ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური საარჩევნო უბანი ამომრჩევლებს 145 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.
არჩევნების მეორე ტურისთვის სპეციალურ სიაში 4 095 ამომრჩეველია, მათ შორის არიან როგორც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი პირები, ასევე სპეციალური ჯგუფების წევრები, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურ სიაში შეყვანილი პირები ტერიტორიულად იმ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იმყოფებიან, სადაც არიან რეგისტრირებული.
20 ნოემბერს თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა მიიღეს ტექსტური შეტყობინება იმის შესახებ, რომ ისინი არჩევნების მეორე ტურში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.
მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში 13 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, ცესკოს ინფორმაციით, ბიულეტენების 100% დათვლის შემდეგ შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 48,22%; „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27,18%; „ევროპული საქართველო“ – 3.79%; „ლელო“ – 3,16%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. დანარჩენმა პარტიებმა ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.
ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
კომენტარები