ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ დროისთვისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 1467 პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, აქედან 299 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 80 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი კი რჩება მობილიზებული. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მან ვაქცინაციის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველო მიიღებს “ფაიზერის“ ვაქცინას და მედიკოსებსა და 65 წელს ზემოთ ადამიანებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რომელ ვაქცინას გაიკეთებენ.
“მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს წესების დაცვით კუთხით. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, 1467 პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, აქედან 299 არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 80 პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 3000-ზე მეტი საწოლი რჩება მობილიზებული იმ შემთხვევისთვის თუ დაგვჭირდება მათი გამოყენება იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის პასუხი იყოს დაუყოვნებელი.
უიღბლოდ დავიწყეთ კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია მოსახლეობაში ვაქცინაციასთან მიმართებაში.
4000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი არის დღევანდელი მდგომარეობით აცრილი. ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება 25 მარტიდან 65 წელს ზემოთ პირებისთვის. ეს არის ის გადაწყვეტილება, რაზეც გუშინ იმსჯელა უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭომ და დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე ეს გადაწყვეტილება იქნა მხარდაჭერილი.
ის, რომ ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება ნებისმიერმა ვაქცინამ გამოიწვიოს, დიდი ხანია ცნობილია, ამდენად, ბაზისური მოთხოვნა, რაც ვაქცინაციის პროგრამების წინაშე დგას, არის ის, რომ ყველას აქვს ანტიშოკური მედიკამენტების ნაკრები. იმის შესახებ, რომ ადრენალინი და სხვა ანტიშოკური მედიკამენტები უნდა არსებობდეს სამედიცინო დაწესებულებაში, მედპერსონალი ინფორმირებულია. ვფიქრობ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ აღნიშნა ეს ამბავი.
ახალციხის კლინიკა სრულად მომზადებულია იმისთვის, რომ მსგავსი ტიპის რეაქციას უპასუხოს, ეს კლინიკა ახლაც დარჩება იმუნიზაციის პროგრამაში, რადგან ის სრულად აღჭურვილია და პერსონალსაც შესაბამისი ტრენინგები გავლილი აქვს. კითხვის ნიშნები იმაზე, რამდენად იყო ანტიშოკური პირობები ახალციხის კლინიკაში, არ არსებობს, მაგრამ გადაზღევისთვის, ყველა კლინიკა, რომელიც პროგრამაში იქნება ჩართული, იქნება მულტიპროფილური საავადმყოფო, რომ რეანიმაციული განყოფილებაც იქვე იყოს. ესაა ჩვენი მთავარი პირობა დღეს.”
“ალია” კი შეგახსენებთ, რომ უამრავი ექიმის და ჯანმოს განმარტებითაც კი, ანაფილაქსიური შოკი მკურნალობას ექვემდებარება, თუ ადგილზე არიან სპეციალისტები და თუ დროულად იქნება გაწეული მომსახურება – რატომ არ დაექვემდებარა მაშინ 27 წლის ექთნის ორგანიზმი მკურნალობას, თუ ეს ანაფილაქსიური შოკი იყო და თუ დროულად მოხდა მკურნალობა? – ამ კითხვაზე პასუხი უიღბლობა, მთვარის ფაზები და ა.შ. ვერ იქნება!
კომენტარები