„ალიას“ ვეტერანი რკინიგზელი, გია ყრუაშვილი სკანდალურ ისტორიებს უყვება საქართველოს რკინიგზაზე, იქნება ეს წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია, თუ უსაფრთხოების ნორმების ისეთი დარღვევა, რომ რიგი მატარებლებით მგზავრობა, მისივე თქმით, უკვე სერიოზული საფრთხეა.
„სად ვიყავი აქამდე?“ – წერილები, კითხვა – ჰყავს, თუ არა, ქვეყანას პატრონი და შვილი, რომლის სიცოცხლითა და ჯანმრთელობითაც მამას ევაჭრებოდნენ
გია ყრუაშვილი:
– პირველ რიგში, თავად ვუპასუხებ კითხვას, – სად ვიყავი აქამდე? – ვიცი, ამ კითხვას გამოიყენებენ ჩემი მოყოლილის გასანეიტრალებლად. განა შესაძლებელია მე სად ვიყავი აქამდე – ეს იყოს იმის საპირწონე, რომ საქართველოს რკინიგზაში კორუფცია, უპასუხისმგებლობაა გამეფებული და უსაფრთხოების ელემენტარული წესებიც კი არაა დაცული? მაგრამ ჩემს წინააღმდეგ სხვა კომპრომატი არ აქვთ და ამის გამოყენებას ეცდებიან. ამიტომ პირველ რიგში, მე თავად მოვყვები სად ვიყავი აქამდე. მართალ ადამიანს ყველა კითხვაზე აქვს პასუხი.
სად ვიყავი და პირველ რიგში, ვიყავი საქართველოს რკინიგზაში, სადაც ყოველ დღე ვწერდი წერილებს, რომ უსაფრთხოების ნორმებია დარღვეული. ერთხელ მითხრეს, ნუღარ წერ ამდენ წერილსო და რანაირად, ეგ სისხლის სამართლის პასუხისმგბელობაა, უსაფრთხოება რომ მეხება და ყველგან დარღვეული რომ არის, როგორ არ დავწერო? ელემენტარულია, მაგრამ იცით, რომ არც ერთ ბაქანზე არაა გაბარიტები დაცული? მატარებელი სადაც შემოდის, კი, იქ, არც ერთ ბაქანზე რომ არაა გაბარიტები დაცული, იცით? ვუპასუხე, რომ მე უნდა დამეწერა წერილები, აი, თავად თუ არ ექნებოდათ რეაგირება, ეს უკვე მათი პასუხისმგებლობა იქნებოდა.
გარდა ამისა, სამწუხაროდ, ოპოზიციაში დღეს ის ხალხია, ვის ნაწილსაც თავად ვებრძოდი 2012 წლამდე და ნაწილს კიდევ, უბრალოდ არ ვენდობი. მეტიც, ოპოზიცია თითქოს არ ინტერესდება ადამიანთა ყოველდღიური პრობლემებით. 2012 წელს ივანიშვილი დაგვპირდა, რომ ის იქნებოდა ამ ქვეყნის პატრონი, პირადად აღმოფხვრიდა კორუფციას, ახლა კობახიძე ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის, არ დამიტოვებია არც ერთი სისტემა, რომელსაც ხმა არ მივაწვდინე. პრემიერ ირაკლი კობახიძის ისეთი ახლო გარემოცვა მყავს ინფორმირებული, რომ წესით, აუცილებლად უნდა იყოს საქმის კურსში.
ახლა კი, რკინიგზელების ჯგუფთან ერთად, ყველა მასალა, რომელიც გვაქვს, შევიტანეთ გენერალურ პროკურატურაში, გაეგზავნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ანტიკორუფციულ სამსახურს, ფინანსურ პოლიციას, პრემიერი აპარატს, ყველა უწყებას, რომელსაც ევალება რეაგირება და იმედი მაქვს მე მათი რეაგირების.
– გია, თუ დაინახეთ, არაა რეაგირება და ამ ქვეყანას არ ჰყავს პატრონი, მერე რას აპირებთ?
– ღია, საჯარო ბრძოლის გარდა მე სხვა გზა არ დამიტოვეს. თუ ვინმე დაინტერესდება რკინიგზაში კორუფციით და დამიდგება გვერდით, ძალიან კარგი, თუ არადა, მარტო რომ დავრჩე, მაინც ბოლომდე მივიყვან ამ ბრძოლას. 1986 წლიდან ვმუშაობ რკინიგზაში, 20 წლიდან. 21 წლის რომ გავხდი, უკვე მემანქანედ ვმუშაობდი. სახლი არ მაქვს, ისევე როგორც არაერთ რკინიგზელს. იპოთეკით მაქვს დატვირთული და ვერ გადავიხდი, ცხადია, ამიტომ ბანკი წაიღებს, მყავს შვილი, რომელიც შშმ პირია, დიუშენის უმძიმესი დაავადებით და სჭირდება მუდმივი მოვლა და მკურნალობა.
ღამით მეღვიძება ხოლმე შიშით, ცოცხალი თუ დამხვდება. დილით, ვიღვიძებ თუ არა, პირველ რიგში, მისკენ გავრბივარ, რომ ვნახო, ხომ სუნთქვას. იციან, რომ მე, მრავალშვილიანი მამა ვმუშაობ მხოლოდ ოჯახში. ზუსტად იციან, რომ დაგვტოვეს ქუჩაში და ჩემი შვილი კი – გაწირეს სასიკვდილოდ. მინდა ზუსტად ასე დაწეროთ, რკინიგზამ, ჩემი ავადმყოფი შვილი გაწირა სასიკვდილოდ. ამიტომ, მე ფიზიკურად არ მაქვს სხვა გზა, გარდა ღია ბრძოლისა.
სანამ ვმუშაობდი, არაერთმა პირმა, მათ შორის, მთავრობასთან და რკინიგზის მმართველობასთან დაკავშირებულმა პირებმა მითხრეს, გაჩერდი, „დაიკიდე“ ეს უსაფრთხოება, შვილი გყავს ავად და ერთი ეს ხელფასი გაქვსო. შვილის ავადმყოფობით მევაჭრებოდნენ, შვილის სიცოცხლით. სხვათა შორის, ამ პირთა შორის იყო, სუსის წინა ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი. ნაცვლად უსაფრთხოების ნორმების დაცვისა, მე უნდა გავჩუმებულიყავი, თუ მინდოდა შვილის სიცოცხლე. რომ გავჩუმებულიყავი, ალბათ, ვიქნებოდი ახლაც დასაქმებული და ხელფასიანი. არადა, ფულის მიტაცებას რომ თავი გავანებოთ, გაჩუმება, როცა ხედავ ადამიანების სიცოცხლეა საფრთხის ქვეშ და უსაფრთხო არაა მათი გადაყვანა, უსინდისობასთან ერთად, სისხლის სამართლის დანაშაულია.
უარი რკინიგზელებს შეხვედრაზე:
კიდევ ერთი პასუხი მაქვს კითხვაზე, სად ვიყავი აქამდე? – მაქსიმალურად ვცდილობდი ხელისუფლების ყურამდე მიმეტანა როგორც კორუფციაზე, ასევე რკინიგზელთა პრობლემებზე. 2021 წლის არჩევნებზე, ლადო ბოჟაძეს, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ მუხლჩაუხრელად ვეხმარებოდი, მაგალითად, გლდანის რაიონში. მაშინ რკინიგზელებში ე.წ. კარდაკარზეც ვიარე, მივედი ოფისში და ვთქვი, რომ რკინიგზელთა მხოლოდ 25 პროცენტი თუ უჭერს მხარს მთავრობას, მეტი არა. ოფისში რომ „ანალიტიკოსები“ ჰყავთ, იმათ, ცოტა დამცინავად გადმომხედეს, რას ამბობსო. რას ვამბობდი და სრულ სიმართლეს. რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, მართალი ყოფილხარ, მართლა ძალიან დაბალი პროცენტი გვიჭერს მხარს და ხომ არ იცი, რა შეიძლება გავაკეთოთო? – შევთავაზე რეალური პრობლემების მოგვარება. პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის ხომ აშენდა კორპუსები? რკინიგზელებისთვის როგორ არაფერი არაა არასოდეს? ზოგი ისეთ პირობებში ცხოვრობს, გული გაგისკდება, რომ ნახო. „ვაგზლის ცენტრალი“ რკინიგზელებმა არ ავაშენეთ? ყველა მემანქანე დებდა ხელფასიდან წილს და ყველა რკინიგზელი, რომ აშენებულიყო. აშენდა და მისცეს ხაზარაძეს და იქეთ უნდა ვიქირაოთ. არაფერი გვაქვს რკინიგზელებს საერთოდ. შევთავაზე მოსულიყვნენ, გასაუბრებოდნენ რკინიგზელებს, მოესმინათ მათი პრობლემები და მოეტანათ რკინიგზელებისთვის კორპუსის აშენების პროექტი. ჯერ დამთანხმდნენ. ამასობაში 3 000 რკინიგზელის მობილიზება შემეძლო უკვე ამ შეხვედრისთვის. დამირეკეს, ახლა, წინასაარჩევნო პერიოდია და ვერ შეხვდებითო, არ შეიძლებაო. ყველა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ ლამის და რკინიგზელებს რატომ ვერ შეხვდებოდნენ? მე ცხადია, არ ვთვლი, რომ ლადო ბოჟაძეს შეეძლო და არ შეხვდა, ცენტრალურ ოფისში გადაწყვიტეს ასე ვიღაც–ვიღაცეებმა. არჩევნების მერე მოსულიყვნენ, არჩევნების მერე დაეწყოთ კორპუსის პროექტზე მუშაობა. შევარდნაძესაც კი, არ არსებობდა გამოეტოვებინა წელი, რკინიგზელთა დღეს რომ არ შეგვხვედროდა, ხელი არ ჩამოერთმია, მადლობა არ ეთქვა.
გათავისუფლება ელ–ფოსტით და კორუმპირებულები რკინიგზაში
– რა გითხრეს, რატომ გათავისუფლებთო?
– დაიჯერებთ, რომ გითხრათ, რომ არც არაფერი უთქვამთ? ყველაზე შეურაცხმყოფელი ფორმით მიმითითეს კარზე. გავედი შვებულების შემდეგ სამსახურში და ელ. ფოსტა ნახეო, – მითხრეს. ვნახე და იქ იყო წერილი მოსული, გათავისუფლებული ხარო. ელ. ფოსტით გათავისუფლებული ვარ ვეტერანი რკინიგზელი.
–ლაშა აბაშიძეს, ახალ უფროსს, ესაუბრეთ?
–აქამდე, ვინც მოდიოდა რკინიგზაში, ბახტაძით დაწყებული, ყველა მიბარებდა, გამომკითხავდნენ ხოლმე, რა პრობლემებია, კორუფციის რა გზებია დამკვიდრებული, უსაფრთხოების რა ნორმებია დარღვეული და მიხაროდა, ვფიქრობდი, რაკი ინტერესდებიან, ესე იგი, გამოასწორებენ. თუმცა, არაფერი იცვლებოდა. მერე მივხვდი, იმიტომ მეკითხებოდნენ, რომ „შიდა სამზარეულო“ სცოდნოდათ, რათა კარგად მორგებოდნენ სკამს და ფულს.
ლაშა აბაშიძეს არ დავუბარებივარ, სავარაუდოდ კარგად ვახსოვდი! 2006 წლიდან 2011 წლამდე ლაშა აბაშიძე რკინიგზის მაღალჩინოსანი იყო მაგ პერიოდში წინა ხელისუფლებას, იმ სისტემას, ვისი წევრიც იყო, ვებრძოდი, მტრად მყავდა გადაკიდებული, სწორედ მაგ პერიოდში რკინიგზაში კორუფციაზე ყველაზე ხმამაღლა მე ვყვიროდი. ახლა დაჩი ცაგურია, კი იძახის, მე ვარ პოლიტპატიმარიო, მაგრამ ერთ დღეს რომ დაგიჭერენ, პირობითად კი, მეორე დღეს გამოგიშვებენ, მაგას ცოტა სხვა რამე ქვია და თუ გააშუქებთ, შემდეგში, ცალკე მასალად მოგიყვებით ცაგურიაზე, მის ბიზნესებზე, მის 10 000–ლარიან ხელფასზე და რკინიგზის კორუფციაში ჩახრჩობაში მის როლზე.
რაც შეეხება ლაშა აბაშიძეს, ნეტავი ახსოვს, რა „კლიჩკით“ მოვიხსენიებდით წინა ხელისუფლების დროს?
ასევე, ცალკე მასალის თემაა სატვირთო გადაზიდვები – რამდენმა ყოფილმა თუ მოქმედმა მაღალჩინოსანმა რკინიგზიდან გახსნა უკვე სატვირთო გადაზიდვების კომპანია, ყველაზე მომგებიანი სფეროა, ყველაზე დიდ ფულს რკინიგზაში სწორედ სატვირთო გადაზიდვებში აკეთებენ. თუ “რკინიგზასთან” „დალაგებული“ ხარ და თან გადაზიდვების შენი კომპანია გაქვს, ხომ მიდის „ატკატიც“ და მილიონების „გაჭრაც“. ლაშა აბაშიძე 2008–2010 წლებში სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილე იყო და არ იცოდა, რა ტიპის კორუფციული გარიგებები იდებოდა მაგ პერიოდში? თუ არ იცოდა, რატომ არ იცოდა, ეს ხომ მისი პირდაპირი მოვალეობა იყო და თუ იცოდა და ჩემთან ერთად რატომ არ აპროტესტებდა? იქნებ, სწორედაც პირად მტრად აღმიქვამს ახლა, როცა დაბრუნდა რკინიგზაში, რადგან ახსოვს როგორ ვებრძოდი იმ სისტემას, რომლის წევრიც თავად იყო?
ამიხსნას ვინმემ ეს ოცნებიდან, ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს რკინიგზაში იყო კორუფცია და კი, ნამდვილად იყო. მაშინ, ეს ადამიანები, ზუსტად წინა ხელისუფლების დროს რომ მაღალ თანამდებობზე იყვნენ რკინიგზაში და ხმას რომ არ იღებდნენ, ისევ თანამდებობზე რატომ არიან? რატომ იყვნენ მაშინ, იმ წლებში ჩუმად, თუ თანამონაწილენი არ იყვნენ კორუფციის? ჩვენ რომ გვცემდნენ და გვიჭერდნენ, იმიტომ რომ კორუფციაზე ვსაუბრობდით,ლ რატომ იყვნენ ჩუმად? მხოლოდ ლაშა აბაშიძე არა, ყველა მეორე ჩინოვნიკი რკინიგზაში წინა ხელისუფლების დროს კარგ თანამდებობაზე იყო. მაგალითად, ინფრასტრუქტურის ფილიალის ამჟამინდელი დირექტორი წინა ხელისუფლების დროს, 2006 წლიდან რკინიგზაში მაღალ თანამდებობებზე იყო, მათ შორის, იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გახლდათ. რანაირად იყვნენ ან დაჩაგრულები, ან რეპრესირებულები? და წინა ხელისუფლების პერიოდში, რანაირად ინარჩუნებდნენ უმწიკვლოდ თანამდებობებს? კი ამბობენ ახლა, ნაცები უნდა დავამთავროთო, მაგრამ, რომ ვუყურებ, ყველაზე ბევრი ნაცი სწორედ ოცნების ხელისუფლებაშია და რანაირად?
კომენტარები