შვედეთი და ფინეთი დღეს ნატოში შესვლის საკითხზე ოფიციალურ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ამ ორმა ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების ეტაპი ოფიციალურად დაასრულეს. ხელმოწერის შემდეგ უნდა მოხდეს ნატოს წვერი 30 ქვეყნის პარლამენტებში ხელშეკრულების ოფიციალური რატიფიცირება.
სკანდინავიის ორმა ქვეყანამ, რომელიც მანამდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ნატოში გაწევრიანების სურვილი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გამოთქვეს. მაშინვე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადეს, რომ ნატოში ამ ქვეყნების მიღების პროცესი მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდება. ალიანსში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას თურქეთი ეწინააღმდეგებოდა, რომელიც აცხადებდა, რომ ეს ორი ქვეყანა იმ პირებს იფარავს, რომლებსაც თურქეთში ტერორიზმთან კავშირი ბრალდებათ. 28 ივნისს მადრიდში ნატოს სამიტზე ამ საკითხზე შეთანხმება მოხდა.
ამავე სამიტზე ნატოს დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ რუსეთი ალიანსისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენს. მანამდე არსებული დოქტრინის მიხედვით, რუსეთი ნატოს სტრატეგიული პარტნიორი იყო.














კომენტარები