კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია:
2 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, აქ ვინც ვიყავით – გინდა სცენაზე ვინც ვიდექით და გინდა სკამებზე ვისხედით – ყველას აგვკრძალავენ. აქ არიან გულანთებული პატრიოტები და წესიერი პროფესიონალები, ვისაც უფლება აღარ ექნება სამშობლოს სამსახურში ოფიციალურად ჩადგეს.
და ეს იმ ადამიანთა ალბათ მეათედია, ვინც მხოლოდ ჩვენი კოალიციის აკრძალვის გამო აიკრძალება. და ასეთი კიდევ 3 სუბიექტია.
დიახ, პარტიების აკრძალვის შემდეგ, უკვე ყველა ინდივიდუალურად ავიკრძალებით – ასეთია ახალი კანონი და საკონსტიტუციოს მიერ პარტიების გაუქმება პრაქტიკულად ავტომატურად გამოიწვევს ამ შედეგს. დიახ, ასი ათასობით ადამიანს პოლიტიკაში ყოფნის უფლება აღარ ექნება. თან შერჩევით – მხოლოდ მათ, ვისაც ბიძინა გადაწყვეტს. დიახ, პოლიტიკის კეთების ლიცენზიას ამიერიდან ივანიშვილი გასცემს.
არ აგერიოთ ამომრჩევლის აკრძალვაში: ხმის მიცემა გაცილიებით მეტ ადამიანს ან აღარ შეუძლია, ან აზრს ვერ დაინახავს, რადგან მათი ფავორიტი პარტიები ბიულეტენში უბრალოდ არ იქნებიან. ასეთი უკვე საქართველოს მილიონნახევრამდე ადამიანია, ოპოზიციის ასაკრძალი სუბიექტების ამომრჩეველს და ემიგრანტებს თუ დავაჯამებთ.
პოლიტიკური ლიდერების, მოქმედი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების გარდა, პოლიტიკაში ყოფნა ეკრძალებათ ე.წ. დაკავშირებულ პირებსაც: სრულიად განუსაზღვრელ პირთა წრეს, რომლებადაც შეიძლება ჩაითვალონ, მაგალითად, ყველა ჩემი ოჯახის წევრი, არასრულწლოვანი შვილებიც კი (რომლებმაც ქართული შესანიშნავად იციან, ქოცებო, რა სამარცხვინო ნაძირლობებსაც არ უნდა წერდეთ მათზე), ჩემი მეგობრები, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჩემი გათავისუფლება მოუთხოვია, პარტიისთვის ფული შემოუწირია, ჩემი მხარდამჭერი კომენტარიც კი გაუკეთებია და ასე შემდეგ და შეუზღუდავად.
ასე რომ, პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა.
ხვალ, 7-ზე, თსუ პირველ კორპუსთან! ვიწყებთ პროტესტის ახალ და, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვან ფაზას:
საქართველო ივანიშვილის გარეშე!
ps როცა ცვლილების ყველა არხი იხშობა, მდინარე იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ ჯებირი გაარღვიოს. ეს უნდა გვახსოვდეს.











კომენტარები