პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი გადაცემაში “დილა მშვიდობის საქართველო” პანდემიის ე.წ. მეხუთე ტალღის რისკებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პიკის დროს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება.
რატიანი დაავადების თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს და ამბობს, რომ უამრავი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მასობრივი იმუნიზაციით იქნება შესაძლებელი.
“როგორც იძახიან ეპიდემიოლოგები, ეს არის მე-5 ტალღის დასაწყისი და რაც წინა პერიოდში მახსოვს და გადავხედე, ასეთი მაღალი ციფრით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა. ანუ, თუ ეს ტალღის დასაწყისია როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში.
თან მეორე მომენტია, უკვე იწყება სეზონური, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება. ეს ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის, ვინაიდან, შესაძლებელია, რომ ამ ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი, ან იყოს ერთი როდესაც არის სეზონური გრიპი და ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას,” – განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 29 ადამიანი
კომენტარები