• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, ორშაბათი, 11 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ცრემლებამდე ატკინა ჩემმა წერილმა… მიხვდა, რომ მასაც იგივე ტიპის „ანდერძზე“ უნდა ეფიქრა…” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
14:23 09-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული 55 წლის გახდა. მას დაბადების დღეს მეგობარი, ექიმი ნანა გეგეჭკორი ულოცავს და წერს:

„ამერიკაში ახალჩამოსული, პროფესიული გზის გასაკვლევად საჭირო ინფორმაციის მოპოვებას სხვებივით მეც უკვე გზაგაკვალული, უფროსი კოლეგებისგან ვცდილობდი.

სოციალურ სივრცეში სრულიად შემთხვევით, საინტერესო ჩანახატით მივაკვლიე ზურაბ გურულს. სრულიად უცხოს რჩევა ვკითხე სალიცენზიო გამოცდებთან დაკავშირებით. რამდენიმე წუთში, ზრდილობიანი და თბილი ტონით შეფერილი ამომწურავი პასუხები მივიღე ყველა კითხვაზე.

ასე გადავიკვეთეთ პირველად. მას მერე ხშირად მიკითხავს რჩევა ზურასთვის და არასდროს დამზარებია გზამკვლევად საკუთარი გამოცდილების გაზიარებას.

პანდემიის პირველი დღეები ზურას მოკითხვებითაც დამამახსოვრდა. მისი წერილებიდან იგრძნობოდა რომ გულწრფელად განიცდიდა ჩემს შუაგულ კოვიდ-ცეცხლში ტრიალს. რამდენიმე სხვა კოლეგასთან ერთად, ზურასაც ყოველდღიურად ვუზიარებდი რთულ ამოცანებს. ერთად ვცდილობდით პასუხების პოვნას.

ასე დაიწყო კოლეგიალური მეგობრობის ეტაპი.

გამონაკლისი არ ვყოფილვარ, კორონავირუსით ინფიცირების ეჭვი სიკვდილის შიშით შემოიპარა ჩემში. სწრაფად გავიაზრე, მძიმედ დაავადების ალბათობა ხშირად რისკის ჯგუფში არ მყოფთაც აქვთ და ჩემი ოჯახისთვის როგორღაც უნდა ამერიდებინა ურთულესი გადაწყვეტილებების მიღების ჯოჯოხეთური ტვირთი.

გამოსავალზე დიდხანს არ მიფიქრია. ზურას მივწერე ვრცელი წერილი, სად უნდა შეწყვეტილიყო ჩემი მკურნალობა თუ გონებას დავკარგავდი და გადაწყვეტილებების ტვირთი ოჯახის წევრებზე გადავიდოდა. უიმედო პროგნოზის შემთხვევაში, ზურას ჩემთვის მკურნალობის შეწყვეტის გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ჩემი ოჯახი უნდა დაერწმუნებინა ჩემი სურვილების სისწორეში.

ცხადია, ოჯახის წევრებს ამ სურვილებს ვერ გავანდობი, ყველა არა-ექიმია პროფესიით და ასე მხოლოდ სასიკვდილოდ შევაშინებდი. პასუხს დიდხანს ველოდი. ვხედავდი რომ წერილი წაიკითხა, მერე დიდხანს დახტოდნენ მესინჯერის კუთხეში წვრილი წერტილები რაც მიმანიშნებდა რომ პასუხს მწერდა…

წერტილებმა არასდროს დაასრულეს ტრიალი და ბოლოს ერთი მოკლედ წინადადებით მიპასუხა, – დანამდვილებით ვიცი გამოჯანმრთელდები.

მივხვდი, რომ ლამის ნახევარი საათის ნაწერი წაშალა. მოგვიანებით მომიყვა, რომ ცრემლებამდე ატკინა ჩემმა წერილმა და დიდხანს წერის მერე მიხვდა, რომ ჩემი გადაწყვეტილების გაპროტესტებას აზრი აღარ ჰქონდა. მეტიც მასაც იგივე ტიპის „ანდერძზე“ უნდა ეფიქრა.

ვერც ზურა გადაურჩა კოვიდს და მალე მეც მივიღე მისგან ანალოგიური წერილი. მივხვდი რატომ წერა და შალა პასუხი ლამის მთელი საათი… ყელზე მომდგარი ცრემლის ბურთი დიდხანს ვერ მოვიშორე…

რამდენიმე დღეში ჰოსპიტლის სპეციალურმა სამსახურმა დამირეკა, ჩვენმა პაციენტმა მკურნალობაზე გადაწყვეტილების მიმღებად თქვენ მოგნიშნათ და საუკეთესო საკონტაქტო ნომერი მოგვეცით რომ ადვილად შევძლოთ თქვენთან დაკავშირება მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა თუ დაგვჭირდაო.

მთელ ოჯახს არ გვეძინა. დაღლილს თუ მიმეძინებოდა გიორგი (მეუღლე) მაღვიძებდა, აბა დაურეკე ექთანს როგორაა ჩვენი პაციენტიო. ზურას შტატი რამდენიმე ათასი კილომეტრითაა მოშორებული ნიუ-იორკს. ჩაკეტილი ფრენების გამო ოჯახის წევრებს მოწყვეტილი იყო.

მთელმა ოჯახმა ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ ზურას მდგომარეობა გაუარესდებოდა მე წავიდოდი მის მოსავლელად რათა სირთულეებთან მარტო არ დარჩენილიყო. გიორგიმ ის ღამე ჩემთვის საუკეთესო ფრენის მარშრუტის შერჩევაში გაატარა, მე ექიმ-ექთნებთან მუდმივ კომუნიკაციაში, რომ ზუსტად მცოდნოდა როგორი იყო მისი ყოველი ამოსუნთქვაა. დილით ზურას ოჯახი ელოდა ჩემს ზარს და ვიცოდი დედამისისთვის და ქეთისთვის ცუდი ამბები ვერ მექნებოდა. როგორმე უნდა გადარჩენილიყო გართულებებს.

კლინიკაში პირველივე წუთიდანვე გახდა პერსონალის ფავორიტი პაციენტი, მოთმინების უნარით, ზრდილობიანი და საოცრად თბილი დამოკიდებულებით ყველას მიმართ. ჩემს ზარზე, ოპერატორი სასწრაფოდ დატრიალდებოდა ხოლმე და შორიდან მესმოდა ხმა, გურულის და რეკავს ნიუ-იორკიდან, სასწრაფოდ მოვიდეს მისი ექიმი, არ ანერვიულოთ დიდხანს ლოდინითო.

ექიმიც, ავადმყოფობის დეტალებამდე, კომპლიმენტებს არ დაიშურებდა, თქვენმა ძმამ ყველას საოცრად შეგვაყვარა თავი, ასეთი მშვიდი და ძლიერი პაციენტი ჯერ არ გვყოლიაო.

საბედნიეროდ ლეილა დეიდასთან და ქეთისთან ყოველ დღე მხოლოდ კარგი ამბები მომქონდა. სირთულეებიც მალევე გადაილახა და ზურა სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულ რუტინას.

კოვიდმა ჩვენს მეგობრობას რამდენიმე ახალი ფერი შემატა. ზურასთვის ექიმი გავხდი, ქეთისთვის მეგობარი, ლეილა დეიდამ უნდა გიშვილო, გოგო არ გვყავდა და აი შენც გამოჩნდიო, მისისიპის ერთმა ჰოსპიტალმა კი ზურას ნიუ-იორკელ, ექიმ დად მომნათლა.

მანამდე პლაქვენილის ომი გამოვიარეთ… ლამის მთელი სამთავრობო მანქანა, ტროლ-ბოტების ქარხანა და ბოროტი ადამიანების მთელი არმია ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევების ნაცვლად ზურას გაშავებაში ათენ-აღამებდა. ამაყი ვარ, რომ ამ დროს მის გვერდით მყოფ ერთეულებს შორის ვიყავი. სიმშვიდით და მოთმინებით ვპასუხობდით ჩვენი მისამართით ნასროლ ტალახს, რადგან ღრმად გვწამდა ჩვენს პაციენტებთან მართალნი ვიყავით. ჩვენი სიმართლე ცოდნასა და მეცნიერებაში იყო.

დრომაც მალე მოიტანა ასეულობით მტკიცებულება, რომ პლაქვენილით მკურნალობა არანაირ სარგებელს არ შეიცავდა, მეტიც რაღაც ჯგუფებისთვის საზიანოც კი იყო…

„მდინარემ მიცვალებულები რომ ჩამოატარა“ ზურას რეაქციას დეტალების სიზუსტით ვაკვირდებოდი. გულით მინდოდა არ დასცდენოდა, რომ გაიმარჯვა… არც დასცდენია… მან მართლა გაიმარჯვა, იმით რომ არ გაბოროტდა და არასდროს დააყვედრა ადამიანებს, ვინც უკიდურესად უსინდისოდ მოექცა, რომ ასეულობით მტკიცებულება დაგროვდა მისი კლინიკური ეჭვის სასარგებლოდ და რომ ყველა ქვეყანამ ერთიანად პლაქვენილი გააქრო კოვიდის მკურნალობის გაიდლაინებიდან.

მივხვდი, ის საიმედო მეგობართან ერთად საოცრად დიდსულოვანი ადამიანიც იყო.

პანდემიამ საქართველოშიც მოიკრიბა ძალა და ქარს გაატანა თეორიები „ღვთისმშობლის წილხვედრობასა“ თუ მუშკეტერულად ნამართ პანდემიაზე… კოვიდ-სიკვდილმა ქართული კლინიკების პალატებში დაისადგურა. ჩვენი ინბოქსი შიშმა მოიცვა…

საათობით ვისხედით ორივენი კომპიუტერებთან, ღამეებს ვატენებდი სამსახურიდან მოსულები, ასეულობით შეშინებულ ადამიანებს ვპასუხობდით, კლინიკურ ამოცანებს ვხსნიდით კოლეგებისთვის, ერთმანეთს ვუზიარებდით რთულ შემთხვევებს და გაუთავებლად ვეძებდით საუკეთესო გამოსავალს.

მალევე მივხვდით, ამ კითხვებზე უფრო სისტემური პასუხები იყო საჭირო. ასე დაიბადა ჩვენი პირველი, საერთო, კოვიდის არაჰოსპიტალურ პირობებში მართვის გზამკვლევი. ამას მოჰყვა წერილები და ფოტოები ქართველი კოლეგებისგან, როგორ პოულობნდნენ სასწრაფოს ექიმები პაციენტების ოჯახებში, მაცივრის კარებზე გაკრულ ჩვენს რჩევებს… მერე იყო რამდენიმე „ფეისბუკ ლაივი“, პაციენტებისთვის გასაგებ ენაზე გაზიარებული უამრავი ლიტერატურა, პირადი გამოცდილება თუ გზამკვლევი.

პროფესიულმა მეგობრობამ ახლა უკვე სხვა სიღრმეში გადაინაცვლა. სრულიად განსხვაებულ გარემოში მიღებული გამოცდილება უსიტყვოდ იქცევა ხოლმე საერთო გზამკვლევებად…

კოვიდით დაწყებულ მეგობრობას ქეთი, ბაჩო, დადუ, ზვიადი და ზურას დედ-მამა შეემატა…
მთელი ეს პერიოდი არ გამნელებია აღფრთოვანება ზურას კოლეგიალობით, ადამიანობით, აზროვნების მასშტაბით, ემოციების სიღრმეებით… ყველაფერთან ერთად ის უჩვეულოდ მშვიდი, დამყოლი და სასიამოვნო პაციენტიც აღმოჩნდა.

და მთელი ეს პერიოდი მე და ზურა ფიზიკურად ერთმანეთს არ ვიცნობდით…

გილოცავთ ზურას დაბადების დღეს. ბევრი ბედნიერი წელი გქონოდეთ წინ ყველას ერთად. გულით მიხარია რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში.

დაბადების დღეს გილოცავ მეგობარო“

თეგები: ზურაბ გურულინანა გეგეჭკორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

12:32 08-11-2025
თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი – სანდოობა, როგორც ინოვაცია
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი – სანდოობა, როგორც ინოვაცია

12:28 08-11-2025
ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

20:25 08-08-2025
კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა
ახალი ამბები

კინო გზაზე – თიბისის მხარდაჭერით, კინოპროექტმა საქართველო მოიარა

16:50 08-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved