საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სანამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სრული მართვა არ მოხდება, ყველა საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის “ჭორაობა და მეტი არაფერი”.
“თუ არ ხდება საბოლოო ჯამში სრული მართვა ინფექციის გავრცელების, ყველა საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც, არანაირი დასაბუთებული არგუმენტები, მეცნიერულად, რა თქმა უნდა, არ არსებობს”, — განაცხადა მან.
მისი თქმით, თუ ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია. გახარიას განცხდებით, საბოლოო მიზანია, რომ “ბალანსის საშუალებით” ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, ამიტომ თუ ქვეყანაში და ცალკეულ რეგიონში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, მათ მიერ წარმოდგენილი შეზღუდვების მოხსნის გეგმას დააჩქარებენ. მათ შორის, საუბარი იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზე, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მისცემთ.
26 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 1 050.
კომენტარები