31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, „Imagine Dragons-ს” უმასპინძლებს.
Imagine Dragons–ი ამერიკული როკ-ბენდია, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა. მილიონობით გაყიდული ალბომის და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს.
Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“, რადგან ტურნე მოიცავს ყველა იმ ჰიტს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons ნამდვილი „სუპერსტარების“ ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.
Imagine Dragons-ისკონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 100 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. ბილეთების ყიდვას დღეს, 11 მაისის, 16:00 საათიდან შეძლებთ სხვადასხვა წყაროს საშუალებით:
- TKT. ge – ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ. „Starring Georgia – ს“ მთავარი პარტნიორები „თიბისი“ და „ვიზა“ გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში, „თიბისის“ „ვიზა“ ბარათებით გადახდისას, განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება მოქმედებს.
- „Black Sea Arena-ს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, BSA.ge -ზე მხოლოდ Star Ring – ის (იგივე Golden Ring) ბილეთების შეძენას შეძლებთ. BSA.ge-ზე არ მოქმედებს „თიბისი ბანკის“ ფასდაკლება.
კამპანია Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება.
საქართველოს თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
კომენტარები