“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინისთვის გამოხატული მხარდაჭერა მაქსიმალურად მკაფიოა. მისი თქმით, მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
„ჩვენი მხარდაჭერა არის მაქსიმალურად მკაფიო, რაც გამოიხატა საპარლამენტო რეზოლუციაში, ჩვენ მკაფიოდ სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხახლს, გამოვთქვით იმედი, რომ ომი არ დაიწყება. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ ყველამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი გააკეთოს ომის არდაშვებისთვის, ეს უნდა იყოს ყველას, მათ შორის ჩვენი მთავარი ამოცანა.
ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც, რაც არის მემგონი იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამ ადამიანების მხრიდან 2008 წელს, როდესაც მათ საკუთარი ქმედებებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას. ასეთი ადამიანებისგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ უნდა განისაზღვრებოდეს, და მადლობა ღმერთს, არც განისაზღვრება. მათ უნდა გვაცალონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგია ის, რომ პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნება“, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკას. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ჩვენი პრაგმატული ნაბიჯები ემსახურება ზუსტად ამ მიზანს და ამოცანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები