ფედერალისტების ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
თქვენ იცით, ჭეშმარიტ თაღლითს რა შეუძლია? ჭეშმარიტ თაღლითს შეუძლია გაგძარცვოს, ძარცვას ქველმოქმედება დაარქვას და როცა ვამხელთ, შემობრუნდეს და იქით გვამხილოს უმადურობაში.
ვისაც გამოგრჩათ, გეტყვით, რომ “ფედერალისტებმა” მივიწყებული ამბავი გავაცოცხლეთ და საზოგადოებას შევახსენეთ, როგორ გაყარა ბიძინა ივანიშვილმა საავადმყოფოს პაციენტები აბასთუმნიდან, როგორ მიუჩინა ფილტვების სამკურნალოდ ადამიანებს უტყეო ხრიოკზე ადგილი და როგორ დაეპატრონა აბასთუმნის საუკეთესო ტერიტორიებს თვითონ.

უზრდელობისა და თავგასულობის ისეთი შთამბეჭდავი სურათია, დრონითაც გვინდოდა გადაღება, მაგრამ აბასთუმნის ცაზე ვერც თვითმფრინავი დაფრინავს და ვერც დრონი, რადგან ჩაკეტილია მას მერე, რაც ის ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა კერძო საკუთრებად. ვითომ ობსერვატორიაზე ზრუნვით. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ჩემი გასაკეთებელი “ტელეიმედმა” გააკეთა და ფილტვის ცენტრის ზედხედიც გაჩვენათ, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ კლინიკა კურორტის ფიჭვნარიდან მოშორებით, ხრიოკ ფერდობზე დგას, ხოლო თავად კურორტი აბასთუმანი ფიჭვნარშია ჩაფლული.
ივანიშვილის პროპაგანდა ტყუილად არ შფოთავს. აბასთუმანზე ჩვენი ვიდეოამბავი სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. ივანიშვილის თავხედობამ საზოგადოების ბრაზი გამოიწვია. ამ ბრაზის ფონზე, 22 აგვისტოს, აბასთუმანში ჩაგრიალდა ინფრასტრუქტურის მინისტრი და სამადლობელი ლოცვა აღავლინა უსათნოესი და უკეთილესი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, აბასთუმნისთვის საფუძვლის ჩაყრის გამო.
ეგ კი არა, “ტელეიმედმა” დააანონსა, რომ ჩვენს უმადურობაზე სრულმეტრაჟიან და მძაფრ სიუჟეტს ქართველი მაყურებელი ნახავს.
სანამ “იმედი” უმადურობაში გვამხელს, მოდით განვიხილოთ, რისთვისღა ადიდებენ აბასთუმნის ფუძემდებელ ბიძინას მისი ყურმოჭრილი მონები და რა ვერ დავუფასეთ ჩვენ – დაუნახავმა ქართველებმა.
დავიწყებ იმ უმარტივესი ჭეშმარიტებით, რომ კურორტ აბასთუმანს, მინისტრის თქმით, “ძალიან მაგარ ლოკაციას”, საფუძველი თვით დედაბუნებამ ჩაუყარა და არა ივანიშვილმა. ანუ იმან, რაც ჩვენზე და თვით ბიძინაზეც კი განუზომლად დიდია. ნორმალური ადამიანი აბასთუმანში რომ ჩახვალ და გაიხედ-გამოიხედავ, ბუნების იმდენად ცხადი სასწაული დაგხვდება, უბრალოდ ვერ იტყვი, რომ ბიძინამ ჩაუყარა ამას საფუძველი, თუ თავზე ხელაღებული მკრეხელი არ ხარ.
ბუნების სასწაულს ისტორიაც ემატება. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებები საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი. XVIII საუკუნის ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი წერდა, რომ XIV საუკუნეში დღევანდელი აბასთუმნის ადგილას სამკურნალო წყლებით სახელგანთქმული ქალაქი არსებობდა. XIX საუკუნიდან წყლების მეცნიერული შესწავლა და აბასთუმნის ფტიზიატრიულ კურორტად განვითარება დაიწყო. ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი გერმანელ ექიმს, ადოლფ რემერტს მიუძღვის.
ამავე საუკუნის ბოლოს, სწორედ აბასთუმნის კლიმატისა და თერმული წყლების სამკურნალო თვისებების გამო, აქ დასახლდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის ვაჟი, გიორგი რომანოვი, რომელიც ფილტვების პათოლოგიით იტანჯებოდა. ანუ აბასთუმანი თავისთავადაა ძალიან პერსპექტიული კურორტი, როგორც ბუნებრივი, ისე ისტორიული მახასიათებლების გამო. აბასთუმანს არ სჭირდება ბიძინა ივანიშვილი დამფუძნებლად. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება აბასთუმანი დასასვენებლად.
სწორი სისტემის – ანუ ძლიერი თვითმმართველობისა და თავისუფალი სასამართლოს პირობებში – აბასთუმანს აქვს პოტენციალი გახდეს იგივე, რაც დავოსია შვეიცარიაში, ვიში საფრანგეთში ან ბადენ-ბადენი გერმანიაში. ზამთარ-ზაფხულ ცოცხალი კურორტი. ახლა ის უბრალოდ ივანიშვილის ხელოვნურად აკლდამად ქცეული დისტოპიაა. მაგრამ მოდით თავიდანვე მივყვეთ, რა მასშტაბის უსაქციელობასთან გვაქვს საქმე.
2018 წელს ბიძინა ივანიშვილმა ჩაისეირნა აბასთუმანში. ნანახი გაქვთ, მულტფილმი „კომბლე“ – „ეს ლამაზი ძროხა ვისია? – ჩემი უნდა იყოს” – აი, ზუსტად ასე მოინდომა აბასთუმანი.
2018 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ივანიშვილთან დაკავშირებულმა ცხრა სუბიექტმა სახელმწიფოსგან 52,443 კვადრატული მეტრი 6,417,200 ლარად შეიძინა. ფაქტობრივად უპირობოდ. ამ ტერიტორიებიდან ერთ-ერთზე მოქმედებდა ტუბერკულოზის საავადმყოფო, რადგან ითვლება, რომ აბასთუმანი ფილტვების პათოლოგიების რეაბილიტაციისთვის სასარგებლოა.
ცხადია, ტუბერკულოზის ძირითად მკურნალობას დღეს სპეციალური ანტიბაქტერიული პრეპარატები წარმოადგენს და კლიმატოთერაპია წამალს ვერ ანაცვლებს, მაგრამ იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ აბასთუმანი ფილტვების დაავადებათა მკურნალობისა და რეაბილიტაციის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული კურორტია და მისი ჩაკეტვა ამ პაციენტებისთვის უბრალოდ უზრდელობა და ისტორიისთვის მიფურთხებაა. მაგრამ ვინ დაეძებს ისტორიასა და ზრდილობას, როცა შეიძლება მიკრობებმა შემოგიტიონ და ბიძინა ხარ ივანიშვილი.
ყიდვიდან დაახლოებით ერთ თვეში საავადმყოფო დაიხურა. პაციენტების ნაწილი თბილისში გადაიყვანეს, ნაწილი კი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ამბულატორიულ მკურნალობაზე გაუშვეს. “ფონდმა ქართუმ” დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით თანამედროვე, 100-ადგილიანი ფილტვის ცენტრი ააშენა, რაც 5.3 მილიონი ლარი დაჯდა (საჯარო ინფორმაციით).
ანუ ახალი ფილტვის ცენტრი, პაციენტებისთვის გაღებული უანგარო საჩუქარი კი არ ყოფილა, იმ გარიგების ნაწილია, რომლის შედეგადაც ძველი საავადმყოფოს უძვირფასესი ისტორიული ტერიტორია ივანიშვილმა მიიღო. ძველი შენობა რომ ამორტიზებული იყო, ამაზე არავინ დავობს. სკანდალი არც ტერიტორიის პრივატიზაციაა. სკანდალი ისაა, რომ ივანიშვილმა კურორტს ისტორიული სამკურნალო მნიშვნელობა გაუუქმა და ფილტვების და სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ხალხი საერთოდ კურორტის განაპირას გამოყარა.
ხო, 1824 წელს აშენებული ისტორიული შენობა დაანგრიეს. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, სულ აგურ-აგურ დაშალეს და ისე მოაცილეს აქაურობას. იქვე ხომ ივანიშვილის სახლის შესასვლელია და მას ხელოვნური კლდე ფარავს.
მაგრამ თურმე ჯერ სად ვართ. 2019 წელს ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ “პარაფგრაფის” გარდა, რომელსაც სანატორიუმ “ცისარტყელას” ადგილას თავად აშენებს, აბასთუმანში აშენდებოდა 5 მაღალი დონის სასტუმრო: “რომსი”, “რედისონი”, “ქრაუნ პლაზა” და “რედიქს ჯგუფის” 2 სასტუმრო. ამას გარდა, 8 საშუალო და პატარა სასტუმრო და 400-აპარტამენტიანი საცხოვრებელი პროექტი.
მან ისიც თქვა, რომ ეს პროცესი 2021 წელს დასრულდებოდა. ახლა 2026 წელია. ივანიშვილის ინტერვიუდან 7 წელი გავიდა, დაპირებული ვადა კი 5 წლითაა გადაცილებული. “რედისონი” და “ქრაუნ პლაზა” არ გახსნილა და მათზე მოქმედი პროექტები და გახსნის ვადები საჯაროდ არ იძებნება. “რედიქსის” არც ერთი დაპირებული სასტუმრო არ გახსნილა, არც “რომსი” გახსნილა. თავად ივანიშვილის “პარაგრაფიც” კი არ გახსნილა, არც დაპირებული 400-აპარტამენტიანი კომპლექსის დასრულება დასტურდება. მშენობლობები არსებობს, მაგრამ დაპირებული 21 წლის შედეგი 26 წელსაც არ დამდგარა.
გახსნილი სასტუმროების მენეჯერებიც ჩივიან, რომ რეაბილიტაცია ისეთი ნელი ტემპით მიმდინარეობს, მათაც არეული აქვთ გეგმები, ზარალდებიან და პერსონალის შენარჩუნება უჭირთ. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს სხვისი ჭირი რაში ადარდებს, მისი სახლი ხომ აშენდა, თავად ხომ სუნთქავს სუფთა ჰაერს.
ოღონდ, თავხედობის მასშტაბი არც აქ მთავრდება. თქვენ იცით რამდენი მილიონი გამოეყო და იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ კურორტის მოსაწყობად, სადაც ივანიშვილი უმსხვილესი კერძო მესაკუთრეა? 280 მილიონ ლარზე მეტი უკვე დახარჯულია. 2026 წელს კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ერთი, 70-მილიონიანი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა — ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.
ანუ ივანიშვილს მადლობა უთხარით და ქველმოქმედი დაუძახეთ, თქვენ უმადურებოო, გვიკიჟინებენ მაშინ, როცა ხალხის ფულით შენდება გზები, ხალხის ფულით კეთდება წყალმომარაგება და კანალიზაცია, ხალხის ფულით შენდება ავტოსადგომი, ხალხის ფულით წესრიგდება პარკი და საზოგადოებრივი სივრცეები. სახელმწიფო ბიუჯეტისა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აღდგა ისტორიული სახლების ფასადები, ობსერვატორია.
ვიღაცამ შეიძლება თქვას, ჯანდაბას, იყოს ხალხის ფული, თუ სახალხო საქმეს ხმარდებაო. საქმეც მაგაშია, რომ კაცმა არ იცის რას ხმარდება და არანაირი გარანტია არ გვაქვს, რომ ამ ფულს ოქროს ზოდების და როლექსების სახით რომელიმე მაღალჩინოსნის სახლიდან არ ამოიღებენ. აბასთუმნის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასობით მილიონის უდიდესი ნაწილი ხომ ისევ “ქართული ოცნების” შემომწირველებთან მიდის.
ხალხის ძარცვის ჩაკეტილი წრე ასე იკვრება: ხალხმა ასობით მილიონი გადაიხადა იმ კურორტის კეთილმოწყობაში, რომლის უმსხვილესი კერძო მესაკუთრე ივანიშვილია. ასობით მილიონის კონტრაქტები წავიდა ბიძინა ივანიშვილის ლოიალისტ კომპანიებთან, რომლებიც ამ ფულით მმართველ პარტიასაც აფინანსებენ და ძალაუფლებას ყიდულობენ.
თუმცა, ოცნების ბობოლები და ტყუილის ფაბრიკები ამ ჩაკეტილი ძარცვის სისტემით რამდენითაც არ უნდა იხეირონ, ყველაზე დიდ მოგებაში მაინც ივანიშვილი რჩება. თავად დაფიქრდით, ამხელა საჯარო ინვესტიციის შედეგად ვის კერძო პროექტებსა და მიწებს ემატება ღირებულება აბასთუმანში? დასაკვირვებელია, ყველაზე დიდ სარგებელს იღებს ივანიშვილი, რომელმაც კურორტის საუკეთესო ნაწილები დამსვენებლებისთვის საერთოდ ჩაკეტა. და ამავდროულად სწყინს, რომ ასეთ ქველმოქმედებას არ ვუფასებთ. როგორ, კაცმა 5-მილიონიანი ფილტვის ცენტრი ააშენა ხრიოკზე და ჩვენ აქ რაღაც ასობით მილიონს ვივლით, რომელიც ბიუჯეტიდან გაისროლა და მადლობლებიც არ ვართ. ახლა გაჩვენებთ სეირს “ტელეიმედი”.
მეგობრებო, არ უნდა გაგვიკვირდეს ის დისტოპია, რაც ჩვენს თავს ახლა ხდება. ეს კანონზომიერი მოვლენაა სისტემაში, სადაც ძარცვა გავლენიანთა ცხოვრების წესია. ისინი ქმნიან სამართლებრივ სისტემას, რომელიც ძარცვას აკანონებს და მორალურ კოდექსს, რომელიც ძარცვას განადიდებს და სათნოებად წარმოაჩენს.
იმისთვის, რომ ძარცვა დასრულდეს, უნდა გაფართოვდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ ჩვენი თავი და ჩვენი ქვეყანა ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს და არა ადამიანების ვიწრო კოოპერატივს, რომელიც თან გვძარცვავს და თან ამისთვის მადლობას ითხოვს. მხოლოდ ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს შეუძლია წააქციოს ივანიშვილის ავტოკრატიული ძარცველის სისტემა და აირჩიოს ძალა, რომელიც რესპუბლიკურ წესრიგს დააფუძნებს, მოქალაქის ნებას დაუბრუნებს და სახელმწიფოს მოქალაქის სამსახურში ჩააყენებს.
ჩვენი, დემოკრატიული პარტიების ვალია გაფართოვდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი იმაზე, რომ თაღლითებს უნდა დავემშვიდობოთ, რადგან ქართველი ხალხიც და აბასთუმანიც გაცილებით უკეთესს იმსახურებს.











კომენტარები