„წარმოუდგენლად, მძიმე ამბავმა დაადუმა სოფელი, ჩვენს რიგებს ლორიტა გამოაკლდა, გაგვიფრინდა თავის ანგელოზთან ერთად! იქ მართალთა შორის დაიდო სამუდამო სამყოფელი. წარმოუდგენლად რთულია ანუგეშო მეუღლე! შვილები!
ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი შენს ჯერ არ დაბადებულ ანგელოზთან ერთად, მშვიდად განისვენე და ილოცე შენი შვილებისთვის, რომელიც აქ დაგვიტოვე!“ _ წერს სოციალურ ქსელში ბუკნარის საბავშვო ბაგა-ბაღი.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალი, ლოლიტა პაპავა ჩოხატაურში დღეს გარდაიცვალა. ოჯახი მეექვსე შვილს ელოდებოდა.
ბუკნარში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა:
„ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალბატონის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება. თვითმმართველობა უძლურია კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სფეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი.
ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.”
ფოტო -„გურია-ნიუსი“














კომენტარები