიკას პოსტმოდერნული სულთანი მართავს, იზღუდება ოპოზიციური ძალები და მედია, სახელმწიფო რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ, ხელისუფლება ფეხქვეშ თელავს ევროპული თანამეგობრობის ფუნდამენტურ პრინციპებს, ამიტომ ოფიციალურ ანკარას ორმოცი წელია მიღებული აქვს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ წინ ვერ მიიწევს.

რომელი ქვეყანა იქნება საქართველოსთვის მაგალითი – ხორვატია თუ თურქეთი? ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით შეიძლება კანდიდატის სტატუსი დიდ მიღწევად დარჩეს ქართული საზოგადოებისთვის ან უფუნქციო სათამაშოდ გადაიქცეს იმედგაცრუებული მასების ხელში.

რომელი ქვეყანა იქნება საქართველოსთვის მაგალითი – ხორვატია თუ თურქეთი? ამ კითხვაზე პასუხის მიხედვით შეიძლება კანდიდატის სტატუსი დიდ მიღწევად დარჩეს ქართული საზოგადოებისთვის ან უფუნქციო სათამაშოდ გადაიქცეს იმედგაცრუებული მასების ხელში.

ცხადია, ევროკავშირში ინტეგრაცია ათასგზის უფრო ადვილია, როდესაც შენი მეზობლები იტალია, ავსტრია, სლოვენია და თუნდაც უნგრეთი არიან. საქართველოს ასეთი ფუფუნება არ აქვს. ჩვენი მეზობელი დიქტატორის მიერ მართული იმპერიაა, რომელიც ძალას არ დაზოგავს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შესაფერხებლად.

საუბედუროდ, რუსეთს უდავოდ აქვს ბერკეტები ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე ზემოქმედებისთვის. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება უკრაინის ომის შედეგებსა და ომის შემდგომ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. სამწუხაროდ, ომი დიდ ხანს გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ ისღა დაგვრჩენია ინტენსიურად შევისწავლოთ რუსეთი, რათა უფრო პასიონარულად და სერიოზულად ვეძიოთ გზები მისთვის გვერდის ასავლელად.

იმედს მხოლოდ ის გვაძლევს, რომ თანამედროვე მსოფლიოში რუსეთი აღარ მიიჩნევა სუპერსახელმწიფოდ, ჩვენ ირგვლივ არიან ძალები აშშ, ევროკავშირი, თურქეთი, ჩინეთი, რომელთა დახმარებითაც შეგვიძლია რუსეთის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ არსებული წინააღმდეგობის შემცირება.

თუმცა, დასახელებულ ძალებს შორის საქართველოსთვის სასარგებლო ურთიერთმიმართებების ჩამოყალიბებას დიდი შრომის, გამჭრიახობის გარდა, იღბალი და ღვთის წყალობაც სჭირდება.

მოკლედ, ვითარება მძიმეა, რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში ხელს შეგვიშლის, მაგრამ მთავარია საქართველოს ევროპისკენ მოძრაობის პროცესი დაიძრას. ილია ჭავჭავაძესაც არ ჰქონდა იმედი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას მოესწრებოდა, მაგრამ მაინც იბრძოდა მიზნისთვის. ჩვენ კი ილიასგან განსხვავებით უკიდურესად დაჩქარებულ დროში ვცხოვრობთ, სადაც შეიძლება მოულოდნელად მოგვეცეს შანსი ჩვენი საქმის მოსაგვარებლად.

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:08 05-22-2025
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved