• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„თუ ახალ სიცოცხლეს ბადებ, საკუთარს უნდა მოაკლო… უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე“ – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
10:44 01-12-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ჩანაწერს აქვეყნებს:

„უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება! კი, ისევ ბავშვებზე უნდა მოგიყვეთ. და საერთოდ – მათზე ხშირად მოგიყვებით. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოსათხრობი საქმე.ერთხელ დუშეთიდან ლამის ფასანაურამდე ავუყევი. აქ ისეა, რომ ყოველ მოსახვევზე მცირე საძოვარია, მერე აკლაკნილი გზა და მერე პატარა სოფელი. და ამ საძოვრებზე, აუცილებლად შეგხვდებათ ბავშვი მწყემსი, ორმოციოდ ძროხას რომ მოუძღვება, ჯარისკაცის უზარმაზარი საწვიმარი აცვია და ორი ზომით დიდი ქუდი ახურავს. განა ამბავს ვამხატვრულებ და ვამძაფრებ – ზუსტი სურათია, ზეპირი. ჰო, კიდევ ერთი დიდი ბოთლი, წყლისთვის და პარკი, სადაც ალბათ რამე წასალუკმი უდევს. ყველი. პური. ასეთი ბავშვი გუშინ სამი შემომხვდა. სამივე სხვადასხვა სოფლიდან. სამივე დიდი სევდით და მორცხვი ღიმილით. სამივე საგანგებო დავალებით – ,,თუ ვინმე საეჭვომ გკითხოს, აუცილებლად უთხარი, რომ ეს ერთხელ გამოხვედი სამწყემსად და მანამდე არ ყოფილხარ”. შენ მაინც ეკითხები და ისინი იმეორებენ ამ დავალებას: ,,აი, ძია, ძალიან იშვიათად ვეხმარები ხოლმე, ძალიან, თუ ავათა არიან” და წვიმს, წვეთები ქუდიდან სახეზე ეწურებათ, სახე დახრილი აქვთ და მზერას ქვევით, უკვე შემხმარ ბალახებში მალავენ. მერე მე ვეკითხები სკოლის სახელს, საღამოს ვეძებ დირექტორს ან მასწავლებელს და ისინი მიყვებიან, რომ ,,თედო, რაც სკოლა დაიწყო, კლასში არა ყოფილა, კომპიუტერი? ვინ მისცემს მაგას კომპიუტერს? რომც აჩუქოთ, ზედ ვინ დასვამს? ისეთი ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ კვირაში ერთხელ თუ გამოჩნდა, დიდია. მაგ ბავშვსა, ბავშვობა არა ჰქონია, თვალით არ უნახავს. გული დაგეწვება, გული. მეზობელმა მითხრა, დილით ექვსზე რომ წამოაგდებენ, მიაჩეჩებენ რაღაცას საგზალივით და წავიდა ძროხაში. ნუ იტყვით, ნუ იტყვით. ხან სახელმწიფოს ხალხი მივიდა, ხან ნათესავი, მაგრამ ბავშვი ისე ჰყავთ დაშინებული, სულ კარგს ამბობს და სულ მათ ქებაშია” და განა თედოა მხოლოდ ასე, განა მხოლოდ ნიკო ან ზვიადი. ან განა მხოლოდ დუშეთიდან ფასანაურამდე მიდის ეს გზა? ის აჭარიდან იწყება და კახეთის ბოლოს წვდება. ალბათ საზღვარსაც ცდება, მაგრამ მე უფრო ჩვენი ამბავი მაინტერესებს. და ამ გზაზე დგანან ბავშვები, რომელთაც მშობელმა, ან ბიძა-ბიცოლამ ან ვინმე ნათესავმა, ვისთანაც იზრდება, ადგა და ბავშვობა გამოგლიჯა ხელიდან. ბევრი ოცნება და ცოტა სიზარმაცე, ბევრი თამაში და ცოტა წიგნიც – აი, ასე გამოგლიჯა, ხელში სახრე შეაჩეჩა და გაუშვა. ამ გზაზე. ეს გზა კი არსად არ მიდის. ის არც ტაძრამდე მიიყვანს ამ ბავშვებს და ასე განსაჯეთ, არც უფსკრულამდე. ეს გზა არის და არც არის. გაყინული გზაა. საზარელი საცობი. ამ გზაზე დგანან ეს ბავშვები. აწვიმთ და იღიმიან. ახლა ის არ მითხრათ, რომ ოჯახს უჭირს. ვიცი და ამაზე ვილაპარაკე. კიდევ ვილაპარაკებ. და კიდევ. სახელმწიფო. საზოგადოება. მაგრამ ამ უბედურების ამ ნაწილზე ვწერ და ცხადად ვიცი, რომ არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე ბავშვისთვის სწავლის უფლების წართმევა და ღიმილის უფლების წართმევა და ცელქობის უფლების წართმევა და კიდევ ბევრი, ბევრი რამის წართმევა. თან ეს წართმევა ისეთია, რომ ვერავინ დაუბრუნებს და ვერც თვითონ. სხვა ოჯახებსაც უჭირთ მათ მეზობლად, იგივე სოფლებში და იგივე ქუჩებზე. მაგრამ იკლებენ და ბავშვს აძლევენ. ჩემებსაც უჭირდათ მაშინ, მაგრამ სკოლაში წასვლის წინ ყიყლიყოს მახვედრებდნენ და გაპრიალებულ ჩანთას. თვითონ სხვა რამეს ჭამდნენ. სხვა რამეს იცვამდნენ. განა მე არ ვეხმარებოდი მშობლებს? ვეხმარებოდი და აქ არც სამარცხვინოა რამე. მაგრამ სადაც საქმე სწავლაზე მიდგებოდა, მშობლები უკან დგებოდნენ და წინ მიშვებდნენ. ეგ არის – თუ ახალ სიცოცხლეს ბადებ, საკუთარს უნდა მოაკლო. საგანგებოდ გავყევი სახლისკენ ამასწინათ ერთ მათგანს, ობოლ ბიჭს და დავინახე სახლის წინ, პატარა აივანზე ტელევიზორი იდგა, დეიდამისი და კიდევ ერთი ქალი რაღაც ბოდვას უმზერდნენ და იცინოდნენ, ბიძა კიდევ ჭიშკრის წინ იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ვიფიქრე, მივალ, ვეტყვი რამეს, მაგრამ მერე ისიც ვიფიქრე, რომ მე წავალ და ეს მოზარდი იქ დარჩება. და რომ დარჩება, თქვენც ხვდებით, რა დღესაც დააწევენ.ჰოდა, იქ ვერ ვთქვი და აქედან გეუბნებით: უფროსებო, დადექით ბავშვების ბავშვობის სადარაჯოზე. ნუ ჩააცმევთ მათ ხუთი ზომით დიდ ფიქრს, ათი ზომით დიდ საქმეს, თხუთმეტი ზომით დიდ დარდს. ასე არ შეიძლება, ძალიან არ შეიძლება!“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved