სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ხვალ, 26 მარტს, 13 საათზე ჭიათურელი მაღაროელები საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. მაღაროელები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ მათი თანამებრძოლების მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, თენგიზ გველესიანისა და გიორგი ნეფარიძის პატიმრობას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 იანვარს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვე შეეფარდათ, ხოლო არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს – 4 წელი და 3 თვე. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც მერაბ სარალიძის ინტერესებს იცავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს უსამართლო და დაუსაბუთებელ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.
როგორც ცნობილია, გასული წლის თებერვალში ადგილობრივების პროტესტის ბოლო ტალღასა და უწყვეტი პროტესტის დაწყებას საფუძვლად დაედო კომპანიის მხრიდან შეთანხმებული პირობების კიდევ ერთხელ დარღვევა და ხელფასების დაგვიანება. ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით 3 500 მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რამაც მუნიციპალიტეტში უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი შექმნა. მშრომელები, რომლებიც სრულად „ჯორჯიან მანგანეზიდან“ მიღებულ ანაზღაურებაზე იყვნენ დამოკიდებულნი, მოულოდნელად საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ.
აპრილში გამოცხადებული უკანონო რეორგანიზაციის შედეგად, კი ასობით მაღაროელი სამსახურიდან გათავისუფლდა. დათხოვნილთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი. ადგილობრივების მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით კი, მაღაროებში მანგანუმის მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო რეორგანიზაციამდე დასაქმებული 3 500 ადამიანიდან დაახლოებით 1 500-2 000 უმუშევარი დარჩა. ეს იმ ქალაქისთვის, რომლის ეკონომიკა მთლიანად „ჯორჯიან მანგანეზზეა“ დამოკიდებული, უმძიმესი სოციალური კატასტროფის ტოლფასია.
ამდენად, მაღაროელები ასევე გააპროტესტებენ ჭიათურაში წლების განმავლობაში შექმნილ უსამართლობას და ჩაგვრას, რასაც თან ახლავს მშრომელების ექპლუატაცია და ადგილობრივი გარემოს განადგურება. მანგანუმის მოპოვების მოქმედი მოდელით, ადგილობრივი რესურსით მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრე მდიდრდება, მაშინ როდესაც კრიზისის მძიმე შედეგებს უშუალოდ მშრომელები და ის მოსახლეობა იმკის, რომელთა საცხოვრებელი გარემოსაც კომპანიის საქმიანობა ანადგურებს, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი განცხადებაში.














კომენტარები