Bm.ge-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტი შესაძლოა გედევანიშვილის ქუჩაზე, არსენალის მთაზე ახალ ოფისში გადავიდეს. ამას ითვალისწინებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მთავრობის დავალებით გამოცხადებული ბაზრის მოკვლევა, რომელიც არამხოლოდ პარლამენტის, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის კომპლექსის, თბილისის მერიის და ცხრა სამინისტროს არსენალის მთაზე, ახალ ადმინისტრაციულ შენობებში გადატანის მიზნით პროექტირების სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს.
პროექტის ფარგლებში სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია 59,900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული.
ამ დროისთვის პროექტი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არაა.
ბაზრის მოკვლევა 23 დეკემბერს სრულდება, გამარჯვებულმა არქიტექტურულმა ბიურომ პროექტირების სამუშაოები 4 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
ჯერჯერობით უცნობია რამდენი ასეული მილიონი ლარი შეიძლება დაჯდეს ეს პროექტი.
უცნობია რა გეგმა აქვს მთავრობას იმ არსებული შენობებისთვის, რომელთა ფუნქციის გადატანაც არსენალის მთაზე იგეგმება. მაგალითად გაიყიდება თუ არა თბილისის მერიის, ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის თუ სხვა უწყებების არსებული შენობები.
ეს სწორედ ის 77 ჰექტარია, რომელიც კალაძეს უნდა შეეძინა.
არსენალის მთის პროექტის განხორციელებას და $300 მილიონის ინვესტიციის ჩადებას 2007 წელს გეგმავდა კახა კალაძე.
2007 წელს კახა კალაძის მიერ დაფუძნებული “კალა კაპიტალის” შვილობილმა კომპანია “არსენალ დეველოპმენტმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში არსენალის მთაზე არსებული 77 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენის აუქციონში გაიმარჯვა. აუქციონზე მიწა 38 მილიონ დოლარად გაიყიდა, საიდანაც 19 მილიონი დოლარი კომპანიამ დაფარა, თუმცა მეორე ნახევრის დაფარვა ვერ მოხდა, რისი მთავარი მიზეზიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამო გაუარესებული საინვესტიციო მდგომარეობა იყო. აღნიშნულის გამო, სამინისტრომ მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა აღარ მოახდინა.
კახა კალაძის მიერ 2024 წელს გაკეთებული განცხადებით, მას 2011 წლის შემდეგ არავითარი კავშირი არ აქვს კომპანიასთან, რომელიც თბილისში არსენალის მთაზე დეველოპერული პროექტის განხორციელებას გეგმავდა.
სრულად – Bm.ge














კომენტარები