ლევან ჯავახიშვილი, „ალია“
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „სახალხო ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– სააკაშვილის მრავალპროფილიან კლინიკაში გადაყვანის პრობლემა მოგვარდა, ოპოზიციას საპროტესტო სააკაშვილის შიმშილობასთან, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აღარ აქვს. თუმცა, მისი დაკავების დღიდან, მისმა მომხრეებმა, აქტუალური გახადეს სააკაშვილის პოლიტპატიმრობის საკითხი და ეს თემა ახლა უფრო გააქტიურდა სოც–ქსელებში და მედიაში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ახლა ოპოზიცია ქუჩაში ისევ გავა და თავის მომხრეებსაც გამოიყვანს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით? შესაბამისად, ასე თუ მოხდა, მინიმუმ, მრავალკვირიანი სანახაობა გარანტირებული გვექნება და „ქართულ ოცნებასაც“ ეს უნდა, ისევ სააკაშვილის თემით გადაუფარავს მთავარ პრობლემებს ოპოზიცია?!
– სიმართლე გითხრათ, მე რაც მოვისმინე ოპოზიციონერებისგან, დავასკვენი, რომ შიმშილობის თემა დასრულდა. არ ვიცი, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თუ დაიწყებენ ახლა აქციებსა და შიმშილობას. მე ვთვლი, რომ უნდა გაიმართოს სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც ის აუცილებლად უნდა ესწრებოდეს. თავად მოისმინოს, რა ბრალდებებს უყენებენ. მიეცეს საშუალება ამ ბრალდებებს გასცეს პასუხი და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გამჭვირვალედ, სასამართლო პროცესი უნდა ღია და მედიამ გააშუქოს. ხალხმა უნდა გაიგოს ყველაფერი, ყველასთვის ყველაფერი გასაგები უნდა იყოს და კითხვები აღარ უნდა დარჩეს საზოგადოებას. თუმცა, „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს სამართალთან და მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით. ყველაფერს აფუჩეჩებენ და პოლიტიკურად ფუთავენ. სააკაშვილს 9 წლის მერე გაუმართო დისტანციურად სასამართლო, ამით საშინაო და საგარეო პრობლემები შეუქმნა ქვეყანას, ეს იმას ემსახურება, რაც „ქართულ ოცნებას“ უნდა – გადაფაროს ყველაზე აქტუალური საკითხები და პრიორიტეტად აქციოს ის საკითხები, რომლებიც ხალხის უდიდეს ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს. ამ ოპოზიციას უნდა, წარმოაჩინოს, რომ სააკაშვილის გარეშე ეს ქვეყანა ვეღარ გადარჩება. ამაში მონაწილეობას ნამდვილად არ მივიღებ და არც არასდროს მიმიღია. ვთვლიდი და დღესაც ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, იმდენი შეცდომა და დანაშაულია ჩადენილი, მაგას რა გადაფარავს და რა დაივიწყებს?. მე თავის დროზე ნიკა მელიას რომ ვუჭერდი მხარს, იქ გაცხადებული იყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეფორმირება მოხდებოდა და ეს იყო ჩემი მხარდაჭერის მიზეზი. აბა, „ქართულ ოცნებას“ რეფორმა უკვე ჩატარებული აქვს, იმ პირველადი „ქართული ოცნებიდან“ აღარაფერი და აღარავინ დარჩა, ყველა გააქრო და პარტია გააუბედურა ივანიშვილმა. თუ გვინდა, რომ ახალი ჯანმრთელი ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, უნდა შეიცვალოს ძირითადი ოპოზიციური ძალის მიდგომა საკითხებისადმი. ამ მხრივ კი პროგრესი არ არის. ისევ იმ ძველისკენ მიექანებიან, ძველი კი აღარავის აღარ უნდა. ვერა, ეს ვერ გაიგეს! 21–ე საუკუნის ოციანი წლებია, კაცობრიობა წინ მიდის და ჩვენც წინ უნდა წავიდეთ. ოპოზიცია კი ვერაფერს ახალს ვერ სთავაზობს ხალხს, ის თავისი წარსულით ამაყობს. წარსულით კი არ უნდა იამაყო, ისიც თუ მართლა რაიმე გაქვს საამაყო, ის წარსული უკვე შეფასებულია, 2012 წელს ხალხის მიერ განაჩენიც გამოტანილია. ახლა პოლიტიკური ძალა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც „ქართული ოცნების“ ნამოღვაწარს მისცემს შეფასებას, დაუსვამს მას დიაგნოზს და ამ ქვეყანას შესთავაზებს ისეთ მომავალს, რომ მეტ–ნაკლებად მაინც, ადამიანების ყოფას გააუმჯობესებს. ამის სურვილს კი ამ მთავარ ოპოზიციურ ძალაში ვერ ვხედავ და ვერც ერთი ამომრჩეველი ვერ ხედავს.
– ბატონო დათო, ისიც ითქვა, სააკაშვილი იმიტომ არ მიჰყავთ სასამართლოში, რომ 7 ნოემბრის დარბევის საქმეში, ბიძინა ივანიშვილი თანამონაწილეობაში უნდა ემხილებინა. ასევე, „ნაცმოძრაობის“ პერიოდში, ივანიშვილის მიერ ჩადენილ სხვა და სხვა დანაშაულებებზე უნდა ელაპარაკაო. თქვენ რა იცით?
– არ ვიცი ამის შესახებ არაფერი, სიმართლე გითხრათ. ამაზე ფიქრით თავი რატომ უნდა ავიტკიო? თუ ოდნავ მაინც არსებობს ეჭვი, თვითონ ივანიშვილი უნდა იყოს დაინტერესებული, თუ პატიოსანი და წესიერი კაცია. კი ჰყავს აგერ იქ, უსაქმურების ხროვა და გასცენ იმათ პასუხი. ისე, აღარც ბიძინაა საინტერესო და აღარც მიშა, პირდაპირ ვიძახი. დღეს საინტერესოა ქვეყნის მომავალი, რომელიც ამათ ხელში ჩვენს ქვეყანას არ უჩანს. ოპოზიციაც მაქსიმალურად ხელს უწყობს ხელისუფლებას, რომ არააქტუალურ თემებზე გაკეთდეს აქცენტები და მერე ერთმანეთს ეკინკლაონ ამ მეორე და მეათეხარისხოვან საკითხებზე. ტელევიზიებიც ამას 24 საათიან რეჟიმში აშუქებენ და ორივე მხარე კმაყოფილია. კონკრეტულ ადამიანებზე ლაპარაკი არაფერს მოგვცემს, ჩვენ განვითარებისთვის გვჭირდება იდეოლოგია, რომელიც არც ერთ მხარეს არ გააჩნია და „ქართული ოცნების“ პირობებში საერთოდ ვერ ჩამოყალიბდება, რადგან პოლიტიკა რა არის, საერთოდ არ იციან. მათ იციან, სათავისოდ როგორ დაშალონ და გაანადგურონ სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორ დაიქვემდებარონ. ყველა ინსტიტუტი როგორ იმსახურონ პირადი ინტერესებისთვის. ეს არის მათი პოლიტიკური მოღვაწეობა და ასე დიდხანს ვერ გაძლებს ეს ქვეყანა. უნდა მივაწვეთ, უნდა მივაწვეთ! ძირითადი პრობლემები უნდა წამოვწიოთ, ხალხს უნდა ვუთხრათ, რას მიიღებენ ცვლილებების შედეგად და მაშინ ხალხი დაიწყებს ბრძოლას. თუ არ იცის ხალხმა, რის გამო უნდა იბრძოლოს, არ იბრძოლებს. ამ ხალხის კრედიტებს რა ეშველება? ოპოზიციის ერთ–ერთ ლიდერად როდესაც მამუკა ხაზარაძე გყავს, ამ ქვეყნის ეკონომიკას პერსპექტივა არ ექნება, თუ ის მოვა ხელისუფლებაში. ქვეყნის მთავარი მავახშეა კაცი, ხალხი დაახრჩო ვალებში და დგას ახლა და ამ ხალხს ნათელ მომავალს ჰპირდება, თუ ხელისუფლებაში მოვა. ერთი, ჰკითხეთ იმ ხალხს, სჯერათ ხაზარაძისა? ცხადია, არ სჯერათ. თუ ხალხისთვის სიკეთე უნდა ხაზარაძეს, თუ მათი მძიმე სოციალური მდგომარეობა აწუხებს, დღესვე შეუძლია მათ ეს მდგომარეობა შეუმსუბუქოს – დასწიოს საპროცენტო განაკვეთი სესხებზე თავის ბანკში, ჩამოაწეროს ხალხს საურავები, ჯარიმები და და კიდევ სხვა ფარული, გაუმართლებელი ხარჯები გააუქმოს საერთოდ. ათასობით ადამიანს სასიკეთოდ შეეხება ეს მაგრამ არ აკეთებს, რადგან თვითონ მოაკლდება. კაცი დღეს ხალხს ყვლეფს და იმ ხალხს ეუბნება, ხელისუფლებაში რომ მოვალ, მერე კარგი ცხოვრება გექნებათო. არ დაუჯერებს ხალხი, ცხადია. ადამიანს ვალი რომ აქვს, ის დაკაბალებულია. ადამიანი თავისუფალი და ლაღია მაშინ, როდესაც ვალი არ აქვს. დღეს ყველა მეორეს ბანკის ვალი აქვს და აქედან უამრავია მამუკა ხაზარაძის ბანკის მევალე. 90–იანი წლები იმიტომ გადავიტანეთ, რომ ხალხს ბანკის ვალები არ ჰქონდა, ცოტას შოულობდა თუ ბევრს, რასაც შოულობდა, ოჯახში შეჰქონდა და ნახევარზე მეტი ბანკში არ მიჰქონდა კრედიტის გადასახდელად. ამ არაპროფილურ ბიზნესზე თქვას უარი მამუკა ხაზარაძემ…
– და ბადრი ჯაფარიძემაც.
– კი, ბატონო, ორივემ, ორივე ამ ბანკის მეწილეა. ბანკებმა ჩაიგდეს ყველა ბიზნესი ხელში, მოსპეს კონკურენცია, ყველა გააკოტრეს, ვინც წინ გადაეღობა, რადგან ბანკებს ფული გამოულევლად აქვთ. მშენებლობა, მეღვინეობა, სასტუმროების და მსხვილი ტურისტული ბიზნესი… ყველგან ბანკები არიან. საკუთარი ოჯახის წევრების, ნათესავების სახელზე აქვთ ეს ბიზნესები გაფორმებული, რადგან კანონით, ბანკებს ეკრძალებათ სხვა ბიზნესში ბანკის ფულის დაბანდება. რეალურად, ბანკების ფული ტრიალებს სხვა და სხვა ბიზნესში, ლამის ყველა ბიზნესს კონკურენციას უწევენ, მაგრამ ეს არ ფიქსირდება, შეღავათიან სესხებს აძლებენ თავისიანებს და ამ ფულით აწყობენ ბიზნესებს, ან იმ ფულით, რაც უკვე მოგების სახით აქვთ საკუთარ ანგარიშებზე. ეს სქემები აქვთ შემუშავებული და ყველა ბიზნესში ეგენი არიან, ხაზარაძე, ჯაფარიძე, სხვა ბანკირები. მაგათი საქმე ბიზნესის დაფინანსებაა და არა ბიზნესის კეთება. საშულო ბიზნესი არ გაახარეს ქვეყანაში ბანკებმა, მათ შორის, „თი–ბი–სი“–მ და მამუკა ხაზარაძეს პროგრამაში უწერია, ხელისუფლებაში რომ მოვა, ხელი უნდა შეუწყოს საშუალო ბიზნესის განვითარებას. კაცო, წლებია ანადგურებ ამ საშუალო ბიზნესს, დამარხე, უამრავ სფეროში მონოპოლისტად იქეცი სხვა ბანკირებთან ერთად, და რატომ დაგიჯერებს ხალხი, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას მას განავითარებ? თუ გული შეგტკივა, დაანებე სხვა ბიზნესებს თავი და ცოტას ამოისუნთქავს ის საშუალო ბიზნესი. მოკლედ, ხელისუფლებაში მოსვლამდე დამიმტკიცე, რომ ხალხზე ზრუნავ.
– პროდასავლური პარტიები სოციალურ თემებზე ლაპარაკს თავს არიდებენ. მე ჩემი აზრი მაქვს, ამას რატომ აკეთებენ. სოციალური თემატიკა რომ გახადონ აქტუალური, ამერიკიდან და ევროპიდან ეტყვიან, რომ ეგ თქვენი საშინაო პრობლემაა, თავად მიხედეთო. მაქსიმუმ, ფინანსური დახმარება გამოუყონ ქვეყანას და ის ფულიც, ან ბიუჯეტში ჩაირიცხება, ან მიზნობრივად გაიხარჯება. პოლიტიკური თემებით ჟონგლიორობას კიდევ მათთვის ქულები მოაქვს, დასავლეთის ქვეყნების საელჩოები განცხადებებს გააკეთებენ, უცხოელი ექსპერტები სიტყვას შეაწევენ და ამას ტელევიზიები აშუქებენ, ხალხს კი მერე ჰგონია, რომ ეს პოლიტიკური ძალები მართლა რაღაცას აკეთებენ. ამათ, უკაცრავად და, დასავლეთის უკანალით უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, დასავლეთის მხარდაჭერით. სოციალური თემები რომ ასწიონ სათანადოდ, ხალხი გამოვა გარეთ და „ქართულ ოცნებას“ ერთ თვეში დაამთავრებს, მაგრამ არ უნდათ, ქართველმა ხალხმა მოიყვანოს ესენი ხელისუფლებაში. თქვენ რას ფიქრობთ?
– ზუსტად მაგას ვიძახი, მაგრამ სოციალური თემატიკის გააქტიურებას, სუფთა ხალხი სჭირდება. მინიმუმ ისეთები, რომლებიც ხალხის ამ სოციალურ უბედურებაში არ არიან გარეულნი. ბანკირი ხაზარაძე რომ გყავს მთავარ ლიდერად, რომელიც ხალხს ყვლეფდა და დღესაც ყვლეფს, იმან როგორ უნდა ელაპარაკოს ხალხს სოციალურ პრობლემებზე? არ ეტყვის ის ხალხი, ამ დღეში იმიტომ ვართ, რომ შემოსავლის ნახევარზე მეტს, შენს ბანკს ვუხდით აღებული კრედიტები დასაფარად და უზარმაზარ პროცენტებში გვაქვს ეს კრედიტები აღებულიო? ცხადია, ეტყვიან. საერთოდ, ასეთი ადამიანების, მევახშეების ადგილი არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. მართალი ხართ, ხალხს უნდა დაეყრდნოს ჩვენი პოლიტიკური ძალები, ქართველი ხალხის ზურგით უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და დასავლეთი იქნება თუ აღმოსავლეთი, მათ მხოლოდ უნდა დაადასტურონ ქართველი ხალხის ნება, ფაქტის კონსტანტაცია უნდა მოახდინონ მხოლოდ. დღეს კი ხალხის გამოყვანის ერთადერთი საშუალება, ერთადერთი გზა არის სოციალური პრობლემები, იმ პრობლემებზე მათი ყურადღების გამახვილება, რაც აწუხებთ. შიგნიდან უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და არა – გარედან. ასე მოხდა 2012 წელს. ბიძინა ივანიშვილი ხალხს სწორედ იმას პირდებოდა, რაც მათ აწუხებდათ – გაზისა და ელექტრო ენერგიის ფასების განახევრებას, დაბალპროცენტიანი კრედიტებს, სამუშაო ადგილების შექმნას და 100 ქარხნის ამუშავებას, სტარტ–აპების დაფინანსებას, გადასახადების შემცირებას, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და ამით დაზოგილი ფულის სოციალურ პროექტებში გადასროლას, კარტერული მონოპოლიების დაშლას ყველა სფეროში, რაც გამოიწვევდა ნავთობპროდუქტების, მედიკამენტების, საკვები პროდუქტების და კიდევ ბევრი რამის გაიაფებას… ანუ ხალხს ჰპირდებოდა, შენ ეს ყველაფერი გექნებაო, ხალხმა დაიჯერა, ხმა მისცა და მერე მოატყუა. იძახიან, აი, რუსეთი მოდის და პროდასავლული ძალები უნდა გავერთიანდეთ და წინ აღვუდგეთო. 2012 წელსაც ამბობდნენ ბიძინა ივანიშვილზე, მისი სახით რუსეთი მოდისო, მაგრამ ამან არ იმუშავა. კარგ ცხოვრებას პირდებოდა ხალხს, კეთილი საქმეების დაფინანსებას, ქვეყნის აღორძინებას და დაიჯერა ხალხმა. არავის აინტერესებდა ივანიშვილის პრორუსულობა თუ პროამერიკულობა. რასაც მე ვუყურებ, როდესაც ადამიანს სერიოზული სოციალური პრობლემები აქვს, არსებობისთვის უწევს ბრძოლა, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვის ხელში ამოხდება სული. მთავარი პრობლემა რაც არის, არც წინა, არც დღევანდელი ხელისუფლება არ არის ხალხისთვის და არ აინტერესებთ, ხალხი დარჩება თუ დაიხოცება. ხალხი არსებობს თავისი გონიერებით, ნიჭიერებით, გარბიან ამ ქვეყნიდან, იქ 24 საათი მუშაობენ და აქ ინახავენ ოჯახებს და ნათესავებს. ჩვენ ხომ ნორმალური სახელმწიფო არ გვინახავს, არ გვქონია, გადახედეთ ეკონომიკურ ბალანსს, ჩვენ ქვეყანას ემიგრანტები ინახავენ. დანარჩენი, რაც აქ ფულია უცხოეთიდან შემოსული, ყველაფერი შეჭმულია და არაფერი გაკეთებული არ არის. ღორები არიან, ვერ გაძღნენ, ეს უპატრონოები. ოფიციალური ქურდები ჰყავს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილს და იპარავენ და იპარავენ. თვითონაც ქურდბაცაცაა და იმიტომ. აბა, საიდან აქვს ნაშოვნი ის მილიარდები რუსეთში, თუ არა ქურდბაცაცობით?

კომენტარები