ექსკლუზიურად “ალიასთვის” ცნობილი გახდა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ზონდერის ვინაობა, რომელიც ზვიად ხარაზიშვილის, იგივე ხარებას ზონდერჯგუფებში ირიცხება. როგორც გვიყვებიან, ეს ადამიანი არალეგიტიმურ, მმართველ პარტიასთან და “ქართული ოცნების” მფარველობის ქვეშ მყოფ კრიმინალურ დაჯგუფებასთან დაახლოებული პირია.
სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებაში, ცემასა და ადევნებაში მხილებული პირი მამუკა მამფორიაა, რომელიც ადგილობრივ მთავრობას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციების ეპიცენტრში ახალგაზრდების საცემრად ქალაქ ფოთიდან ჩამოჰყავს.
როგორც “ალიას” მომიტინგე თაია ცეკვავა უყვება, მან თანაქალაქელი მამუკა მამფორია აქციაზე იმ დროს ამოიცნო, როცა სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად უსწორდებოდა. რა თქმა უნდა, როგორც სხვა მხილებული და იდენტიფიცირებული პირები არ დასჯილან ქართული საპოლიციო ძალების მიერ, არც მამფორიას წინააღმდეგ დაწყებულა გამოძიება და სავარაუდოდ, ის ახლაც თავისუფლად დათარეშობს თბილისსა და ფოთში. ცეკვავა გვიყვება, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მამფორია კრიმინალ სპორტსმენებთან ერთად სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად ამომრჩევლებს თავს ესხმოდა.
ასევე, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესაც, როდესაც ჩვენს კოლეგას, ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას თავს “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ადამიანები დაესხნენ და ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს,. თაია ცეკვავა ყვება, რომ მამფორია ციხეს მაშინაც გადაურჩა. ამის შემდეგ იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიც – როცა ისევ “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინებაზე “იმუშავეს” ე.წ. ძველმა ბიჭებმა, მათ შორის, მომიტინგის თქმით – მამფორიამ.
“აქციაზე ვიყავი, როცა სხვა მომიტინგეებთან შესახვედრად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან ფოსტის მიმართულებით წავედი. იმ დროს, საეჭვო 5 პირს ორი მომიტინგე წრეში ჰყავდათ ჩაყენებული და ურტყამდნენ, თან ყვიროდნენ – “აქ არ მოეთრიოთ ევროპის “შნირებოო”. ნაცნობი ხმა გავიგე და გვერდით რომ შიშით ჩავუარე, ერთ-ერთმა პირმა წიხლი ამოარტყა მომიტინგეს და უნებურად დავიყვირე, – ვაიმე-მეთქი. ჩემს ხმაზე გამოიხედა თავდამსხმელმა ზონდერმა და ე.წ. კაპიუშონი მკვეთრი მოძრაობის გამო გადაეხადა, იმ დროს ამოვიცანი ჩემი თანაქალაქელი, ფოთელი მამუკა მამფორია. მანაც მიცნო და ჩუმად იაყავიო, ხელის მოძრაობით მანიშნა. სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას და ფოთში ჩემს ნათესავებთან დავიწყე მამუკა მამფორიას შესახებ დამატებითი ინფორმაციების მოძიება. ფოთში ყველამ იცის, რომ მამუკა მამფორია დაკავებულია რეკეტით, ხალხს ფულს “აწერს” და მას არასოდეს აკავებს პოლიცია, მიუხედავად იმისა, რომ ათას საშინელებას სჩადის ჩვენს ქალაქში. ადგილობრივებს მისი ეშინიათ, რადგან როგორც ამბობენ, ის კრიმინალური ავტორიტეტის, ლავას ოღლის დაჯგუფებასთან დაახლოებული პირია. ჩემი ინფორმაციით, ზონდერად თბილისში ჩამოყვანილი მამუკა მამფორია წამალდამოკიდებულია და ყველაფერს აკეთებს ფულის ან ნარკოტიკის ფასად.
ვამხელ მამფორიას იმ მიზნით, რომ რამის შერცხვეს და პატარა გოგო-ბიჭებზე ფიზიკურ თავდასხმებს თავი დაანებოს. ვიცი, რომ მიტინგებიდან სახლში წასულ ხალხს სადარბაზოებში უსაფრთდება და სცემს. პოლიციის დაკვეთით ხდება ჩვენზე – მომიტინგეებზე ფიზიკური ანგარიშსწორება სპეცრაზმელების გარდა, ზონდერჯგუფების მიერ და ამ ზონდერებს ისევ იგივე პოლიცია ხომ არ დააკავებს?! იმედს ვიტოვებ, რომ როცა პრორუსულ ხელისუფლებას სახლებში გავუშვებთ და მთავრობა შეიცვლება მამუკა მამფორიასნაირი უკონტროლო ადამიანები, კრიმინალები და საზოგადოებისთვის საშიში პირები აუცილებლად ციხის საკნებში აღმოჩნდებიან,” – ამბობს თაია ცეკვავა.
“ალია” მომხდარზე შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყება მამუკა მამფორიასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
კომენტარები