ხმაური იყო თბილისის უროლოგიის ცენტრში. გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ოჯახის წევრები კლინიკის პერსონალს დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიცია იყო გამოძახებული.
გოგოს ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ გარდაცვალება მედიკოსების დაუდევრობამ გამოიწვია. ისინი ამბობენ, რომ 23 წლის ახალგაზრდა გეგმური ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა ცენტრში, ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი ახალგაზრდა მოულოდნელად გარდაიცვალა.
“გვითხრეს, არაფერია საშიში, ყველაფერი კარგად იქნებაო, შეიყვანეს ოპერაციაზე, მეორე დღეს გვითხრეს, რომ ყველაფერი ნორმალურად იყო და 4 საათზე დაგვირეკეს დამძიმდაო და გაუშვეს სხვა საავადმყოფოში. გავგიჟდი ბავშვი რომ ვნახე, რა მდგომარეობაში იყო. რანაირად ვერ დაინახეს ინფექცია. ვუთხარი, თუ ლაზერით საშიში იქნება, ჩვეულებრივი ოპერაცია გავაკეთოთ-მეთქი, არაო. რატომ დაიღუპა ეს ბავშვი, თუ ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. 23 წლის გოგონა თავისი ფეხით მოვიდა ოპერაციაზე და მეორე დღეს გარდაიცვალა ბავშვი” – ამბობენ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები “ტვ პირველთან” საუბარში.
“23 წლის გოგონას კენჭის მოცილების ოპერაცია ჩაუტარდა, ალექსანდრე უჯმაჯურიძემ ჩაატარა ოპერაცია. ოპერაციის დღეს არ ყოფილა სისხლდენა და მეორე დღეს განვითარდა ე.წ. ჰემოლიზური სინდრომი, რომელიც გამოიხატა თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობაში, რის გამოც გადაწყდა მისი ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანა. ზუსტი ეტიოლოგიური მიზეზი, თუ რატომ განვითარდა ეს უიშვიათესი გართულება, ჩვენთვის დადგენილი არ არის. ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას” – ამბობს უროლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.














კომენტარები