თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა დღეს შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სხდომათა დარბაზში პირველად შეხვდა.
განსასჯელის სკამზე სკოლის მოსწავლე დ.პ. ზის. მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.
დაპირისპირება დაბადების დღის სურფრაზე სადღეგრძელოს გამო დაიწყო. არსებული ინფრომაციით, დავით ნარიმანიძე იმის გამო მოკლეს, რომ ფეხზე არ წამოდგა.
მკვლელობა თბილისში 10 სექტემბერს მოხდა – გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ნ.ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე სამწვადეში, ბრალდებულს შელაპარაკება მოუხდა მეგობრებთან ერთად სუფრაზე მყოფ არასრულწლოვანთან, რის შემდეგაც შეკრების ადგილიდან მოშორებით გაიყვანა და შელაპარაკების დროს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებულს ახლა 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ირკვევა ისიც, რომ სკოლის მოსწავლე თავისუფლებაზე გირაოს სანაცვლოდ იმყოფებოდა. მან გირაო არ გადაიხადა, თუმცა სისტემას თვეების განმავლობაში არ მოუკითხავს, რატომ არ ასრულებდა გირაოს პირობებს ბრალდებული.
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











კომენტარები