სომხეთი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არ გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Armenpress-ს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა განუცხადა.
„ჩვენი სურვილია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები დიპლომატიური დიალოგისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებზე დაფუძნებული მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს. იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება ჩვენს დღის წესრიგში არ დგას“, – აცხადებს სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
კომენტარები