თურქეთში ახალი კოვიდრეგულაციების შემოღების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ ვაქცინაციის, ტესტირებისა და პირბადეების ტარების შესახებ შემოღებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ.
დემონსტრანტების თქმით, ახალი კოვიდრეგულაციები ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს ზღუდავს და სავალდებულო არ უნდა იყოს.
თურქეთის ხელისუფლებამ კვირის დასაწყისიდან საქალაქთაშორისო ფრენებზე, ავტობუსებსა და მატარებლებზე მგზავრებისგან ვაქცინაციის ან კოვიდ 19-ზე ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი მოწმობების მოთხოვნა დაიწყო, ასევე, მათთვის, ვინც ესწრება დიდ ღონისძიებებს, როგორიცაა კონცერტები ან თეატრალური წარმოდგენები.
სკოლის ყველა არავაქცინირებული თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს PCR ტესტი კვირაში ორჯერ. პირბადეები და სოციალური დისტანცია აუცილებელია.
თურქეთში მოსახლეობის დაახლოებით 64 პროცენტი სრულად აცრილია. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურად კორონავირუსის 23 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
კომენტარები