“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე:
“ლექსოს გარდაცვალებიდან დღემდე მედიის მიმართ სოლიდარობის გარდა მკვეთრად გამოხატული, შენიღბული, თუნდაც ირიბად გამოხატული პოზიციონირება არ შემხვედრია. დღეს სხვაგვარად გათენდა.
ამას თავის ახსნა აქვს. ვიღაცას პერსონალურად შეეხო პროტესტი, ვიღაც დაიღალა, ვიღაცას სიცრუით ნაკვები მოსაზრებები შეასაღეს და ახლა ურჩევნია პროტესტის შუაგულს გამოეცალოს, ნაპირზე გადგეს და იქიდან ნეიტრალური, უფრო დაბალანსებული აზრები გამოთქვას. ეს მდგომარეობაც შეიცვლება. ეს ხალხი ნაპირიდანაც გაქრება და იმ შეცდომების დაშვებას დაელოდება, რაც ყველა პროცესს მოყვება ხოლმე.
ამაში გასაკვირი არაფერია. უფრო სწორად, მე აღარ მაოცებს ადამიანების გულგრილობა. მივეჩვიე…
ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ ბრძოლა განსაკუთრებული უნარია და მის გამოუმუშავებლობაში ბევრი ფაქტორია დამნაშავე.
როდესაც მოვლენებს ვაანალიზებ, ჩემი ფიქრი სულ იქითკენ მიტაცებს, ნეტა, რა იქნებოდა მაშინ,როცა ადამიანის სიმხეცის მაქსიმალური გამოვლინება დაძრწოდა ჩვენს ქუჩებში, თუნდაც ერთი მიკროფონი რომ გვქონოდა.?
გუშინ გაბედეს და გვითხრეს, რომ – გავიგეთ, გარდაიცვალა ლექსო, მაგრამ სიცოცხლეს ხომ არ შევწყვეტთ, ცხოვრება გრძელდება… ამ ხალხს მიკროფონს თუ ჩამოაშორებთ, აუცილებლად გვეტყვიან მტკიცებით ფორმაში, რომ -კარგი რა, გარდაცვალების რეალური მიზეზი ხომ ყველამ ვიცით, ზედოზირებით გარდაიცვალა… თუ ვინმე ჩაეკითხება ამ ზომბებს, იმაზე რას იტყვით 53 ჟურნალისტი რომ ნაცებია, ამაზეც აქვთ პასუხი-ძალადობას გმობენ, მაგრამ ჟურნალისტებსაც ზედმეტი მოსდით, ისინი გამომწვევად იქცევიან..
სინამდვილეში,რა არის ის “ზედმეტი”?
კითხვის დასმა?
კარგად მოქცევაში რა იგულისხმება, არსებული კითხვების არ დასმა?
პრობლებებისადმი წაყრუება?
დრო გამოხატვის ფორმებს ცვლის და პროტესტისადმი პასუხსაც. ასე იყო ადრეც. უმიკროფონო, უტრიბუნო პროტესტისას ხალხს უმოწყალოდ ხვრეტდნენ და ჩვენს გვერდით მცხოვრები არტისტები, ექიმები, პოეტები თუ სხვები დუმდნენ. მიდით აბა, კითხეთ, იმ დროს კუთხეში მიყუჟულ “მოაზროვნეებს” რას გეტყვიან? სინდისი არც შეაწუხებთ, ისე გამოსცემენ ძალადობის მგმობელ მანიფესტებს .
ახლა ხომ ყველას უგვანობა ხელის გულზე დევს და შეფასებაც შესაბამისი გვაქვს, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილის რეაქცია მაკვირვებს, რომელთა აღშფოთება ჩვენსკენაა მომართული, ვინც ჩვენს ზურგზე ვიწვნიეთ ყოველი პროტესტის შემდეგ გვამების თვლა. ამ ხალხს მიგვითითებენ ვიყოთ უფრო ცივილური და გენიოსების ხანდაზმულ ხელში თუ ჩოგანს დავინახავთ, იმან უფრო დიდი კვალი დატოვოს ჩვენ აღქმაზე, ვიდრე იმან რაც გვახსოვს.
გვახსოვს კი ის, რომ ყრუ, ბრმა გარემოში ამ ქვეყნის მცველებს რომ კლავდნენ, ზოგ “ინტელიგენტს” თავად ეჭირა კალაშნიკოვი და ზოგი დახვრეტილი საქართველოს პარალელურად ელაქუცებოდა მკვლელ შევარდნაძეს, ჯაბას და ა.შ… მერე მოსკოვის ბილეთს აიღებდა და ჟენ’ა პრიმაკოვთან ერთად “საქართველოს დღეებს” აღნიშნავდა. ახლა ხომ ყველა გამოხატავს დაუფარავ პოზიციას მათ მიმართ, ვინც სამთავრობო ღონისძიებებს ესწრება და მათი სახელები ხომ არასდროს დაგავიწყდებათ?
ასეა, მეგობრებო, არავის არაფრისკენ მოგიწოდებთ, მაგრამ ვისაც ახლა ლექსოს სიკვდილით მიყენებული ღია ჭრილობები გვაქვს, იმას კი ნამდვილად გთხოვთ-ჩვენი მოუშუშებელი ტკივილებისადმი გამოიჩინეთ მეტი თანაგრძნობა და ნუ გაგიკვიდებათ, რომ ჩოგანის მოქნევაზე მეტად ის ნატყვიარი უფრო გვაწუხებს, რომელიც დღემდე გვკლავს და არსად წასულა.
მთავარი კი ის არის,
არ შეგვეშინდეს!
არ დავიღალოთ!
აუცილებლად მოგვაწებებენ გიჟის, უზრდელის, მიცვალებულის სახელით მოვაჭრის და ათასგვარი სიბინძურტით გაჟღენთილ იარლიყს, მაგრამ უნდა გავუძლოთ. უნდა გვესმოდეს,რომ მთავარი იარაღი ჩვენს ხელშია და ეს არის ყველაზე მშვიდობიანი გზა ბრძოლის გამარჯვებით დასრულებისთვის. ეს იარაღი თავისუფალი ტრიბუნა და ასობით მიკროფონია, რაც უნიკალური შესაძლებლოიბაა იმის, რომ მოკლული თანამებრძოლის ტკივილით გამოწვეული პროტესტი ყრუ კედელს კი არ შეახეთქო, არამედ ერთმანეთს გავუზიაროთ და პროტესტის მასშტაბი გავზარდოთ.
გავუფრთხილდეთ თავისუფალი სიტყვის შესაძლებლობას. ეს ერთადერთია რაც შეგვრჩა 30 წლიანი უთანასწორო ბრძოლის შედეგად.
მაშინ რომ თუნდაც ერთი მიკროფონი გვქონოდა…”
კომენტარები