მამინაცვალის თოფიდან გასროლილმა ტყვიამ 20 წლის გოგო იმსხვერპლა. გოგოს მოკვლის შემდეგ, მამინაცვალმა თავი მოიკლა.
ინფორმაციას პროექტი „ფემიციდი – ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი“ ავრცელებს.
ანა პაპაშვილი სტუდენტი იყო. ის თბილისში ცხოვრობდა და სწავლობდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას ეუფლებოდა და ნახევარ განაკვეთზე სუპერმარკეტების ერთ-ერთ ქსელში მუშაობდა.
2014 წლის 27 აპრილს, როცა ანამ წერეთლის გამზირზე, თბილისში მამინაცვალს სახლში ესტუმრა, მისი თოფიდან გასროლილმა ტყვიამ ადგილზევე მოკლა.
მოკლული ანა მეგობარმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ნახა და პოლიციასაც მან შეატყობინა.
78 წლის მამინაცვალმა, როცა გააცნობიერა, რომ გოგონა მოკლა, თვითონაც თავში ისროლა.
კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით – განზრახ მკვლელობით – დაიწყო, რაც 7–დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოგვიანებით 116–ე მუხლზე შეცვალეს – მკვლელობა წინასწარი განზრახვის გარეშე, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
სასამართლომ ეჭვმიტანილის გარეშე ჩაიარა, რადგან ის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა, მოსამართლემ განაჩენი მაინც გამოიტანა და გარდაცვლილს მაქსიმუმი – რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორივე მუხლის, 116–ისა და 236–ის გათვალისწინებით – რაც ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვას, შენახვას, ტარებას, წარმოებას, გადაზიდვას, გადაცემას ან გაყიდვას გულისხმობს.
გოგონას გვამი მცხეთასთან ახლოს მდებარე მშობლიურ სოფელ ვარდისუბანში დეიდამ და ბებიამ გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს. თუმცა ხალხს მომხდარის განხილვა არ შეწყვეტილა. მკვლელობის მოტივებსა და წვრილმანებზე აზრი ორად გაიყო: მართლა შემთხვევითი მკვლელობა იყო თუ არა?
რ. ბ. – სხვა მეზობელი: „ყველანი ვიცნობდით იმ საწყალ გოგოს და ერთ დღესაც უცებ მკვდარი გამოიტანეს იმ ნაბიჭვრის სახლიდან. სულ ვაფრთხილებდი ხოლმე, ნუ ცხოვრობ მაგ კაცთან–მეთქი, ეგ იყო ზუსტად, დედამისი რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ამიტომ ანასაც ვეკითხებოდი ხოლმე, რატომ არ ეშინოდა მისი“. მსხვერპლის მეგობრებიც ადასტურებენ იმას, რომ დედამისმა თავი სამი წლით ადრე მოიკლა.
გ.ზ.–ს თქმით „ანა განზრახ არავის მოუკლავს. იმ იმბეცილმა კაცმა ის შემთხვევით მოკლა, იარაღით თამაშობდა უბრალოდ და სულ ეგ იყო, მერე კი, როცა ნახა, რომ ანა მკვდარია, თვითონაც თავი მოიკლა. საქართველოში უამრავი ჭორიკანა ცხოვრობს, ავრცელებენ და ავრცელებენ ჭორებს. ჩხრეკენ სხვების ცხოვრებას და დასკვნები გამოაქვთ, მაშინ, როცა რეალურად რა მოხდა, აზრზე არ არიან. მეზობლების განცხადებებს არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. ბოროტები არიან“.
გ. ჩ.: „უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით. ჩემი კურსელი იყო და ძალიან მეხმარებოდა სწავლაში. როცა მოკლეს, უნივერსიტეტში ყველა ამბობდა, რომ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევაა, მაგრამ როცა ჭორები მისი მეზობლებისგან გავიგე, დავიზაფრე. ისეთი საყვარელი, ისეთი ჭკვიანი და ისეთი მეგობრული იყო ანა, რომ იცოდეთ… ვერაფრით წარმომიდგენია, რომ ვიღაცამ მოკლა. უბრალოდ ვერ დავიჯერებ ამას. შეუძლებელია“.
2014 წელს ანა იყო ერთ–ერთი იმ 35 ქალიდან, რომლებიც მოკლეს. მისი მამინაცვალი იყო ერთ–ერთი იმ 382 ადამიანიდან, რომლებმაც თავი მოიკლეს.
კომენტარები