როგორ მოვუაროთ ბავშვს “ჩუტყვავილას” დროს? (ექიმ არჩილ მარშანიას რჩევები)
ეს არის მწვავე, მარტივად გადამდები ვირუსული დაავადება, რომელიც უმეტესწილად მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა ახასიათებდეს ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა კანისა და რბილი ქსოვილების ბაქტერიული ინფექციები, თავის ტვინის ანთება, სეფსისი და სხვა.
სამწუხაროდ, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოს ეროვნულ კალენდარში არ შედის, ამიტომ მისი პრევენციის გზა პირად ჰიგიენასა და ინფიცირებულებისგან დისტანციის შენარჩუნებაზე გადის.
ძირითადი სიმპტომები, რომელიც ახასიათებს ჩუტყვავილას:
სითხით სავსე ბუშტუკებიანი გამონაყარი, რომელიც ჩნდება სახეზე, გულმკერდზე და ზურგზე, შემდეგ კი ვრცელდება მთლიან სხეულზე;
მაღალი ტემპერატურა;
დაღლილობა;
მადის დაქვეითება;
თავის ტკივილები.
რა შეიძლება გავაკეთოთ სახლის პირობებში, თუ ბავშვს აქვს ჩუტყვავილა:
ბავშვი გყავდეთ სახლში, სანამ გამონაყრის გავრცელება არ შეჩერდება და არსებული გამონაყარი არ გაიკეთებს “ფუფხს”, რათა შევამციროთ გავრცელების არეალი. ამას დაახლოებით 1 კვირა დასჭირდება;
გააკეთეთ კოლოიდური შვრიის ფაფის აბაზანა, ნელთბილი (არა ცხელი) წყლით. გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიაში ნაყიდი, საჭმელი შვრიის ფაფა არ გამოდგება, ამისთვის საჭიროა წმინდად დაფქული, კოლოიდური შვრიის ფხვნილი, რომელიც შესაძლებელია შეიძინოთ აფთიაქში ან ონლაინ მაღაზიებში;
არ გამოიყენოთ ბრილიანტის მწვანე, ე.წ. ზელიონკა;
კანზე გამოიყენეთ კალამინის ლოსიონი, პეტროლეუმ ჯელი (თეთრი ვაზელინი) ან ქავილის საწინააღმდეგო ლოსიონი პარფიუმის გარეშე (Frangrance-free / Perfume-free);
არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკის შემცველი მალამო ექიმის დანიშნულების გარეშე;
ტემპერატურა მართეთ პარაცეტამოლით (არ გამოიყენოთ ასპირინი ან იბუპროფენი);
ქავილის საწინააღმდეგოდ შესაძლოა გამოყენებული იყოს ურეცეპტოდ გაყიდვადი ანტიჰისტამინური მედიკამენტი (დასალევი, არა კანზე წასასმელი), რომელსაც გამოიყენებთ ანოტაციის მიხედვით;
ეცადეთ, ბავშვს არ ჰქონდეს გრძელი ფრჩხილები, ქავილისას მეორადი დაზიანების პრევენციისთვის.
ნებისმიერი შეკითხვის ან გართულების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
კომენტარები