• რეკლამა
  • კონტაქტი
02:43, ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ მკურნალობენ ისრაელში კოვიდინფიცირებულებს – ჩვენთვის სენსაციურ რა ამბებს გვიყვება ქართველი ებრაელი?!

ალია ავტორი - ალია
22:32 02-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

თამო კეშელავა

ისრაელში მცხოვრები ექიმი, ანა კოლ-შიმშილაშვილი, რომელიც ამჟამად კოვიდინფიცირებულია, “ალია”-ს უყვება, რა სახის დახმარებას და ყურადღებას იჩენს ისრაელის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო მისი, როგორც ერთი კოვიდინფიცირებულის მიმართ. სიმართლე რომ გითხრათ, გვიყვება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ინტერვიუს ნაწილი მოგვწერა, ნაწილი ხმოვანი შეტყობინებით, სვენებ-სვენებით გამოგვიგზავნა.

ანა კოლ-შიმშილაშვილი:

– პანდემიის ეს პერიოდი ისე გავიდა, კორონავირუსი ჯერ არ მქონია. აცრილი ვარ, ბუსტერიც გავიკეთე, თუმცა, ახლა მიწევდა აცრის მეოთხე დოზის გაკეთება, არ მეცალა და ისე მოხდა, ვერ მოვახრეხე ვაქცინაცია, ვერ მოვასწარი და ამასობაში კოვიდიც “მესტუმრა”. ხუთშაბათ საღამოს თავი ცუდად ვიგრძენი, მაციებდა, სახლში ჩემითვე გავიკეთე ერთჯერადი, სწრაფი ტესტი. პასუხი იყო უარყოფითი. პარასკევს, გავიმეორე ტესტი ისევ სახლის პირობებში – ამჯერად უკვე დადებითი აჩვენა ტესტმა. წავედი პისიარ ტესტის გასაკეთებლად. ჩემ სახლთან ძალიან ახლოს, სავაჭრო ცენტრის მიწისქვეშა პარკინგშიც არის ტესტირების ცენტრი და იქ გავიკეთე, მანქანით მივედი და 3 წუთში უკვე გარეთ ვიყავი. არანაირი რიგი და ლოდინი არ დამჭირვებია. პისიარ ტესტი გავიკეთე საღამოს საათებში და სანამ პასუხი მოვიდოდა, დავურეკე ოჯახის ექიმს, რომელმაც ტესტის ოფიციალურ პასუხამდე უკვე დაიწყო ჩემი სიმპტომური მკურნალობა.

დილით ადრიანად უკვე მოვიდა პისიარის პასუხიც – დადებითი. თუმცა, იმ ცენტრიდან, სადაც ტესტირება ჩავიტარე, მაინც დამირეკეს და გადაამოწმეს, ვნახე თუ არა ტესტირების პასუხი. პისიარის პასუხი, როგორც კი ცნობილი გახდა, როგორც კი სახელმწიფომ გაიგო, რომ კოვიდინფიცირებული ვარ, ზუსტად 10 წუთში დამირეკა ოჯახის ექიმმა. რასაკვირველია პაციენტის ტესტის პასუხი ოჯახის ექიმთანაც იგზავნება. გამომკითხა ოჯახის ექიმმა დეტალურად, ყველა სიმპტომზე ვისაუბრეთ, რამდენი მქონდა სიცხე, როგორ მოქმედებდა სიცხის დამწევი საშუალება, რა მტკიოდა და ა.შ. მოვუყევი, რომ დამეწყო შეციებით, პარასკევს გამიძლიერდა ციება და მქონდა სიცხე, თუმცა, ყველაზე ცუდად შაბათს ვიყავი, ამტკივდა ყელი ძალიან, მქონდა მაღალი სიცხე, მაციებდა, მაცხელებდა, ამიწევდა ტემპერატურა, დავლევდი წამალს, დამიწევდა და მალევე ისევ ამიწევდა, მქონდა ოფლიანობა, სისუსტე.

ოჯახის ექიმმა ჩემი გამოკითხვის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ჩემი მდგომარეობა საყურადღებოა და ჩემთან საუბრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში დარეკა.

ძალიან მალე დამირეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან, მესაუბრნენ, გამომკითხეს მათაც სიმპტომების შესახებ და მითხრეს, რომ ჩემი მდგომარეობა გართულებულია, მეტად რომ არ დამძიმდეს და ჰოსპიტალიზაცია არ დამჭირდეს, გადაწყვიტეს, რომ მომაწოდონ კოვიდის პრეპარატი – “პაქსლოვიდი”, მომაწოდონ თავად სახლში.

დავასრულე თუ არა ჯანდაცვის სამინისტროსთან საუბარი, დამირეკეს და მითხრეს, რომ კურიერი უკვე ემზადება წამლის წამოსაღებად და მისამართი დააზუსტეს.

შემდეგ, ისევ დამირეკეს ჯანდაცვიდან და გადაამოწმეს, გარდა იმისა, რა მედიკამენტებიც არის ჩემ ისტორიაში მითითებული, კიდევ რამე წამალს ხომ არ ვიღებ. აქვე ვიტყვი, რომ ისრაელში ერთიანი ბაზაა სამედიცინო ანკეტების და ექიმს ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია ნახოს, რა მედიკამენტებს იღებ, როდიდან, რა დაავადებები გაქვს გადატანილი და ა.შ. მითხრეს, რომ კოვიდის წამალს, რომელსაც მიგზავნიან, ზოგ მედიკამენტზე შეიძლება უკუჩვენება ჰქონდეს და ამიტომ, აინტერესებდათ, ხომ არ არის მედიკამენტი, რომელსაც ვსვამ, მაგრამ შეიძლება ანკეტაში არაა მითითებული? სხვათა შორის, კოვიდის წამალს ყველას არ აძლევენ, მხოლოდ იმას, ვისი მდგომარეობაც რთულდება. ასევე მაქსიმალურად ერიდებიან, წამალი არ მისცენ სახლის პირობებში მას, ვისაც ჰიპერტონია აწუხებს, რადგან მცირედით, ეს წამალიც იწვევს ჰიპერტონიის მატებას და თავს იზღვევენ.

ამის შემდეგ მივიღე შეტყობინება პოლიციისგან, ვიცით, რომ ინფიცირებული ხართ და გთხოვთ, გარეთ არ გახვიდეთ, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და შევამოწმებთო. მინდოდა მეპასუხა, არ მაქვს სიარულის თავი-მეთქი, მაგრამ არ იგზავნებოდა უკან პასუხი – ბოლოს წინადადებას ვხუმრობ, რასაკვირველია, პირიქით, სასიამოვნო განცდაა, როცა ხვდები, როგორ აკონტროლებს ინფიცირების გავრცელებას ქვეყანა.

შემდეგ, კიდევ ერთხელ დამირეკეს ჯანდაცვიდან და კიდევ ერთხელ, ჩემთან ერთად გაიარეს მკურნალობის მეთოდი, დარწმუნდნენ, რომ გავიგე წამალი როგორ და რამდენჯერ უნდა მივიღო – 5 დღე, დღეში ორჯერ დილით და საღამოს 3-3 აბი. შეიძლება მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავში, ფაღარათის მსგავსი, შეიძლება არც გამოიწვიოსო, მაგრამ მაინც ხაზი გაუსვეს ამას და მითხრეს, რომ ბევრი წყალი უნდა მივიღო. აქვე ვიტყვი, რომ მართალია, ეს წამალი ჯერ არ არის საქართველოში, მაგრამ ექიმის გარეშე მისი მიღება არ შეიძლება.

ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დამირეკა ოჯახის ექიმმა. მომიტანეს წამალი სახლში. პირველი დოზა უკვე მივიღე.

საღამოს ისევ დამირეკეს, გამოიკითხეს მდგომარეობა, კიდევ ერთხელ გაიარეს ჩემთან ერთად დედლაინი, კიდევ ერთხელ გამომკითხეს სიმპტომებზე.

მოკლედ – ესაა სისტემა. არავინ არ მიძებნია, აქეთ მეძებს და მირეკავს ყველა. ჩემი დაც ექიმია და მას კოვიდპაციენტებიც აბარია, მისი პაციენტებიდან ასს რომ დაუდასტურდეს კოვიდი, ასივეს დაურეკავს და ღამით არ იძინებს, ლამის, ვიცი როგორ ყურადღებას აქცევს, ამის შემსწრე ვარ, მაგრამ მაინც ისეთი სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ასეთი ყურადღება, ასეთი ოპერატიულობა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ნდობა მაქვს ისრაელის ჯანდაცვის, მაინც არ ველოდი ამდენ ზარს. ვგრძნობ, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის ჩემ სიცოცხლეს და თავს ნამდვილად დაცულად ვგრძნობ.

– გკითხეს კოვიდკონტაქტებზე?

– არა. ადრე კითხულობდნენ, ადგენდნენ კლასტერებს, ახლა აღარ, შესაძლოა იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია უკვე. ახლა კოვიდკონტაქტი აქ, ისრაელში კარანტინსაც არ გადადის და არც ტესტირების ვალდებულებას არ აკისრებს მათ მთავრობა.

– ბევრს საუბრობენ საქართველოში ნიღბებზე, ზოგი ექიმი გვეუბნება, რომ ორი ნიღაბი უფრო გვიცავს, ზოგი კი ამბობს, რომ ენ-95 უნდა გავიკეთოთ, რა ხდება ისრაელში მაგ მხრივ?

– ჩვეულებრივად, ერთ სამედიცინო ნიღაბს ვატარებთ. არაფერი განსაკუთრებული. მინდა გაიგოთ ერთი რამ: არ შეიძლება ისრაელის და საქართველოს შედარება! არაფრით! ისრაელი – 9 მილიონ 400 ათასი. 2018 წლის პირველ კვარტალში აეროპორეტში გაიარა 4 248 156 -მა მგზავრმა!!! ანუ, წარმოიდგინეთ რამდენი დაინფიცირებული შემოვიდა პირველ ეტაპზე, პანდემიის დასაწყისში ქვეყანაში!!! ისრაელმა ყველა ქვეყნიდან ჩამოიყვანა სპეციალური რეისით ისრაელის დაინფიცირებული მოქალაქენი და მათი ოჯახები ისრაელში სამკურნალოდ. ისეთებიც, რომლებიც მოქალაქენი არიან და არ ცხოვრობენ ისრაელში. ოჯახებში შიდა გავრცელებას ქონდა ადგილი. ათასობით ავადმყოფი საკუთარი ინიციატივით შემოიყვანა ქვეყანაში, მათ კი მათი ოჯახები დაემატათ. ისრაელის ჰაიტეკის აპარატურის ყველა ქარხანა მყისიერად გადავიდა სასუნთქი აპარატების მზადებაზე. ისრაელის საავადმყოფოები მარტო თელ-ავივში არის 5 უდიდესი საავადმყოფო: შიბა-თელ ჰა შომერ, იხილოვ, ბელინსონ, მაიან ხაიმ, ვოლფსონ. ეს საავადმყოფოები მედ. ქალაქები უფროა. მაგალითად, თელ ჰაშომერის საავადმყოფოს, რომელიც გადაჭიმულია 800 დუნამზე აქვს 1430 საწოლი, 400000 კვ.მ ჩაშენებული ფართით, 78 ლიფტი, 5300 მანქანის პარკინგით, ამ პარკინგში 15 000 მანქანის შესვლა-გამოსვლა ხდება, 7000 მედ-პერსონალი, (ექიმი, ექთანი, სანიტარი), მინი აეროპორტით, სამხედრო და გადაუდებელი შემთხვევების ვერტმფრენებისათვის და სამხედრო ბაზით… გავაგრძელო?… დაახლოებით ასევეა იხილოვიც და ბელინსონიც და ყველა ეს საავადმყოფოები ერთი მეორესგან დაცილებულია 4 დან 8 კმ მდე! სასწრაფო სამედიცინო დახმარება – 25 ათასი თანამშრომელი, უძლიერესი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი რეანიმობოლებით… 5 დღეში თელ ჰა შომერის ერთ ერთ პარკინგზე, გააკეთეს უზარმაზარი საველე კლინიკა, მთელი ინფრა სტრუქტურით, საწოლები, მონიტორები, გათბობა, ვენტილაცია, 3 ათასი საწოლით. აღარაფერს ვიტყვი, ვაქცინაციას როგორ გაართვა თავი. მე მგონი გასაგებია, რომ ისრაელმა დაამარცხა კორონა! და დაამარცხებს ბოლომდე. მაგრამ მარტო ისრაელის გამარჯვება არაა საკმარისი. ისრაელი შეიძლება გაიწმინდოს, მაგრამ მოუწევს დღეს თუ არა ხვალ საზღვრების გახსნა და თუ ყველა არ დავამარცხებთ, გამოდის, რომ არც არაფერი არ გაგვიკეთებია… მსოფლიომ თუ არ გაიმარჯვა, მარტო ქვეყნების გამარჯვება არაფერს არ მოგვცემს. ღმერთო, ბოლომდე გაამარჯვებინე ჩემს ორივე სამშობლოს.

ინტერვიუ კვირას, 7 თებერვალს ჩავწერეთ, 8 თებერვალს, როგორც ანა კოლ-შიმშილაშვილი გვიყვება, გარდა იმისა, რომ დაურეკეს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკითხეს, კართან დახვდა გამოჯანმრთელების სურვილებით ბარათი, თერმომეტრი და პულსოქსიმეტრი (სატურაციის საზომი ხელსაწყო).

ანა კოლ შიმშილაშვილი:

გუშინ ღამით უკვე გაცილებით უკეთ ვიყავი და დღესაც დღის მანძილზე, ნამდვილად ბევრად უკეთ ვარ. ორჯერ გავიგონე კარზე ზარი, მაგრამ ვერ მოვახერხე იმ დროს მისვლა, მოგვიანებით აღმოვაჩინეთ კართან ყუთი, სადაც მოთავსებული იყო ბარათი, თერმომეტრი და პულსოქსიმეტრი. გამოგზავნილი იყო სადაზღვევო კომპანიიდან, სადაც დაზღვეული ვარ, თუმცა, აქვე გეტყვი იმასაც, რომ სადაზღვევო კომპანიებიც სახელმწიფოს, კერძოდ კი, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია ისრაელში. თერმომეტრი მქონდა, პულსოქსიმეტრი არა, თუმცა, რომ არ მოვიტყუო, საჭიროების შემთხვევაში მის ყიდვასაც უპრობლემოდ მოვახერხებდი, მთავარი ისაა, რომ ყველა ქმედებით, ყველა სიტყვით მაგრძნობინებენ, რომ მარტო არ ვარ, სახელმწიფო ჩემ გვერდითაა, ვარ დაცული და ჩემი სიცოცხლე მნიშვნელოვანია. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამაზე სასიამოვნო.

“ალია” შეგახსენებთ, ისრაელმა “კოვიდ-19”-ის სამკურნალოდ კომპანია “ფაიზერის” მიერ შემუშავებული მედიკამენტი “პაქსლოვიდი” მაშინვე დაამტკიცა გასული წლის დეკემბერში, როგორც კი პრეპარატმა აშშ-ის “საკვების და წამლის სააგენტოს” ავტორიზაცია მიიღო და ისრაელმა პირველივე ჯერზე 100 000 აბი  იყიდა. მედიკამენტის გამოყენება 12 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის არის რეკომენდებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “პაქსლოვიდის” შემოტანას, საქართველოს მთავრობა 10 იანვარს დაგვპირდა. 10 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა: “ჩვენ ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ კოვიდ-ინფიცირებულთა მკურნალობას. ასევე, შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება “ფაიზერის” და “მერკის” წარმოების მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ ეფექტიანიაì.

რა ოდენობის მედიკამენტების მიღებას ელოდება ქვეყანა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

“ფაიზერის”  დამზადებული მედიკამენტის სახელწოდებაა “პაქსლოვიდი” და “მერკის”  – “მოლნუპირავირი”. თუმცა, აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დეკემბრის ბოლოს, საფრანგეთმა განაცხადა, რომ გააუქმა “მოლნუპირავირის” შეკვეთა. ქვეყანამ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც კომპანიამ გამოაქვეყნა მონაცემები მედიკამენტის მოსალოდნელზე ნაკლებად ეფექტიანობის თაობაზე. კლინიკური კვლევების თანახმად, ტაბლეტი 30%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს მაღალი რისკის პაციენტებში.

“ფაიზერის” მტკიცებით, კი “პაქსლოვიდი” 90%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. ლაბორატორიული კვლევებით, წამალი ინარჩუნებს ეფექტიანობას სწრაფად გავრცელებადი ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგაც.

ვნახოთ, მაინც რომელი მედიკამენტის შემოტანას გადაწყვეტს საქართველო – “პაქსლოვიდის”, თუ “მოლნუპირავირის” და საერთოდ, შემოიტანს თუ არა და როდის შემოიტანს, რადგან, რამდენიმე კვირა ნიშნავს 2 კვირასაც და 20 კვირასაც. ფაქტი ერთია, რამდენიმე დღეში ერთი თვე, 4 კვირა გავა ამ განცხადების გაკეთებიდან და ისევ უცნობია, ვიყიდეთ, თუ არა მედიკამენტი, რომელი ვიყიდეთ, საფრანგეთის დაწუნებული, თუ ისრაელის მოწონებული, რამდენი აბი ვიყიდეთ და როდის შემოვა ქვეყანაში.

პარალელურად, ჩვენ მუდმივად თავს დაგვძახიან, რომ მთავრობა იდეალურად მუშაობს და რომ პანდემია კარგად იმართება, გვამუნათებენ, რომ უკვე “დიდები” ვართ და თავს თავად უნდა მივხედოთ, კოვიდი თუ დაგვემართა ჩვენი ბრალია, თუ გაგვირთულდა, ისიც ჩვენი ბრალია და სამწუხაროდ, კოვიდ გარდაცვლილებსაც თავად მიუძვით საკუთარ სიკვდილში ბრალი. სახელმწიფო წუწუნებს, რომ რესურსი არ ჰყოფნის და ამდენ ზარს ვერ აუდის, თუმცა, ომიკრონი რომ სწრაფად ვრცელდებოდა, ამას თავად აანონსებდა და ნუთუ, ცხადი არ იყო, რომ სწრაფი გავრცელებისას, ზარების ოდენობაც გაიზრდებოდა? ცხადია არ იყო, რომ სერვისი უნდა გაფართოებულიყო? იტყვიან ახლა, ისრაელს ბევრი ექიმი ჰყავსო, ისრაელს მოქალაქეც ბევრად მეტი ჰყავს, ამ პრინციპით. დღეს 112-მა განცხადება გააკეთა და გვითხრა, თუ კოვიდი დაგიდასტურდებათ, დაფიქსირდით 112-ში, დარეკეთ, ან რეგისტრაცია გაიარეთ და რეგისტრაციიდან 48 საათში თუ არ დაგირეკავთ ოჯახის ექიმი, მერე 1522-ზე დარეკეთო. მართალია, მოქალაქეები გვწერენ, რომ ვერც 1522-ზე ახერხებენ დარეკვას, მაგრამ ასეც რომ იყოს, სიმპტომების გამოვლენასა და ტესტის აღებასა და ტესტირების პასუხის მიღებაში, მინიმუმ ერთი დღე ხომ გადის? შემდეგ კიდევ 48 საათი უნდა ელოდოს ექიმის ზარს, თავად არ უნდა დარეკოს, არ უნდა შეაწუხოს მოქალაქემ სახელმწიფო და მინიმუმ 72 საათის მერე სცადოს 1522-ზე დარეკვა? და თუ გართულდა ამასობაში მდგომარეობა პირველ 72 საათში და მივედით იმ ზღვრამდე, რომ ვეღარ ვშველით? განა ექიმმა იმიტომ არ უნდა დარეკოს, რომ სპეციალური კითხვარით, რომელიც წესით, უნდა გქონდეთ, გაარკვიოს, ხომ არ მძიმდება პაციენტის მდგომარეობა?

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ომიკრონის შტამი მაქვსო და არ დარეკოთ 112-ში პრემიერო, გადატვირთულია. ნეტავი, პრემიერს თუ დაურეკავენ და რამდენნი? ცნობილი ექიმები, აი, თან ჩინოვნიკები რომ ხართ და თან ექიმები, თან დეპუტატები რომ ხართ და თან ექიმები, რიგში დგახართ, ალბათ, რომ პრემიერს დაურეკოთ და არ გცოდნიათ, პირველი 72 საათი არ უნდა დარეკვა, უნდა იჯდეს ჩუმად და გელოდოთ, ამასობაში კი გავა 5-8 დღე და თუ არ გაურთულდება, ხომ კარგი და თუ გაურთულდება, კი იქნება მისი ბრალი. ნუ ურეკავთ პრემიერს, ექიმებო, წამდაუწუმ, ახალი “პროტოკოლია”, მინიმუმ 72 საათი ხმა არ უნდა გასცეთ და ალოდინოთ.

თეგები: ანა კოლ-შიმშილაშვილიისრაელიკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში
ახალი ამბები

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში

14:48 06-24-2025
თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

13:51 06-24-2025
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

13:48 06-24-2025
#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved