თბილისის მერობისთვის ნიგერიელი, იბოს მეფე, ბიზნესმენი რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ იბრძოლებს. უცხოელი მამაკაცი მერობის კანდიდატად უკვე დარეგისტრირდა. მისი კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ წარადგინა. შესაბამისი ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზე უკვე იძებნება.
2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ვნახოთ რა შედეგს დადებს პირველი ფერადკანიანი თბილისის მერობის კანდიდტი. მანამდე კი ცოტა რამ რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუზე.
ვინ არის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ
ამ ინფორმაციის წაკითხვისთანავე ჩნდება კითხვა: ვინ არის რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ?! სწორედ ამ სტატიით შეიტყობთ, როდის და რატომ ჩამოვიდა საქართველო, რას საქმიანობს და სამომავლოდ რა გეგმები აქვს.
თბილისის მერობის კანდიდატი უკვე 25 წელია რაც საქართველოში ცხოვრობს. პროფესიით თეოლოგს, დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ფლობს რამდენიმე ენას. ჰყავს ქართველი მეუღლე და კარგად საუბრობს ქართულად.
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ქართული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ ამბობდა:

(ამონარიდი ჟურნალი „თბილისელები“)
„1996 წელს, თურქეთში გახლდით და მეგობარმა მითხრა, აქვე არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ლამაზია და კარგი ხალხი ცხოვრობსო. გადავწყვიტე, ჩემი თვალით მენახა და ჩამოვედი. სიმართლე გითხრათ, თავიდან, ვერ მოვიხიბლე და არ მომეწონა. შემოდგომის ბოლო იყო და ხეებზე ერთი ფოთოლიც კი არ იყო შემორჩენილი. მე კი, აფრიკაში, ისეთი ბუნება მაქვს ნანახი, ვიფიქრე, ეს სად მოვხვდი, ამას აქებდნენ – მეთქი? აი, ხალხი რომ გავიცანი და გაზაფხულდა, ძალიან მომეწონა საქართველო და ვთქვი, აქ ვიცხოვრებ-მეთქი.
მაშინ, ენაც არ მესმოდა, ახლა კი ქართულად კარგად ვლაპარაკობ. ვხუმრობ ხოლმე, ტურისტად ჩამოვედი და 25 წელი დავრჩი, ძალიან გამიგრძელდა ტურისტული ვიზიტი მეთქი (იცინის). ჩვენს ხალხს უყვარს ვაჭრობა და ბიზნესი ბევრ ქვეყანაში აქვთ. მეც, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაქვს ბიზნესი. თუმცა, საქართველოს და ნიგერიის გარდა, ვერსად ვიცხოვრებ. სადაც მშვიდად ვგრძნობ თავს, იქ მირჩევნია ცხოვრება. ძალიან მიყვარს ქართული ღვინო და მწვადი. აფრიკაში კი ჩემი ბუნება და ჰაერი მენატრება ხშირად.

აქ ოჯახი მყავს – ცოლი, ხათუნა და სამი შვილი. ჩემი შვილები აქ სწავლობენ და ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავთ. რასაკვირველია, მოვა დრო და დავბრუნდებით ჩვენს სამშობლოში, მაგრამ ჯერ აქ ვცხოვრობთ და ბედს არ ვუჩივით. მე ნამდვილი სიყვარული საქართველოში აღმოვაჩინე, მის გვერდით ბედნიერად ვცხოვრობ. ჩემს შვილებს უვლის, ოჯახს კარგად უძღვება და ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ თავის დროზე საქართველოში დავდგი ფეხი.
– ნიგერიის ერთ-ერთი კუთხის, იბოს მეფე ხართ. ხათუნა, თქვენი მეუღლე კი, დედოფლად აკურთხეს. როგორც ვიცი, მეფედ კურთხევის ცერემონია თბილისში მოხდა. ასე რატომ გადაწყვიტეთ?
– მე რომ მეფე ვარ, ეს ღმერთის ნებაა. ხოლო, რაც შეეხება მეფედ კურთხევას, აფრიკიდან იყვნენ, საკმაოდ პატივსაცემი ადამიანები, იბოს კუთხიდან ჩამოსულები და მთელი ტრადიციების დაცვით ჩატარდა ცერემონია ანუ ინაუგურაცია. ნიგერიაში ბევრი კუთხეა და ყველას თავისი მეფე ჰყავს, რომელიც განაგებს და ხალხიც მას ემორჩილება. ინაუგურაციაზეც იყვნენ ამ კუთხეების მეფეები ჩამოსულები.

მე ქრისტიანი ვარ და ამის გამოც არ მიჭირს ქრისტიანულ მიწაზე ცხოვრება. სხვათა შორის, თბილისში ბევრი იბოელი ცხოვრობს და მათთან კავშირი მაქვს. მოდიან, მეკითხებიან, ვეხმარები. ვინც აქ არის აფრიკიდან ჩამოსული და სწავლობს, სამშობლოში რომ დაბრუნდებიან, მათი უმეტესობა, აქ მიღებული ცოდნით, აფრიკის ლიდერი გახდება. ამას ყველგან ხმამაღლა ვამბობ, რომ საქართველო ზრდის აფრიკის მომავალ ლიდერებს და ეს ფაქტია. მე, იბოს ტრადიციების და კულტურის მთავარი დამცველი ვარ. სასაცილო იცით რა არის? რომ მეკითხებიან, რამდენი წლის ხარო, ვპასუხობ, ორის – მეთქი და იცინიან. ჰგონიათ ვერ გავიგე კითხვა და შეცდომით ვუპასუხე. არადა, მართლა ორი წლის ვარ.
ჩვენ, მეფეთ კურთხევის შემდგომ წლებს ვითვლით და რადგან ორი წელია, მეფეთ მაკურთხეს, გამოდის ორი წლის ვარ, აი, ასე! ჩემს კუთხეში არ შეიძლება ნათესავმა ნათესავი მოიყვანოს ცოლად, ლხინი, ჭირი, სტუმრის მიღება, ქეიფი, ზუსტად ისე ხდება როგორც თქვენთან, საქართველოში. ქართველი და აფრიკელი მამაკაცის ბუნებაც კი, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იდენტური ხასიათი გვაქვს.“ – ამბობს რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ.
„რიჩარდი წვეულებაზე გავიცანი და თავისი ქცევით მიიქცია ყურადღება. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მისი ცოლი გავხდებოდი. დღეს კი სამ შვილს ვზრდით და საკმაოდ კარგი და მზრუნველი ქმარია, საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ მეფის გვერდით ვცხოვრობ (იცინის). მართალია, რიჩარდი ნიგერიელია, მაგრამ ნამდვილი ქართული ხასიათი აქვს. მე და რიჩარდმა რომ გადავწყვიტეთ ერთად ცხოვრება, ქორწილი არ გვქონია და ინაუგურაციაზე, დედოფალი რომ გავხდი, მერე მოვაწერეთ ხელი.“- ამბობს ხათუნა ოგბუნუჯუ.
შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
primetime.ge
კომენტარები