ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:
“დიდი ბლეფი და ომზე უარესი მშვიდობა
პრაქტიკულად ჩვენს თვალწინ ვითარდება ჰოლივუდის იაფფასიანი ჰეროიკული ფილმის სცენარი, როდესაც ამერიკისა და რუსეთის ლიდერები საბოლოოდ გულისამაჩუყებელ გონივრულობას იჩენენ და პლანეტას მასშტაბური ომისაგან იხსნიან. ბუნებრივია ყველაზე მაგარი გმირი ამერიკის ბრძენი პრეზიდენტი იქნება; არადა, ფილმის დასაწყისში ამ პრეზიდენტის პოპულარობა მკვეთრად შერყეული იყო. რა ეკუთვნის ამერიკის ასეთ პრეზიდენტს? ცხადია ნობელის პრემია მშვიდობის დარგში; მისი პრესტიჟი აღდგენილია. ვაშა და ვაშა!
მოქმედება კი სად იშლება? ცხადია სადღაც რუსულ ევროპაში…
ახლოვდება თებერვლის შუა რიცხვები და ათასი ჯურის „ექსპერტი“ სერიოზული სახით ამცნობს საკუთარ პუბლიკას იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღეში მიწა საკმარისად გაყინული იქნება და რუსული ტანკები დაუბრკოლებლად გარიხინდებიან კიევისაკენ. მანამ იგივე „ექსპერტები“ გამალებული ამუშავებდნენ სცენარებს, თუ რა მიმართულებით გაიჭრება რუსული სამხედრო მანქანა და უკრაინის რომელ ნაწილს გაუკეთებს ოკუპაციას. ამერიკის პრეზიდენტი მსოფლიოს ამცნობს, რომ ომი გარდაუვალია; კიევიდან გამოჰყავს საკუთარი დიპლომატიური კორპუსი და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავი გამოარიდონ მოსალოდნელ გადამღობ ცეცხლს. გენერალი მაილი აცხადებს, რომ კიევი აღებული იქნება 72 საათში; შეგახსენებთ ეს ის გენერალია, რომელიც ჩინელ კოლეგას დაჰპირდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ომის დაწყების ბრძანების შემთხვევაში პირველად მას გააფრთხილებდა. 72 საათში …. 72 საათი კი არა, 5 დღე ქართული არმიის გასამკლავებლად დასჭირდა 58-ე რუსულ არმიას, რომელიც გაწვრთვნილი და მომზადებული იყო შეტევითი ოპერაციისათვის და წინ კბილებამდე შეიარაღებული უკრაინელები კი არა, პრაქტიკულად უიარაღოდ დარჩენილი ქართველი ჯარისკაცები ედგნენ.
არადა … უკრაინის საზღვართან მოგროვილია დაახლოებით 150 ათასი რუსი სალდათი; 150 ათასი. გადავხედოთ მეორე მსოფლიო ომის ისტორიას იმავე ტერიტორიებზე. ხარკოვის ასაღებად სტალინმა 700 ათასი სალდათი გაგზავნა; 700 ათასი უკვე დენთნაყნოსი სალდათი. უკრაინის გასათავისუფლებლად საჭირო შეტევაში კი დაახლოებით 2 მილიონი ჯარისკაცი მონაწილეობდა. შეგახსენებთ, ტერიტორიების მასშტაბები არ შეცვლილა, იგივეა. რუსული დაჯგუფების ბრძოლებში გამოცდილი ნაწილი მაქსიმუმ 30-50 ათასს შეადგენს; ეს საუკეთესო ვარიანტში. უკრაინის მხარესაც ჰყავს დაახლოებით ანალოგიური რაოდენობის დენთნაყნოსი მებრძოლები. შეიარაღება კი ორივე მხარეს შთამბეჭდავია. „ექსპერტები“ სერიოზული სახეებით მსჯელობენ, რომ 150 ათასი ჯარისკაცი საკმარისია უკრაინის დასაპყრობად …
ამ თანაფარდობების ლოგიკური გააზრებისას ნათელი ხდება, თუ რა აბსურდია ფართომასშტაბიანი ომის სცენარი. ასეთი ავანტურის წამოწყებას შეშლილი სჭირდება და არა მულტიმილიარდერი ჰედონისტი, რომელიც თავისი ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა სუიციდალური. ფართომასშტაბიანი ოპერაციების განხორციელება რომ რუსულ არმიას აღარ შეუძლია, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი ჰიბრიდულ ომზე გადასასვლელად, სადაც სამხედრო მოქმედებას მხოლოდ კარგად გაწვრთვნილი, მცირერიცხოვანი სპეციალური ძალები ახორციელებენ, ძირითადი როლი კი კიბერნეტიკასა და საინფორმაციო დივერსიას ეკისრება.
და მაინც, რა არის ომის მიზანი? უკრაინის დაპყრობა? ეს წმინდა წყლის სისულელეა. რამდენათასიანი რუსული გარნიზონები უნდა ჩადგნენ უკრაინაში? რამდენი ხნით?
რა რესურსები ეყოფა ამ ავანტურას? მითუმეტეს ტოტალური მსოფლიო ეკონომიკური ბლოკადის პირობებში? ვინმე სერიოზულად განიხილავს ამ ვარიანტს?
-უკრაინამ უნდა შეასრულოს მინსკის ვალდებულებები – აცხადებს პუტინი ყველა შესაძლო ტრიბუნიდან. და მაინც რა არის ასეთი მნიშვნელოვანი ამ მინსკის ხელშეკრულებაში? რომელიმე ექსპერტმა სერიოზულად გაარჩია მისი დეტალები?
მინსკის ხელშეკრულება უამრავ ნაღმს შეიცავს, რომელსაც უკრაინის შიგნიდან აფეთქება შეუძლია; უფრო მეტიც, ამ ნაღმების მოქმედებაში მოყვანა თუ სამუდამოდ არა, დიდი ხნით ისე შეარყევს მის სუვერენიტეტსა და სტაბილურობას, რომ შესაძლოა ქვეყანა რამდენიმე ნაწილად გაიყოს კიდეც. უკრაინა უმომავლო ტერიტორია გახდება საქართველოსავით, სადაც ოკუპრებული ავტონომიებითა და მცოცავი ოკუპაციით შანტაჟის გზით რუსეთი სრულიად აკონტროლებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სიტუაციას. მინსკის ხელშეკრულების მიხედვით პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდნენ და ტერორისტისა და ნასამართლეობის სტატუსი მოეხსნათ დონბასელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს. უფრო მეტიც, ისინი უნდა გახდნენ უკრაინის ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეები; გაფართოვებული ავტონომიები შეიქმნას დონბასსა და ლუგანსკში; იქაურ სეპარატისტებს მიეცეთ რადას დეპუტატებად გახდომის უფლება … გეცნობათ სცენარი, ოღონდ ბევრად უფრო პატარა მასშტაბებში?
და ვინ ლობირებს მინსკის ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობას?
საფრანგეთი, გერმანია და … აშშ. კოლოსალური რაოდენობის იარაღი მიიღო უკრაინამ, კიდევ უფრო გაძლიერდა მისი არმია – იტყვის რომელიღაც „ექსპერტი“.
და რა უნდა გააკეთოს უკრაინის კბილებამდე შეიარაღებულმა არმიამ, თუ მისი მთავრობა პრორუსულია და ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება უფლებას ართმევს, რომ თავისი ქვეყნის დასაცავად იბრძოლოს და მისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს? მგონი ვიცნობთ ერთ ასეთ არმიას, არა?
აი ეს გახლავთ პუტინის დიდი ბლეფის მიზანი. უკრაინაში ორი გამანადგურებელი ლეგალური ბომბის ჩადება, რომელიც საბოლოოდ შიგნიდან დაშლის ქვეყანას ყოველგვარი რუსული გარნიზონებისა და მასშტაბური სამხედრო ოპერაციების გარეშე; დაშლის შიდაპოლიტიკური დივერსიებით. რეპეტიცია გავლილია 2008-ში.
დასავლეთელი ლიდერები კი … პლანეტას იხსნიან დიდი ომისაგან; ლამის შესაძლო მე-3 მსოფლიო ომისაგან. შესანიშნავი გამოსავალია ავღანური ფიასკოს შემდეგ პრესტიჟგანადგურებული პრეზიდენტისათვის, რომლის პოპულარობა მინიმალურია სამშობლოში. ფრიად მომგებიანია ფრანგებისა და გერმანელების ლიდერებისათვის, რომლებიც ამ სვლით ძალიან ასიამოვნებენ გადამდგარი ევროპელი შეფების სარფიანად დამსაქმებელ ძველ პარტნიორს.
ამისათვის კი მსოფლიომ უნდა დაიჯეროს რომ ომი გარდაუვალია; დიდი ომი, რომლის დაწყების თარიღი თებერვლის ყინვებით გამაგრებულმა მიწამ უნდა გადაწყვიტოს თურმე და არა ამერიკელმა და ევროპელმა ჯარისკაცებმა, რომელთა ჩაყენება უკრაინის საზღვართან სულ მარტივად გადაწყვეტდა ამ პრობლემას. მაგრამ არა, დასავლეთმა ყველას ამცნო, რომ ომს შორიდან დააკვირდება, უნამუსო ომს.
ცხადია, იქნება მცირე მასშტაბის სამხედრო პროვოკაციები, რათა ომის საფრთხე კიდევ უფრო „გარდაუვალი“ გახდეს, მაგრამ იმედია უკრაინელებს გაუძლებს ნერვები და არ წავლენ გარიგებაზე. ეს გარიგება მათთვის სრულმასშტაბიან ომზე უფრო გამანადგურებელი იქნება საბოლოოდ. უკრაინა უნდა გადარჩეს!”
კომენტარები