მექსიკის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ აბორტისთვის დასჯა არაკონსტიტუციურია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ სასამართლოები აბორტთან დაკავშირებული საქმეების განხილვას ვეღარ შეძლებენ.
მექსიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, არტურო ზალდივარმა განაცხადა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია ყველა ქალისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ქალებისთვის.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ კოაუილას შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლი, რომელიც ადრეულ ვადაზე ორსულობის შეწყვეტისთვის ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
აქამდე 12 კვირამდე ვადის ორსულობის ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტა დაშვებული იყო მხოლოდ მეხიკოში, ასევე ვერაკრუსის, იდალგოსა და ოახაკას შტატებში.
კომენტარები