საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლი, დეკანოზი, გურამ ჭარელაშვილისაზოგადოებას ხშირად უზიარებს საჯაროდ საინტერესო მოსაზრებებს. მისი რჩევები, მოწოდებები, თითქოს განსხვავებული და განსაკუთრებულია სხვა სასულიერო პირებისგან.
ფაქტებზე დაყრდნობით, არგუმენტებით არაერთი საინტერესო ინფორმაცია გაუვრცელებია, რომელიც შეიძლება თქვას, რომ იმ ადამიანებსაც კი აფიქრებს, რომლებიც მორწმუნეთა, “ღრმად მორწმუნეთა“ და „მცირედ მორწმუნეთა“ კრიტიკით არიან დაკავებულები.
აი რას წერს დეკანოზი ცხოვრებისეულ ინტერესებზე, ყოფით პრობლემებსა და სამომავლო მისწრაფებებზე.
ვერ დაეზღვევი…! ვერ შეაგროვებ…! არ არსებობს გარანტია…!
ეკონომიკა (οίκος – სახლი, და νομος – ვმართავ) – შეისწავლის საქონლის სწორად განაწილებას, მოხმარებას.
თანამედროვე სამყაროში ჩვეულებრივი რამაა ადამიანი აღმოჩნდეს ,,კარგი ეკონომისტი“
– დააზღვიოს – მანქანა, სახლი, ჯანმრთელობა და ა.შ
– დააგროვოს – ფული, ქონება
– გარანტირებული – იყოს მთელი ცხოვრება ფინანსურად და ბევრს საკმაოდ ,,წარმატებულადაც“ გამოსდის ეს საქმე.
მოკლედ, ყველა თავად წყვეტს, საით მიმართოს საკუთარი ცხოვრების ინტერესი, რა შეაგროვოს, რომ თავი იგრძნოს ,,დაცულად“ და ბედნიერად…მაგრამ, პრობლემა იწყება იქ, როდესაც ეს ფსიქოლოგია, (გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად) არასწორად გადმოდის სარწმუნოების საქმეში და ვიღებთ – ,,მორწმუნე ეკონომისტს“… , რომელიც არასწორად აგროვებს…
– ვაგროვებთ – წაკითხულ ლოცვებს – დაუჯდომლებს – ფსალმუნებს, წირვაზე დასწრებას და სხვა მსგავსს, თითქოს ვიმზადებთ ,,საშვს“…
– გარანტირებული გვგონია ჩვენი ადგილი ,,იქ“…
ზუსტად ვიცით, ვცხონდებით – ჩვენ, როგორც – სიწმინდის დამცველები, ხოლო ჯოჯოხეთისთვის განწირულია – სხვა, როგორც – მტერი, ჯაშუში, მოღალატე…
– დაზღვეულები ვართ – ნათლობით, წინაპრების მართლმადიდებლობით და წილხვდომილობით…
ესეთი ,,ეკონომიკით“ შექმნილი ,,დაცულობაა“ სულიერ ცხოვრებაში ყველაფრის დიდი მტერი! – როდესაც აღარავინ და აღარაფერი მაქვს (მყავს) მოსაპოვებელი, მოსაძიებელი, შესამეცნებელი და რაც მთავარია შესაყვარებელი…!
რა დამრჩენია?! ,,ძალით“ დავიცვა ეს ,,გარანტირებული“ მდგომარეობა…
რაც ნიშნავს რომ, ,,გავჩერდი“ ანუ ,,სულიერად მოვკვდი“! (ჩვენ ხომ ,,მოგზაურები“ ვართ, ამიტომ ,,მოძრაობა“ ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა…)
საშველი…
შეგროვება – შეიძლება არა ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, არამედ ამ ,,პროცესში”, იმ განსაკუთრებული წამებისა (თუ წუთებისა, რომელიც გცვლის და გზრდის) :
– როდესაც გრძნობ, რომ ,,შეგეხო“ ღმერთი…(დამშვიდდი, განათლდი, შეგიყვარდა, გამდიდრდი…)
– ან, როდესაც მან (სხვა ადამიანმა) იგრძნო რომ, შენი მეშვეობით მას,,შეეხო“ შემოქმედი და შენ კი მის თვალებში, ხმაში, ქმედებაში და ცხოვრებაში, ეს ,,ბრწყინვალება“ ამოიკითხე და ხარობ…
დაზღვეული – ხარ მხოლოდ მაშინ, როდესაც ,,მოძრაობ“ ანუ ყველაზე დიდი (მუდმივი ,,ინტერესი”) საზრუნავი და მოსაპოვებელი შენთვის, არის ღმერთი და ადამიანი, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი დრო ამ მიმართებით, არის ,,აქ და ახლა“ (არა წარსული და მომავალი), სწორად ეს საოცარი ,,წამი“… და ზუსტად ის ადამიანი, ვინც ,,დღეს არის შენი სტუმარი”…
ამდენად, ყველაზე დიდ ,,გარანტიაც“ ხელშესახებად ახლოა… ვეძებოთ და ვიპოვით – ეს არის სასუფეველი, რომელიც ჩვენშივეა…, მართალია ის მუდმივად ,,მოსაპოვებელია“, მაგრამ თუ ერთხელ ,,გემო“ გაუგე ,,მისკენ“ საოცარი მიზიდულობა გიჩნდება… !
მთავარი პირველი ნაბიჯია…! გაუღიმე ადამიანებს და დაიწყე მოძრაობა…
! ლაღად, უბრალოდ, ,,მძიმე ჩანთის“ გარეშე დაიძარი, ,, ნუ წაიღებთ თან ნურც ოქროს, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს…“, მიუტევე უფალს ზრუნვა და მან გამოგზარდოს (ანუ გამოგზაუროს…) შენ!
! რაც უფრო მსუბუქია ,,მოგზაურის ჩანთა“, მით უფრო სწრაფი და ხალისით სავსეა სვლა…
ჩემთვის ესაა ,,მზარდი ეკონომიკა“… ჩვენ ხომ ,,მოგაზურები“ვართ და იქ უნდა ,,შევაგროვოთ” სადაც მივემგზავრებით…“,- წერს დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
კომენტარები