სოციალურ ქსელში 15 წლის ბიჭის წერილი ვრცელდება, სადაც ის მამის მხრიდან ძალადობაზე, მუქარასა და შანტაჟზე წერს.
მოზარდი დახმარებას ითხოვს და შსს-ს, სახალხო დამცველს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საიას და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას მიმართავს.
მოზარდი წერს, რომ უკვე 2 წელია მისი საჩივარი ძალადობაზე თაროზეა შემოდებული, მას კი უმცროს ძმებთან ურთიერთობის საშუალებაც არ აქვს.
მოზარდის უცვლელად გთავაზობთ (ვინაობას არ ვამხელთ):
“2019 წლის 25 აპრილს სკოლაში ჩემმა მასწავლებელმა შემამჩნია რომ ცუდად ვიყავი. მიხვდა რომ რაღაცა მჭირდა. მკითხა რატომ მქონდა ტირილისგან დასიებული თვალები, ამ დროს მე მოვუყევი მამაჩემისგან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. ვუთხარი რომ მთელი ღამე მამაჩემი არ მაძინებდა, მცემდა და საქმეებს მირჩევდა. მომიწოდებდა რომ კარგი, კეთილი და ადამიანური ვყოფილიყავი. მარტო სწავლა არაფერში გამომადგებოდა. კაცური ვყოფილიყავი. კიდე ძალიან, ძალიან ბევრი რამ რისი დაწერაც აქ არ მინდა. ამომიყარა მთელი ჩემი პირადი მიმოწერები, Google ძიების ისტორია, და რაც კი მას არასწორად მიაჩნდა, თითოეულ სიტყვაზე, თითოეულ კომენტარზე პასუხი მაგებინა.
რომ გათენდა ლეპტოპი ჩამომართვა. სკოლაში არ მიშვებდა, მაგრამ მაინც წავედი. სკოლა იყო ერთადერთი ადგილი სადაც მამაჩემისგან ცოტა ხნით მაინც თავის დაღწევა შემეძლო. მასწავლებელს ყველაფერი რო მოვუყევი ჩამეხუტა, და შემპირდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ცოტა ხანში მოადგილემ დამიძახა, და დირექტორთან შემიყვანა. სკოლამ სოციალურ სამსახურში დარეკა, და ასევე სკოლამ დედას ამერიკაში დაურეკა. სკოლამ დედას ჰკითხა თუ სად იყო ჩემთვის უსაფრთხო გარემო, და თვითონ დირექტორმა წამიყვანა დედის მშობლებთან. ის საღამო მე და პაპამ (დედის მამამ) პოლიციის განყოფილებაში გავატარეთ. ღამის პირველ საათამდე, სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის გარეშე, სათითაოდ პოლიციელები მოდიოდნენ ჩემთან და მიმტკიცებდენენ რომ ყველაფერი მომეჩვენა, რომ “ერთი ორი წამორტყა არაფერია”. რომ თვითონ იმ პოლიციელმა თავისი შვილის ლეპტოპი მუხლზე გადაიმტვრია. რომ მამაჩემი ჭკვიანი, განათლებული, წესიერი ბიჭი იყო, და ჩემ ჩვენებას შეიძლებოდა რო მისთვის ზიანი მიეყენებინა. მიმტკიცებდნენ რომ უპასუხისმგებლო ვიყავი მამაჩემის საციხოდ გამეტებისთვის. ისიც მითხრეს რომ ეს ბოზური საქციელი იყო. პაპაჩემსაც დიდხანს ურჩიეს საქმეები პოლიციელებმა. ეუბნებოდნენ დავეყოლიებინე და მამაჩემისთვის არ მეჩივლა. ბოლოს, ღამის პირველის ნახევარზე ხელი მომაწერინეს ოქმზე, სადაც ეწერა რომ მე ყველაფერი გავაზვიადე.
ერთი კვირა ბებიასთან და პაპასთან ვიცხოვრე. შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად ერევანში უნდა წავსულიყავი. პასპორტი მამასთან ინახებოდა. ასევე მამასთან იყო ნოტარიულად დამოწმებული ფურცელი რომლითაც საქართველო შემეძლო დამეტოვებინა. პაპამ მამასთან სახლში გამიყვანა. მამას დედამ დაურეკა სკაიპით ამერიკიდან, და დაიწყო მამამ საქმის გარჩევები. პაპას უთხრა რომ თურმე ეროტიულ საიტებზე ვყოფილვარ დარეგისტრირებული. რომ თურმე ჩემი გუგლ სერჩები და პირადი მიმოწერები დასქრინული ჰქონია. როგორი ამორალური და ყველათვის საშიში ადამიანი ვყოფილვარ.
საქართველოში ყველაზე პრესტიჟურ სკოლაში რომ 90% სტიპენდია მქონდა, ამხელა თანხას სკოლა ჩემ განათლებაში რომ იხდიდა, სინამდვილეში ცუდი გავლენა ვიყავი სამყაროზე. მემუქრებოდა და მაშანტაჟებდა რომ ამ სქრინშოთებს სკოლაში წაიღებდა, და ყველას აჩვენებდა ვინ ვიყავი. დამარწმუნა რომ საზიზღარი ადამიანი ვიყავი და თუ სკოლა ჩემ “სიმძღნერეზე” თვალებს დახუჭავდა მაშინ სკოლის საინფორმაციო წიგნს აიღებდა, და თითოეული მშობლის პირად იმეილზე გააგზავნიდა წერილს რამდენად ცუდი გავლენა ვიყავი მათ შვილებზე. 25,000 დოლარებს რომ იხდიან სკოლაში, და ამასობაში მე მათზე ცუდ ზემოგქმედებას ვახდენ. როგორც ყოველთვის, მამაჩემის დემაგოგიამ პაპაჩემსაც დაახრევინა თავი და მეც დამარწმუნა რომ ერთადერთი გამოსავალი სახლში დაბრუნება იყო.
ამ დღის მერე ხელით აღარ შემხებია, თუმცაღა ღამეებს საქმის გარჩევებით მათენებინებდა. ბებოს (მამის დედას) ვეხვეწებოდი რომ მამის სამსახურიდან მოსვლამდე დაგვეძინა. სწრაფად ვმეცადინეობდი რომ სტიპენდია არ დამეკარგა. სწავლაც მეშინოდა. მამაჩემი სულ მიმეორებდა რომ კაცობას სწავლა არ სჭირდებოდა და წიგნებით ადამიანობა არ ისწავლებოდა, და გადაწყვიტა რომ სკოლიდან გამოვეყვანე. ჩემ წინ ურეკავდა დედას და უყვიროდა რომ მე ამ სკოლის ღირსი არ ვიყავი. რისთვის მჭირდებოდა ეს სკოლა. მხოლოდ თავის წარმოჩინებისთვის და პაკაზუხობისთვის.
სოფელში წასვლამდე მამიდაჩემთან მივედი. რატომღაც მეგონა რომ მამიდაჩემი მიშველიდა. გვერდით დამიდგებოდა. მან ყველაზე კარგად იცოდა მე როგორ წამებაში ვიყავი და როგორ გვავიწროვებდა მამაჩემი მე და ბებიაჩემს. მეგონა რომ მე და დედამისს დაგვიცავდა. მეგონა და მჯეროდა, რომ მამიდაჩემი ყველაფრის გამოსწორებაში დამეხმარებოდა. მეგონა რომ მამაჩემისგან დამიცავდა. ამ დროს მან მითხრა რომ არ იცოდა ეს ყველაფერი როგორ დაიწყო, რა იყო ამ ყველაფერის გამომწვევი მიზეზი, და მას არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მიმანიშნა რომ ჩემი და დედაჩემის არეული იყო ყველაფერი.
ამასობაში მოვიდა ზაფხულის არდადეგები, და მე და ჩემი ძმები სოფელში (საჩხერეში) დასასვენებლად წავედით. მამაჩემის ყველა მესიჯზე და ზარზე შიში და ისტერიკა მიპყრობდა. შფოთვა მეწყებოდა, და გამოსავალს ვერაფერში ვერ ვხედავდი. ვიცოდი როგორ ემუქრებოდა დედას ჩემი სოცოცხლის მოსპობით. არა ერთხელ გამიგონია როგორ უთხრა დედას ასეთი, შენნაირი შვილი რო გაზარდე არ ვაცოცხლებო. დედას ეშინოდა, და ყველაფერში ემორჩილებოდა.
ერთ დღეს მამამ სოფელში დამირეკა და მითხრა რომ მალე ჩამომაკითხავდა, და თბილისში წამიყვანდა, და მე დედას ვუთხარი რომ მამასთან ცოცხალი არ დავბრუნდებოდი. თუ შევძლებდი სადმე გავიქცეოდი, თუ არადა თავს მოვიკლავდი. სხვა გამოსავალი არ მქონდა.
დედამ ეს ყველაფერი თავის მამიდას მოუყვა. დედას მამიდამ ადკოვატთან ერთად ჩამომაკითხა და თბილისში წამომიყვანა. მთელი გზა ვიღებდით მუქარებს რომ ჩემს გატაცებაზე მამაჩემი პოლიციაში დარეკავდა, ამიტომ იძულებულები გავხდით რომ ჩვენითვე მივსულიყავით პოლიციაში, და საქმის მდგომარეოდა დაგვეფიქსირებინა. 2019 წლის 7 ივლისს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მამაჩემის წინააღმდეგ ჩემზე ძალადობის და შევიწროვების მუხლით. ერთ თვიანი შემაკავებელი ორდერი გამოიწერა და მას ჩამოერთვა ჩემთან მოკარების უფლება.
სასამართლოები იწელება და იწელება. ორი წელი ხდება, და შედეგად მხოლოდ ის მივიღე რომ ჩემს ძმებთან ფაქტიურად ურთიერთობა ვეღარ მაქვს, ყოველი დედისგან გამოგზავნილი ამანათის მიტანა და ძმებისთვის გადაცემა სასწაულ პრობლემად გვაქ ქცეული. ყველა ნაცნობთან და ახლობელთან სასწაულებს ლაპარაკობს მამაჩემი ჩემზე და დედაჩემზე, და საზოგადოებამ იმის მაგივრად რომ მოძალადე ამხილოს, უთანაგრძნობს და დაჩაგრულად აღიარებენ. საწყალი მამაჩემი. როგორ არ გამოვადექი. როგორი მატყუარა, ბოროტი, უსაქციელო, და ამორალური ადამიანი ვყოფილვარ. მე და დედაჩემმა როგორი ბიჭი დავღუპეთ.
ამ ყველაფერს რატომ ვიხსენებ იცით? ამ ყველაფერზე დღეს საჯაროდ რატომ ვლაპარაკობ? დღეს სასამართლოსგან მონიჭებული მქონდა უფლება რომ ბავშვები, ჩემი ორი პატარა ძმა მე, ბებიას და პაპას გვენახა. სახლიდან გასვლის წინ, დილის თერთმეტ საათზე ბავშვებთან რომ დავრეკეთ ჩემმა 8 წლის ძმამ თქვა რომ ჩვენთან წამოსვლა არ უნდოდა. მხოლო ჩემი 11 წლის ძმას კი ეძინა. წარმომიდგენია როგორ დაამუშავებდა მამაჩემი ჩემ ძმებს. მე ხომ ვიცი რა დღეში მაგდებდა ლაპრაკით. ალბათ როცა კარგად მხვდებიან ბავშვები მაშინ რა დღეში აყენებს და როგორ უყვება რა საშინელი და საძაგელი ვართ მე და დედაჩემი. როგორ მივატოვეთ ბავშვები, და მხოლოდ ის ზრუნავს მათზე. ყველა როგორი ცუდია, და მარტო საწყალ მამაჩემს აქვს ყველა ვალდებულება ნაკისრი. როგორი კეთილი და მზრუნველია, ჩვენ კიდევ სასამართლოებში, ფსიქოლოგებში, და სოციალურ მუშაკებში ვარბენინებთ ბავშვებს. როგორ დაიღალნენ ბავშვები ჩვენი გულისთვის.
კი, დაიღალნენ ბავშვები. კვირაში ერთი დღე რომელიც სასამართლოსგან გვაქ მონიჭებული რომ გამოგვატანოს ბავშვები, და წასვლა წამოსვლაზე ფსიქიკა არ დაუმახინჯოს, ხმას არავინ ამოიღებდა. არაფერს არავინ ედავება.
დედაჩემზე ძალადობა ხომ შერჩა.
მე კი ვიჩივლე ჩემ ძალადობაზე, მაგრამ ორი წელი გავიდა ამ საჩივრიდან და ფაქტია რომ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ჩემი უფლებები სად არის? ნუთუ ასე დაუცველად უნდა ვიგრძნო თავი, მე 15 წლის ადამიანმა. და ნუთუ ამხელა კაცი ჩემგან და დედაჩემისგან წამებულად იყოს შერაცხული.
ვეძებ სამართალს” ,- წერს მოზარდი.
კომენტარები