ანი დვალიშვილი
ახალგაზრდებს თუ არა, ძველ თაობას აუცილებლად ემახსოვრება, როგორი აჟიოტაჟი იყო ატეხილი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაზე. მაშინ ისე ჩანდა, რომ ამ ნავთობსადენის აშენება, საქართველოსაც ააშენებდა და ეკონომიკა ფეხზე დადგებოდა, თუმცა ეს ნავთობსადენი აღარ არის ისეთი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი, როგორადაც დაგვიხატეს. მეტიც, აგერ, ყაზახეთს სურს ნედლი ნავთობი სწორედ ამ ნავთობსადენის მეშვეობით გაიტანოს ევროპაში და უკვე წუწუნებს – ჯერ ერთი, თურმე ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მილს ძალიან ცუდი გამტარუნარიანობა აქვს და მეორე – კასპიის ზღვიდან ნავთობის გატანა უკვე ტანკერების საშუალებით უნდა მოხდეს, რაც ხარჯებთან ერთად, რისკსაც ზრდის. ანუ, ყაზახების ინიციატივას საქართველოს ხელისუფლება ტაშით შეხვდა, გვეშველაო, თუმცა ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა და არ უთქვამს, რომ ყაზახებს წლიურად 4 მილიონ ტონამდე ნედლი ნავთობის გატარება სურს, მილს კი, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, 1,5 მილიონზე მეტი რესურსი არ აქვს. გაკვრით ისიც ითქვა, ახალი ნავთობსადენის მშენებლობის დაწყება არ იქნება ცუდიო, თუმცა საქართველოს საამისო ფული უბრალოდ, არ აქვს და უახლოესი ათი წლის განმავლობაში, არც ექნება.
ზოგადად, ხელისუფლებას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სერიოზული დეფიციტი უდგას და ამიტომაც არის, „ოცნების“ მაღალჩინოსნები ტურიზმის სფეროს კბილებით რომ იცავენ. ეგ კი არა და, ამას წინათ „გასაპრავებლად“ ისიც გაიხსენეს, სააკაშვილმა რომ თქვა, ტურისტს ეროვნება არ აქვსო. ტურისტების მიერ შემოტანილი ფული უცხოურ ინვესტიციასთან გათანაბრებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ, მაგრამ ეკონომიკისთვის ბევრად მეტია საჭირო და ეს მეტი… ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებიდან უნდა შემოვიდეს. მიუხედავად სურვილისა და მცდელობისა, ხელისუფლება ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, როგორი პირობებით და რაც მთავარია, ვის მიერ უნდა დაიწყოს რამდენიმე მილიარდად შეფასებული მშენებლობა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს ანაკლიის პორტის მშენებლობის პერსპექტივა დიდად გულზე არ ეხატება და ინვესტორიც ძალიან, ძალიან სერიოზულ გარანტიებს მოითხოვს. საქართველო გარანტიებს ზეპირად და დოკუმენტურად კი გასცემს, მაგრამ იმ დოკუმენტში ფინანსური ზარალის პუნქტიც შევა და სწორედ ეს იქნება ყველაზე მტკივნეული…
რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ტაში შემოჰკრა, სოციალურად დაუცველებისთვის დასაქმების პროგრამა რომ დავიწყეთ, გაამართლა და 20 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდაო. მთავრობის წევრებმა თავი დაუქნიეს, ეს რა კარგი რამ გააკეთა პრემიერმაო, მაგრამ რეალურად, აღნიშნულმა პროგრამამ სრული ფიასკო განიცადა. რატომ? იმიტომ, რომ რესურსი 200 ათას ადამიანზე მეტი იყო და აქედან პროგრამაში მონაწილეობა და მუშაობა 10%-ზე ნაკლებმა მოისურვა. ეს ცალკე აღებული ძალიან დიდი პრობლემაა, ანუ სოციალურად დაუცველებს დაპირდნენ, რომ შეუნარჩუნებდნენ დახმარების ყველა პაკეტს და თან, თუ ისინი მუშაობას დაიწყებდნენ, ხელფასიც დაერიცხებოდათ. ყველა, აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, კვლავ არის ადგილები, რათა სოციალურად დაუცველთა დასაქმება მოხერხდეს, მაგრამ მსურველები არ არიან. მიზეზი მარტივია – მათთვის სახელმწიფოს ხელფასად 300 ლარი დააწესა, ამ ფასად კი მუშაობა იშვიათს სურს. როგორც გვითხრეს, „ოცნებაში“ ასეთი პაკეტი განიხილებოდა – თუ სახელმწიფო სოციალურად დაუცველს, შრომისუნარიან მოქალაქეს ვთქვათ თვეში 300 ლარიან სამსახურს სთავაზობს, უარის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველს სტატუსი უნდა გაუუქმდესო. ამბობენ, რომ ამ ნაბიჯზე ხელისუფლებამ არაერთხელ იმსჯელა, მაგრამ სოციალურად დაუცველების დიდი არმიის გაღიზიანებას ერიდება.
კომენტარები