ჟურნალისტური გამოძიება
ლევან ჯავახიშვილი
მოსკოვის გამზირზე მდებარე სატანკო-სარემონტო ბაზაზე, ოფიცრისა და ჯარისკაცთა მიერ ბავშვთა წამების შესახებ, საზოგადოებამ პირველად „ალიას“ მეშვეობით შეიტყო 2016 წელს, ამ ბაზაზე მომსახურე ოფიცრის, ლეიტენანტ დავით ნემსაძის ინტერვიუდან. დღეს, უპირველესად ამ საქმისა და და შეიარაღებული ძალების მაღალი თანამდებობის პირების უკანონი საქმიანობის მხილების გამო, დავით ნემსაძე საფრანგეთში, ემიგრაციაში იმყოფება და ცოტა ხნის წინ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიიღო. ბავშვთა წამების ერთადერთი მომსწრე და თვითმხილველი, ამავე ბაზის ყოფილი ოცმეთაური, კაპიტანი ლევან კობაიძეა. ამ საქმის გამო, ისიც პოლიტიკურ დევნილად იქცა. ლევან კობაიძესთან ამ ეტაპზე ინტერვიუს აღება ვერ მოხერხდა, მაგრამ „ალია“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ბავშვთა წამების დეტალებს და ამის გამო ლევან კობიძის დევნის შესახებ, რომლის დევნა 2016 წელს, ამ საქმის გამო არ დაწყებულა. მანამდე მას საქმე შეუთითხნეს, 6 თვე ციხეში გამოკეტეს ერაყის მისიის მონაწილე, პატრიოტი კაცი, რომელიც 2008 წლის 11 აგვისტოს, მისიის მონაწილე სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად, ერაყიდან დაბრუნდა, რათა რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლა და სამშობლო დაეცვა.
ყველაფერი, რაც სტატიაში მოთხრობილი, ემყარება სამხედრო პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, გენერალური ინსპექტირების და ამ საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მასალებს. ასევე, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ და მოქმედ თანამშრომელთა დახურულ ინფორმაციებსა და იმ ინფორმაციებს, რაც შეიარაღებული ძალების სხვა და სხვა სტრუქტურებიდან ჟონავს.
ლევან კობაიძე 2005 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ტოპოგრაფიული ინსტიტუტის დასრულების გამო, არ ეკუთვნოდა სავალდებული სამხედრო სამსახურის გავლა, მაგრამ გადაწყვიტა ჯარში წასვლა. ვაზიანის 1-ელ ქვეით ბრიგადაში დაიწყო სამხედრო ტოპოგრაფად მუშაობა. დაინიშნა უზრუნველყოფის ბატალიონის ე3-ის სერჟანტად. ამის შემდეგ, ერთწლიანი ოფიცრის კურსების გავლა გადაწყვიტა სამხედრო აკადემიაში, რომელიც არტილერიის განხრით წარმატებით დაასრულა. შემდეგ კი, ლეიტენანტის წოდებით, გაანაწილეს შავნაბადას მე-13 ბატალიონში. ამ ქვედანაყოფიდან წავიდა ერაყის მისიაში, სადაც 6 თვე იმსახურა ქალაქ კლიარში, ოცმეთაურად. 2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოში ომი რომ მიმდინრეობდა, ეს ბატალიონი ჩამოიყვანეს საქართველოში, რათა ფრონტის წინა ხაზზე გაეშვათ. თუმცა, ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო, ეს აღარ გახდა საჭირო. ბატალიონი ჯერ საგურამოში წაიყვანეს, მერე თბილისში, გლდანის ტერიტორიაზე ჩამოიყვანეს. გლდანიდან, 12 აგვისტოს, ღამის 3 საათზე გაუშვეს ბატალიონის წევრები. შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა მაიორი გიორგი მაისურაძე. მისი თქმით, მას დაუკავშირდა ზემდგომი ოფიცერი ჯონი ტატუნაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ შეგიძლია გაუშვა ქევდანაყოფი, რადგან ბრძოლას აზრი აღარ აქვს, რუსეთის ტანკები უკვე მცხეთას გამოსცდნენ, თუ გადავრჩით, ხვალ და ზეგ ერთმანეთს დავუკავშირდებით და შევგროვდებით დისლოკაციის ადგილზეო. 2 დღის შემდეგ ქვედანაყოფის წევრები თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელობამ მოიკითხა და ისიც იკითხეს, თუ ვინ და რატომ გაუშვა სახლებში ბატალიონის წევრები. მაიორმა გიორგი მაისურაძემ საკუთარ თავზე აღარ აიღო ქვედანაყოფის დაშლა და ჯარისკაცების სახლში გაშვება. ჯოხი ლევან კობაიძეზე გადატყდა. 68 კაციდან დარჩენილი 7 კაცის დაშლა და სახლებში გაშვება ლეიტენანტ ლევან კობაიძეს დააბრალეს. სამხედრო პოლიციამ მოიკითხა ბატალიონის წევრები, შეიკრიბნენ დისლოკაციის ადგილზე, მცხეთაში, ჯვრის მონასტრის მომდებარე ტერიორიაზე. ამ დროს სამხედრო პოლიციას მომხდარზე გამოძიება უკვე დაწებული ჰქონდა. ლევან კობაიძეს მონასტრის ასასვლელთან დახვდა მე-13 ბრიგადის მეთაური, დავით სულხანიშვილი, რომელმაც გაბაიძეს ჰკითხა, რატომ დაიშალეთ და წახვედით გლდანიდანო? კობაიძემ უპასუხა, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არსად წავსულვარ, გიორგი მაისურაძემ, შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გაგვიშვა, მის ბრძანებას დავემორჩილეთო. სულხანიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაბაიძეს, რასაც კობაიძემაც ანალოგიურად უპასუხა. სულხანიშვილმა უთხრა, შენ მაღლა არ ახვიდეო, სადაც ქვედანაყოფის წევრები იყვნენ შეკრებილნი. სულხანიშვილი და გიორგი მაისურაძე არიან ნათელ-მირონები და სულხანიშვილი ცდილობდა, მისთვის ხელის დაფარებას. ლევან კობაიძე მაინც ავიდა დისლოკაციის ადგილას. მცხეთიდან ბატალიონი ჯერ ნორიოში, შემდეგ მუხროვანში გადავიდა და ბოლოს კოჯორში. ამ დროს კობაიძე ჩვეულებრივად აგრძელებს სამხედრო სამსახურს. აგვისტოს ბოლოს, სულხანიშვილმა გორში დაიბარა ლევან კობაიძე. უთხრა, რაც მაშინ მოხდა გლდანში, ქვედანაყოფის დაშლასთან და სამხედროების სახლში გაშვებასთან დაკავშირებით, ამ ამბავზე შენთან შეკითხვები მაქვსო. კობაიძემ უპასუხა სულხანიშვილის კითხვებს და აუხსნა, რა და როგორ მოხდა გლდანში. ცხადია, ისიც უთხრა, რომ ქვედანაყოფი გიორგი მაისურაძის ბრძანებით დაიშალა და მან გაუშვა ხალხი სახლში გაურკვეველი დროით. სულხანიშვილმა კობაიძეს უთხრა, შენ არაფერ შუაში არ ყოფილხარ, წადი და გააგრძელე სამსახურიო. კობაიძე წავიდა კოჯრის სამხედრო ბაზაზე დაა გააგრძელა სამსახური. აქ იყო დაბანაკებული შავნაბადას მე-13 ბატალიონი. 23 სექტემბერს აგვისტოს თვის ხელფასიც ჩაერიცხა კობაიძეს. 25 სექტემბერს, ლევან კობაიძე მორიგე იყო სამხედრო ნაწილში, როდესაც კოჯორში სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ავიდნენ და დააკავეს. მოატყუეს და უთხრეს, 14 აგვისტოს, გლდანში რომ მოხდა რაღაც გაუგებრობა, იმ ამბავთან დაკავშირებით შენი ჩვენებაა საჭირო, რომ საქმე დავხუროთ, ჩვენი მანქანით ამოგიყვანთ უკან კოჯორში ცოტა ხანშიო. შტაბის უფროსმა, მაიორმა მინდია მირველაშვილმაც უთხრა კობაიძეს, გაყევი, არაფერი პრობლემა არ არის, უკან ამოგიყვანენო. კობაიძე ჩამოიყვანეს თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში. გამომძიებელმა რამდენიმე კითხვა დაუსვა, უთხრა, სხვების ჩვენებები უკვე მაქვს, შენ არანაირი პრობლემები არ გექნება, შენს ჩვენებაზე მომიწერე ხელი და თავისუფალი ხარო. კობაიძემ მოუწერა ხელი. ამ დროს გამომძიებლის კაბინეტში შევიდა სამხედრო პოლიციის თანამშრომელი და გამომძიებელმა უთხრა გაბაიძეს, ეჭვიტანილი ხარ და უნდა დაგაკავოთო. დააკავეს და ხელბორკილი დაადეს. 389-ე მუხლის ა და ბ პუნქტებით იყო საქმე აღძრული ლევან კობაიძის წინააღმდეგ, რაც ჯგუფურ დეზერტირობას გულისხმობდა. ლეიტენანტ ლევან კობაიძეს დაბრალდა ომის დროს ბატალიონის წევრების თვითნებურად დაშლა და მისი წევრების, 7 კაცის სახლში გაშვება. თავისთავად, კობაიძეს დაბრალდა ომის დროს ზემდგომ ოფიცრებთან შეთანხმების გარეშე დისლოკაციის ადგილის მიტოვება და სახლში წასვლა. ეს შვიდივე ჯარისკაცი, ოცმათეურის კობაიძის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. დაპატიმრების დროს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიც ერთ-ერმა მაღალჩინოსანმა უთხრა კობაიძეს, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, თქვენმა მეთაურმა, დავით სულხანიშვილმა მოგვაწოდა დასაჭერი ხალხის სიაო. ამ 7 კაცის გარდა სხვების დასჯაც უნდოდათ, მაგრამ მათ გამოსავალი მოძებნეს. დაახლოებით ოცდაათმა რიგითმა პატაკი შეადგინა ზემდგომთა სახელზე, სადაც სიმართლეს ყვებოდნენ და ამბობდნენ, რომ გიორგი მაისურაძემ გაუშვა ისინი სახლებში. ამ პატაკით შეშინებულებმა, ამ რიგითებს ხელი აღარ ახლეს, შეეშინდათ, თავად არ გახვეულიყვნენ შარში. ამ ხალხმა დაასწრო ზემდგომებს, რაც ლევან კობაიძემ არ გააკეთა. ლევან კობაიძე ვაზიანში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სამხედრო პოლიციის გამომძიებელმა, კავთუაშვილმა კობაიძეს საპროცესი გარიგება ბრალის აღიარებით და 5 000 ლარის გადახდა შესთავაზა – ამაზე წამოდი და დღესვე გაგიშვებთ, ოღონდ სამხედრო სამსახურში ვეღარ იმსახურებო. ლევან კობაიძე არ დათანხმა ამ წინადადებას. 48 საათში გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში და მოსამართლემ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შუფარდა. პროკურორი იყო გიორგი ქევხიშვილი, საქმის მოსამართლე ნინო სანდოძე. 5 თვე გაგრძელდა სასამართლო პროცესი, 12 სხდომა ჩატარდა. სასამართლოზე იმ 7 კაციდან ექვსმა განაცხადა, რომ ლევან კობაიძემ გაუშვა ისინი, მხოლოდ ერთმა, გიორგი კაციაშვილმა თქვა, რომ ლევან კობაიძე არაფერ შუაში იყო და დაშლის ბრძანება გიორგი მაისურაძემ გასცა. თავდაცვის სამინისტროში გავრცელებული ხმების თანახმად, იმ ექვს კაცზე ზეწოლა მოახდინა ბატალიონის იურისტმა, შალვა ქევხიშვილმა, რომელიც ამჟამად პოლკოვნიკის წოდებით თავდაცვის სამინისტროს იურისტია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ ექვს ჯარისკაცზე ზეწოლის მოხდენა რთული არ იქნებოდა, რადგან ისინიც იმხილებოდნენ დეზერტირობაში. ბოლოს, ადვოკატ ირაკლი ჩიკვაიძის პროფესიონალიზმის წყალობით, ლევან კობაიძეს 6 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ფულადი ჯარიმის გარეშე. იმ დროს 5 თვე უკვე მოხდილი ჰქონდა და ერთ თვეში გამოუშვეს ციხიდან.
ბავშვთა წამების საქმე
ხელისუფლება როდესაც შეიცვალა, ლევან კობაიძე დაიბარეს თავდაცვის სამინისტროში და 2013 წლის მაისიდან აღადგინეს შეიარაღებულ ძალებში. მოსკოვის გამზირზე, სატანკო-სარემონტო ქარხნის სამხედრო ბაზაზე დაიწყო მუშაობა ყარაულის ოცმეთაურად. 2 თვეში, ამავე ბაზაზე სამუშაოდ მივიდა ლეიტენანტი დავით ნემსაძე, ისიც ოცმეთაურად. ასეულში მხოლოდ ეს ორი ოფიცერი იყო. დავით ნემსაძეც 2008 წლის ომის შემდეგ გაშვებული და აღდგენილი იყო ჯარიდან, ორივე რესპრესირებული იყო და თავიდან,ამ ფაქტორმა განაპირობა კობაიძისა და ნემსაძის დაახლოება. ბაზის იურისტი, მიხეილ თედორაძე იყო სამოქალაქო შტატზე. ბაზაზე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ თედორაძემ დაიბარა ლევან კობაიძე და ჰკითხა, რა ურთიერთობა გაქვს დავით ნესაძესთანო. კობაიძემ უპასუხა, რომ ჩვეულებრივი სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა მასთან. თედორაძემ უთხრა, ხმები მომდის, რომ რაღაც საკითხებზე საუბრობთო. კობაიძემ იგივე გაუმეორა-სამსახურებრივი საკითხების გარდა, სხვა არაფერი გვაქვს სალაპარაკოო. ამის შემდეგ თედორაძემ უთხრა კობაიძეს, ნემსაძე წაიყვანე რესტორანში, დაათვრე, შენ ცოტა დალიე და ნუ დათვრები, თუ რაიმე კომპრომატი, ინფორმაცია აქვს ჩვენზე, ბაზის მეთაურებზე, სხვა ზემდგომებზე, ყველაფერი მოაყოლე, მოდი და მითხარიო. მოკლედ, ჩვენი „ჩამშვები“ იყავიო. კობაიძემ ამაზე უარი განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უარის შემდეგ, თედორაძემ იგივე თხოვნა რამდენჯერმე გაუმეორა და ყველა შემთხვევაში უარი მიიღო. როდესაც ბაზის ხელმძღვანელები დარწმუნდნენ, რომ კობაიძე „ჩამშვებად“ არ გამოადგებოდათ, მის შესახებ ხმების გავრცელება დაიწყეს – დეზერტირია, ნასამართლევიაო და ხელქვეითებში მისი სახელის გატეხვას ცდილობდნენ. ამის მერე, უკვე საკუთარი რესურსებით, არა მხოლოდ ამ ბაზის მესვეურნი, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც გადაეკიდნენ დავით ნემსაძეს და ამის შესახებ „ალიას“ არაერთი სტატია გამოუქვეყნებია. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ დავით ნემსაძე ურჩი ოფიცერი იყო და დაუნდობლად ამხელდა შეიარაღებულ ძალებში არსებულ უკანონობას. საბოლოოდ, ამან არა მარტო მისი კარიერა შეიწირა, მასზე არაერთგზის მოხდა დევნა და ფიზიკური თავდასხმები, იარაღის ძალით მუქარა და ეს კეთდებოდა არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა დაკვეთით. დღეს დავით ნემსაძე საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს და თავს არც იქ ანებებენ.
ახლა კი ბავშვთა წამების ფაქტზე გადავიდეთ. ლევან კობაიძე არის სამხედრო ბაზაზე ბავშვების წამების უშუალო თვითმხილველი და მოწმე. 2016 წლის 16 მაისს, ლევან კობაიძე საყარაულო პუნქტიდან გადავიდა ბაზის შტაბში, მათ შორის დაშორება 1 კილომეტრია. კობაიძემ შტაბში ჯარისკაცის შვებულების პატაკი გადაიტანა, რომ პატაკზე შტაბის მეთაურის, ილია ლუტიძეს მოეწერა ხელი. ლუტიძე ადგილზე არ დახვდა. კობაიძემ გადაწყვიტა, საყარაულოს საპირფარეშოთი ესარგებლა, რა დროსაც ეზოში ჩასვლა და საყარაულოში გადასვლა მოუწია. ამ დროს წააწყდა ბავშვებს. საყარაულოში გარედან 3 ბავშვი ჰყავდათ გადმოყვანილი. მათგან ორი ბავშვი იყო ეზოში, სველები, რადგან ისინი ხანძარსაწინააღმდეგო კასრში აყურყუმელავეს ჯარიკაცებმა – წვევამდელებმა. 6 ჯარისკაცი იყო ადგილზე. ბავშვები ქუჩიდან ღობეზე კაპიტან ნიკოლოზ ქველაძის ბრძანებით გადმოიყვანეს, ასე უთხრეს ლევან კობაიძეს ჯარისკაცებმა. ეს ჯარისკაცები მესამე ბავშვთან ერთად, „ფხიზელი ცვლის ოთახში“ იმყოფებოდნენ. 7-8 წლის ბავშვები იყვნენ, მოტყუებით გადმოიყვანეს, ტანკში ჩაგსვამთო. ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ, დაუჯერეს. ჯარისკაცებს, გიგლემიანს და კასუმოვს, ავტომატი მხარზე აქვთ გადაკიდებული და ეს მესამე ბავშვი ორივეს ისე ეჭირა ხელით. ეს ბავშვი იყო 7 წლის გ. ა. ამ დროს ნიკოლოს ქველაძე, ჯარისკაცების მიერ გაკავებულ ამ ბავშვს წინ უდგას, სახეში ხელებს ურტყამს და მეორე ხელით, ყურებს უსრესს. ბავშვი ფეხებს იქნევს და ტირის. ლევან კობაიძემ უთხრა, ახლავე გაუშვი, ამას რას აკეთებთო? ქველაძემ უპასუხა, ეს ჩემი საქმეა, გამაბრაზეს, მაგინეს და ამათ მე მივხედავო. (ბავშვებმს იმიტომ აგინეს ქველაძეს, რომ წინა დღეს ქველაძემ „ბულკები“ გადააწოდა ღობეზე, ჭამეთო. ჩაკბიჩეს ბავშვებმა და „ბულკებში“ მდოგვი აღმოჩნდა. მეორე დღეს ქველაძე რომ დაინახეს ბავშვებმა აგინეს, მდოგვი რატომ გვაჭამეო). ლევან კობაიძემ ისევ მოსთხოვა ბავშვების გაშვება. ამ დროს ქველაძემ ბავშვის ცემა შეწყვიტა, კობაიძე კი საპირფარეშოსკენ წავიდა. ვიდრე კობაიძე საპირფარეშოში შევიდა, ქველაძე წავიდა ღუმელისკენ. ღუმელიდან ნახშირი გამოიღო, ჯერ სახეზე წაუსვა გ.ა.-ს, მერე მაისური აუწია ბავშვს და ტანზე წაუსვა. კობაიძემ უთხრა ქველაძეს, საპირფარეშოდან რომ გამოვალ, ეს ბავშვი აღარ დამხვდეს აქ, გაუშვიო. საპირფარეშოდან გამოსულ კობაიძეს, ბავშვის განწირული კივილის ხმა მოესმა. გ. ა. ნიკოლოზ ქველაძესა და ჯარისკაცებს საშრობ ოთახში ჰყავდათ შეყვანილი, სადაც გამათბობელზე ჯარისკაცები სველ სამოსს იშრობენ. იმ გამათბობელზე დააწვინეს ბავშვი, ნიკოლოზ ქველაძე გამაბობელის ჩამრთველით აშინებს ბავშვს, ახლა ჩავრთავ და დენი დაგარტყამსო. ფერი დაკარგული ჰქონდა ბავშვს, ტიროდა. ამ დროს ის კობაიძემ გამოსტაცა ხელიდან ქველაძეს და გამოიყვანა გარეთ. გ. ა.-ც იმიტომ იყო სველი, რომ წამების დასაწყისში, იმ ორ ბავშვთან ერთად ისიც აყურყუმელავეს კასრში. ამით დასრულდა ბავშვების წამება.
ლევან კობაიძემ ბაზის მეთაურს, ილია ლუტიძეს მოახსენა ყველაფერი. ლუტიძემ კობაიძეს უპასუხა, არ გაიტანო ეს ამბავი ბაზიდან, არ გაახმაურო, არავის უთხრაო. თავად კი არანაირი ღონისძიება არ მიუღია. დავით ნემსაძემ ეს ამბავი ბაზაზე მოსამსახურე ჯარისკაცებისგან შეიტყო, ისიც გაიგო, რომ ლევან კობაიძე შეესწრო ამ ამბავს. კობაიძემ ნემსაძეს დაუდასტურა ფაქტი და დეტალურად მოუყვა ყველაფერი, რაც ნახა. დავით ნემსაძემ სამხედრო პოლიციას და თავდაცვის სამინისტროს გენისპექციას ოფიციალურად მიმართა. ორივე უწყებამ ჩვენება ჩამოართვა ლევან კობაიძეს და დავით ნემსაძეს. თუმცა, სამართლებრივი რეგირება ამას არ მოჰყოლია. ორივეს გადაემტერნენ, მათ დისკერიტაციას და სამსახურიდან გაგდებას ცდილობდნენ. ამ საქმის ჩაფარცხვაში ბევრი ადამიანი მონაწილეობდა და დავით ნემსაძის მტკიცებით, მათ სათავეში ედგა თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი, თინა ხიდაშელი. ამ საქმის გამო ყური არ შეიბერტყეს მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, ადამიანთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ და ბევრმა სხვა მაღალმა თანამდებობის პირმა. გ. ა.-ს ჩვენება ჩაწერა დავით ნემსაძემ. ბავშვი დეტალურად ჰყვება მომხდარს. ეს ჩანაწერი და სხვა მტკიცებულებები, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიაწოდეს, მაგრამ სათანადო რეაგირება არც მას ჰქონია. ლევან კობაიძე, ბაზის შტაბის უფროსმა, მაიორმა ირაკლი შეიშმელაშვილმა დაიბარა და დაემუქრა, ამ საქმის გამო შენ და ნემსაძემ რომ ფორმა გამახდევინოთ, ორივეს მაინც მოგადგებით და ცოცხალს არ დაგტოვებთო. ამის შემდეგ, ლევან კობაიძე ინგლისური ენის კურსს გადიოდა თავდაცვის სამინისტროს სკოლაში. ერთწლიანი კურსები იყო, მაგრამ სერტიფიკატი არ მისცეს. მერე გენინსპექეციაში გაასაჩივრა და ჩააბარა გამოცდა. ამის მერე საველე დაზვერვის ორთვიანი კურსების გავლა სურდა კობაიძეს, დაიწყო სწავლა კრწანისის სამხედრო-სასწავლო ცენტრში, მაგრამ კურსის დასრულებამდე 2 კვირით ადრე გამორიცხეს. კობაიძეს ყველანაირად უშლიდნენ ხელს კარიერულ წინსვლაში.
ბაზის მეთაურმა, ილია ლუტიძემ ღამის 10 საათზე დაიბარა ლევან კობაიძე და სთხოვა, ჩვენება შეცვალეო. კობაიძემ უარი უთხრა და ამის შემდეგ ლუტიძე დაემუქრა, სამსახურიდან გაგაგდებო. ლევან კობაიძემ ამ ყველაფერის პასუხად, ადგა და თუ იმ მომენტამდე სამხედრო პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს გენისპექციისთვის ჰქონდა მიცემული ჩვენება, მალე გენერალურ პროკურატურასაც მისცა ჩვენება, სადაც დავით ნემსაძის მეცადინაობით, დაიწყო გამოძიება ბავშვთა წამების საქმეზე. ლევან კობაიძემ ამ საქმეზე ორ პროკურატურის გამომძიებელს მისცა ჩვენება – ლევან ზაალიშვილსა და ანა ქობალიას. თუმცა, დღემდე არავინ დაუსჯიათ.
2021 წელს, ბაზის ახალი მეთაური დაინიშნა, ბადრი ხაჩიძე. ხაჩიძემაც უთხრა ლევან კობაიძეს, შენზე ყველაფერი ვიცი, დაჭერილი იყავი, აღდგენილ ხარ, ემიგრაციაში მყოფ დავით ნემსაძეს რაიმე ინფორმაციას მისცემ და ჩათვალე, გაგდებული ხარ აქედანო. ხაჩიძე კოვიდპანდემიის დროს, აიძულებდა პირად შემადგენლობას, აცრილიყვნენ, როდესაც აცრა სავალდებულო არ იყო. ეს იყო ბოლო წვეთი ლევან კობაიძისთვის, ადგა და ევროპაში წავიდა ემიგრაციაში. ბებიათქვენისამ, პროფესიონალი სამხედროები, პატრიოტები, უცხოური მისიის მონაწილენი, ბევრნი გვყავს, იმდენი, რომ ქუჩაში ყრიან. ჰო, გაუშვით ასეთები შეიარაღებული ძალებიდან, დაასუსტეთ ქართული ჯარი, ოღონდ თქვენი უკანალები გადაირჩინოთ.
ამ სტატიაში მოხსენიებულ პირებს თუ პრეტენზიები გაუჩნდებათ და ჩათვლიან, რომ „ალიას“ მეშვეობით უნდა დააფიქსირონ ეს პრეტენზიები, ჩვენ მზად ვართ მათი პოზიციის დასაფიქსირებლად – 593517337
კომენტარები