“თებერვალ-მარტში იქნება კორონავირუსის შემთხვევების მატება,” – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა რომ იქნება ინფიცირების შემთხვევების მატება და არა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მატება.
მისი განმარტებით, კორონავირუსის შედარებით ახალი შტამი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, თუმცა გადადების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, რის გამოც ჯანმო-მ პანდემიის დასრულების დეკლარირებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.
“კორონავირუსის შედარებით ახალი მუტაცია არის ე.წ. XBB.1.5 (“კრაკენი”), რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირდა პირველად და არსებულ ვარიანტებს შორის ყველაზე გადამდები აღმოჩნდა, რამაც ამერიკაშიც, ევროპაში და საქართველოში შემთხვევების მატება გამოიწვია. ამ ვარიანტის გადამდებობიდან გამომდინარე, ჯანმო-ს და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრებს აქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება ამ ვარიანტის უკან იდგეს შემთხვევების მკვეთრი მატება, როგორც 2022 წლის ზაფხულში იყო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი მიმდინარეობის სიმძიმით არ გამოირჩევა, არ იწვევს ქვემო სასუნთქი გზების დაზიანებას და ლეტალობა ნაკლებია, რისკ ჯგუფებისთვის, შესაძლოა, მაინც აღმოჩნდეს გართულებების გამომწვევი. ამის გამო ჯანმო-მ თავი შეიკავა პანდემიის დასრულების დეკლარირებისგან.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის ერთ-ერთი ბოლო მუტაცია, რომელმაც შეიძლება შემთხვევების მატება გამოიწვიოს, დიდია მოლოდინი, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება. ამავდროულად ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მომდევნო პერიოდში, თებერვალ-მარტში იქნება კორონავირუსის შემთხვევების მატება, ახალი ტალღა, ამის უკან იქნება სწორედ ეს ახალი მუტაცია იქნება. მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების და არა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მატება,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კომენტარები