შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებული 1990 წელს დაბადებული ა.ხ.-ა, რომელიც ირანის მოქალაქეა.
შსს-ს განცხადებით, საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ჰერმეტულად დალუქული ქილები აღმოაჩინეს. ქილებში მალულად მოთავსებული იყო 1 კილო და 300 გრამი „მარიხუანა“. ასევე ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს:
260-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და 262-ე მუხლი საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა.
აღნიშნული მუხლები მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.














კომენტარები