ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. მეორე დღეა იქ სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა. ამ წუთებში 50 მეხანძრე-მაშველის და ერთი ვერტმფრენის მიერ ხდება არსებული კერების ლიკვიდაცია.
გუშინ კი ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟების გარდა, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში მონაწილეობდა რეინჯერთა ჯგუფიც.
იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ლიკვიდაცია მოხდა, მესაზღვრეებმა დაკვამლიანება გუშინ ისეც შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს.
ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი მიუვალ ადგილას ოთხი დღის წინაც გაჩნდა. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ჩაქრობა ცოცხალი ძალით მოხდა. დაახლოებით 7 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა.














კომენტარები