“სააკაშვილმა თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს მის ფიზიკურ განადგურებას და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო კანდიდატს ხაზავენ, მონაწილეობას იღებენ მის ფიზიკურ განადგურებაში, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ციხეში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილება გააზრებული აქვს და დარწმუნებულია, რომ მის თავისუფლებამდე რამდენიმე საათიღაა დარჩენილი.
“საზოგადოებას მარტივი გადაწყვეტილება აქვს მისაღები – ან ირჩევ ღარიბაშვილის გზას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა მოკვდეს ან ირჩევ მეუფე გრიგოლის გზას, რომელიც ამბობს, რომ მას არ უნდა სააკაშვილის გლოვა, მით უმეტეს იმ პრეზიდენტის, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის.
სააკაშვილს აბსოლუტურად გააზრებული აქვს ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო ქვეყანაში ჩამოსვლით. მან თქვა, რომ ხვალ ქართველი ხალხის ხელშია მისი ბედი. ყველას მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ და თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც არ მივა არჩევნებზე, ხელს აწერს სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებას და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც სახელისუფლებო კანდიდატს ხაზავენ, მონაწილეობას იღებენ მის ფიზიკურ განადგურებაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს, რომ არ ვართ ის ერი, რომელიც მის პრეზიდენტს, მისი პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლის განადგურებას უყურებს მშვიდად და ღარიბაშვილივით ხელს მოაწერს მის მკვლელობას.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ მის თავისუფლებამდე რამდენიმე საათია დარჩენილი და ამაში მონაწილეობას ქართველი ხალხი მიიღებს. დაწუწუნება ან მსგავსი ამ ორი საათის განმავლობაში არ მომისმენია. ის ქართველ ხალხს ამხნევებს და ელოდება, რომ ხვალ მისი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას არა რუსების სასარგებლოდ, ანწუხელიძის და ტატუნაშვილის მკვლელების გულის გასახარად, არამედ ჩვენი სამშობლოს გასახარად,”- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ამასთან, ხაბეიშვილი მმართველი გუნდის წევრების იმ განცხადებებს ეხმიანება, რომლის თანახმადაც მათთვის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის მიზეზი უცნობია.
“აუცილებლად უნდა ვთქვა, ღარიბაშვილის და ხელისუფლების პროპაგანდაზე, რომელიც ამბობენ, რომ რატომ შიმშილობს სააკაშვილი, ვერ გაიგეს. სააკაშვილი შიმშილობს იმიტომ, რომ მას ამ დრომდე არ ეძლევა სასამართლოს უფლებაც კი. ხელისუფლებას ვიზუალურად სააკაშვილის გამოჩენისაც კი ეშინია. ამ დრომდე სააკაშვილს არ ეძლევა სატელეფონო ზარის განხორციელების საშუალება, იმიტომ, რომ ხელისუფლებას მისი ხმის გაგონებისაც ეშინია. ამასთან, სააკაშვილის ადვოკატი არ შემოუშვეს ქვეყანაში. სააკაშვილის უფლებები ირღვევა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
კომენტარები