„ალიას“ ესაუბრება მწერალი, გიდი, კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე პაიკიძე:
– „ალიას“ მკითხველი გიცნობთ, როგორც აქტიურ მოქალაქეს, ბოლო თვეების მანძილზე, რეგულაციის აქტის მოწინააღმდეგეს, ტურისტული ბიზნესის მცოდნეს, ცოტამ თუ იცის, რომ მწერალი ხართ და თქვენი ერთ-ერთი წიგნი ნომინირებულია „საბაზე“. რიგით მერამდენე წიგნია ეს და რაზეა?
– ეს არის ჩემი მეოთხე წიგნი უბრალოდ ეს პირველი წიგნია, რომელიც ნომინირებული იყო „საბაზე“. მალე დავასრულებ ჩემ მომდევნო რომანს. წლებია უკვე, ვწერ. ტურიზმი კი არის ის საქმიანობა, რომლითაც ოჯახი უნდა უზრუნველვყო ფინანსურად, სამწუხაროდ, წიგნის გაყიდვით საქართველოში ვერ მოახერხებ ფინანსურად იყო გამართული. როცა ახერხებ ადამიანი თავის რეალიზებას სხვადასხვა მიმართულებით, რატომაც არა, კარგია, თუმცა, ბედნიერი ვიქნებოდი, მეტი დრო რომ მქონდეს წერისთვის. ჩემი წიგნი წარდგენილია „საბაზე“, როგორც წლის საუკეთესო პროზაული ნაკრები, წიგნს ჰქვია „გიდი“. გიდი ამ შემთხვევაში კრებითი სახელია და ერთი გიდის თავგადასავალი არ არის, ცხადია. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა.
– მრავალშვილიანი მამა ბრძანდებით, როგორც ვიცი…
– დიახ, 4 შვილი მყავს.
– რითი განსხვავდებოდა ქართული ტურიზმი უცხოურისგან? პანდემიამდე პერიოდს ვგულისხმობ.
– ჩვენი ტურიზმი, საკმაოდ ნორჩია, საბჭოთა კავშირიდან თავის დაძვრენის შემდეგ, პატარაა ასაკით და ბევრი გვაქვს სასწავლი. რაღაც ნიშნულამდე მივდიოდით უკვე სერვისის გაუმჯობესების კუთხით, სწავლის კუთხით, თუმცა, ამ პანდემიამ იმდენი წლით დაგვაბრუნა უკან, რომ ძალიან გაგვიჭირდება, თუნდაც შარშანდელ ნიშნულზე დაბრუნდება, უახლოესი წლების განმავლობაში, მითუმეტეს როცა ქვეყანაში ხელოვნური შეფერხებებია იმ ბუნებრივ პროცესთან ერთად, რასაც პანდემიას უწოდებენ.
– შარშანდელი ნიშნული შარშანწინდელზე მაღალი იყო?
– შარშანდელი ნიშნული იყო რეალისტური, როგორც იქნა დაიწყეს დათვლა ისე, როგორც უნდა ითვლებოდეს, ტურისტს დაერქვა თავისი სახელი, ვიზიტორი სხვა ფენომენია, ტურისტი – სხვა. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ შარშანდელი გავრილოვის ფაქტორიც, რომელმაც ამ ბაზარს ძალიან მძლავრად დაარტყა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ნიშნულზე დაბრუნებაც კი, შარშანდელზე, შარშანწინდელზე, ძალიან გაგვიჭირდება.
– მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე გვიმტკიცებენ ქვეყანა ვითარდებაო, აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ გვაქვს ტურიზმის გარდა სხვა ბიზნესი. შესაბამისად, საზღვრების ჩაკეტვამ ქვეყნის ეკონომიკის სრულად პარალიზება გამოიწვია.
– სამწუხაროდ, ერთადერთი ინდუსტრია, რომელიც გააჩნია ქვეყანას არის ტურისტული. ამ პანდემიამ კარგად დაგვანახა, რომ ქვეყანას სხვა გზა, ალტერნატიული ფულის, არ გააჩნდა, ამიტომ იღებენ ვალს ვალზე ჩვენი ხელისუფლება, გაგვევსო ვალებით ქვეყანა და გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. აგრარული სექტორი, რომელსაც შეეძლო რაღაც შემოეტანა, სუსტია და უყურადღებოდ მიტოვებული. საოცარ რაღაცას გეტყვით, ტურიზმიდან შემოსული ფულის თითქმის ნახევარი გადიოდა ქვეყნიდან, იმიტომ რომ ჩვენ ყველა ძირითად პროდუქტს ვყიდულობთ და შემოგვაქვს. ადგილზე ელემენტარულ რაღაცებსაც კი ვერ უზრუნველვყოფთ, რომელიც სჭირდება ტურისტულ სექტორს. ოფიციალური სტატისტიკაა ასეთი, მე კი არ ვიგონებ, თუ სეზონზე შემოდიოდა 2,5 ნახევარი მილიარდი დოლარი, ქვეყნიდან გადიოდა 1,5 მილიარდი დოლარი აგრარული პროდუქტის შესაძენად.
– ქვეყნის ერთადერთი ბიზნესი გავაჩერეთ, სკოლები გავაჩერეთ და 2700 უცხოელი ჯარისკაცი მივიღეთ წვრთნების ჩასატარებლად, მერე ამ 2700 უცხოელი სტუმრისთვის კონცერტიც გავმართეთ…
– ამ ორმაგ სტანდარტს, ბოლო ხანებში, დიდი წარმატებით მიმართავენ. შეზღუდვა ეხება ყველაფერს, გარდა პოლიტიკური აგიტაციებისა, გარდა პოლიტიკური პარტიების მოსახლეობასთან შეხვედრისა – ძალიან სასაცილოა და თან ნათელია, ხო? დაუსაბუთებელი, არაარგუმენტირებული, უაზრო რეგულაციები დააწესეს ქვეყანაში და ეს კლავს ეკონომიკას. ყოველ დღე ვრწმუნდებით, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ქვეყანაში ალტერნატიული ფულის წყარო არ იყოს. გაცილებით მარტივია მართვა, როდესაც ფინანსური რესურსი აქვს ერთ ძალას და არ გააჩნია მეორეს, რომელსაც შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, მასთან დაპირისპირების.
– არ ეშინიათ რევოლუციის? „ოცნების“ მხრადამჭერებიც კი, ღიად აანონსებენ რევოლუციას და ამბობენ, რომ ხალხი, რომელსაც დასაკარგი აღარაფერი დარჩა, აუცილებლად გამოვა ქუჩაში.
– არ ვიცი, მთავრობას რამდენად ეშინია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხალხს ნამდვილად ეშინია. ხელისუფლება არ ფიქრობს ამაზე, ან დაკარგა რეალობის შეგრძნება და კონტაქტი ხალხთან. მძიმე ეკონომიკურ ფონთან ერთად, რევოლუციურ გამოსვლებს ქვეყანა ვეღარ გადაიტანს. ახლა თუ ვართ დაბრუნებული 2013 წლის ნიშნულზე, დავბრუნდებით 2003 წლის ნიშნულზე მომენტალურად, ყველა მიმართულებით. ასე რომ, არც ხელისუფლებას და არც ხალხს არ უნდა სჭირდებოდეს რევოლუცია, მაგრამ მართალი თქვით, რაღაცები ხანდახან ხდება ბუნებრივად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროცესები ემთხვევა ერთმანეთს.
– როცა გვითხრეს, რომ ისინი იმუშავებდნენ ჩვენ მაგივრად, ჩავსხდებით სახლში და უმეტესობას მართლაც ეგონა, რომ ისინი (ხელისუფლება) მუშაობდნენ. აღმოჩნდა, რომ არ კლინიკებია მოწესრიგებული, არც საწოლებია დამატებული, პირიქით, იმაზე ნაკლები საწოლია ახლა კოვიდინფიცირებულისთვის გამოყოფილი, ვიდრე მარტში. გამოდის, ხელისუფლებამ ეს დრო არხეინად გაატარა.
– ეს ცრუ მოლოდინი იყო თავიდან და სულ რამდენიმე ადამიანი ვამბობდით, რომ ჩაკეტვა არასწორი მიმართულებაა. შენი ეკონომიკა თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია ერთ სექტორზე და ზუსტად იმას კეტავ. შეიძლება გარისკო, ჩაკეტო, როცა რაღაც სხვა ინდუსტრიაც გაქვს, როცა ექსპორტს აწარმოებ… რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, ჩვენი ექსპორტის პირველ ადგილზე ავტომობილების რეექსპორტია. შესაბამისად, ხელისუფლების მცდელობა, მზრუნველის როლში გამოსულიყო, თავიდანვე ჩანდა, რომ ჩაფლავდებოდა და ეს ტერმინი – დარჩი სახლში, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენ ნაცვლად, იყო მომაკვდინებელი. ვის და რანაირად უმუშავია როდესმე ჩვენ ნაცვლად? ან როგორ, რა ფულით და რა რესურსით უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, როდესაც კერო სექტორიდან ბიუჯეტში ფული არ შედის? სახელმწიფო ფული ხომ არ არსებობს – არ არის ასეთი ცნება, შეუძლებელია სახელმწიფო ფულის არსებობა კერძო სექტორის გარეშე.
– თქვენი მოწინააღმდეგენი გეტყვიან, რომ საზღვარს თუ გავხსნიდით, მეტი ინფიცირებული გვეყოლებოდა და ქვეყანა ამას ვერ გაუძლებდა…
– რას ვერ გაუძლებდა, რა სისულელეებს იძახიან, თუ რამესთან „გაძლებას“ აპირებდნენ შეცვლილი ბიუჯეტის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს რატომ დააკლეს ბიუჯეტიდან ფული? 25 მილიონი დააკლეს, თუ სწორად მახსოვს. ხვდებით, რაზეა საუბარი? არავის არაფრისთვის ემზადებოდა. პირველი პანიკა და შიში რომ გადავიდა, ხალხმა რომ დაიწყო არგუმენტირებული საუბარი, გამოჩნდა, რომ ეს ვირუსი რომლითაც დაგვდევდნენ და კუბოებითაც გვაშინებდა იმნაძე, სულაც არ ყოფილა მკვლელი ვირუსი. ნახეთ, სტატისტიკა რას გვეუბნება, რაც უფრო მეტია ჩატარებული პისიარ ტესტის რაოდენობა, პროცენტული რაოდენობა ინფიცირებულების იკლებს და ეს ბუნებრივიცაა, ასეც იქნებოდა. როცა აპრილში ანალიზი აუღეს მხოლოდ 100 კაცს და 42 ინფიცირებული იყო, ჩანდა, რომ მაღალი იყო პროცენტული მაჩვენებელი და ახლა ვნახოთ რა ხდება – 138 რომ აცხადებენ და 190-ს, ეს არის 10 ათასი ტესტიდან. გამოვიყვანოთ პროცენტი და ვნახავთ, ინფიცირებულთა რიცხვი კი არ იმატებს, პირიქით იკლებს. ქვეყანაში ისედაც იყვნენ ინფიცირებულები აპრილშიც, მაისშიც და ივნისშიც, ცხადია. სეზონურ გრიპზე ჩავატაროთ ტესტი და ნახავთ, რა შედეგს დავდებთ და უფრო მეტი თუ არ იქნება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა. კორონავირუსით გარდაცვლილი 19 პაციენტის ავადმყოფობის ისტორია რატომაა თავიდან ბოლომდე გასაიდუმლოებული? რატიანმა თქვა ერთზე, ის ქალბატონი, რომელიც გარდაიცვალა, 15 კილო იყოო, და გაიხსენეთ, სწორედ ამ ქალბატონის გამო ჩაკეტეს მაშინ მარნეული.
– ასევე ძალიან უცნაური და გაუგებარი იყო სვანეთის ჩაკეტვაც…
– სვანეთის შემთხვევა იყო სანიმუშო! ზაფხულში რომ დაიწყეს საუბარი შიდა ტურიზმზე, მაგაზეც დავუპირისპირდით მაშინ ხელისუფლებას და კი გამოჩნდა, რომ შიდა ტურიზმი არ არსებობს სინამდვილეში. შიდა ტურიზმი რომ სდომებოდათ, სვანებისთვის ბოლო ლუკმა არ უნდა გამოეცლიათ ხელიდან, არავის არაფერი სჭირდა საერთოდ სვანეთში. საერთოდ არავის არაფერი სჭირდა, მოუნდათ და დაკეტეს. ეს პროცესი ძალიან ჰგავდა სადამსჯელო ღონისძიებას.
– გამოსავალს რაში ხედავთ? გამოვა ხალხი ქუჩაში თავისი უფლებების დასაცავად?
– დინამიკა მიუთითებს იქეთკენ, რომ აღარ შეიძლება ამის ასე გაგრძელება და ხალხი ხედავს ამას. გამოსავალი ერთია – მაქსიმალურად სწრაფად დავბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმში, შეზღუდვების გარეშე. მარტივ მაგალითს გეტყვით, მე რომ რესტორნის კარებში მიკეთია პირბადე და შევდივარ რესტორანში და მერე აღარ მიკეთია, რა ხდება, კარიბჭესთანაა ჩასაფრებული ვირუსი და მერე შიგნით არ არის, თუ სად არის ლოგიკა? არანაირი ლოგიკა მათ შეზღუდვებს არ გააჩნია, მათ შორის, არც პირბადეებს. ეკონომიკასთან ერთად, ყველაზე დიდი ტკივილია ასევე განათლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, კატასტროფული ზომები მიიღეს და პირდაპირ ჯალათებივით დაადგნენ თავზე ბავშვებს. ჩემ აზრს დავაფიქსირებ, არ სჭირდება ჩვენ ქვეყანას რევოლუცია, უბრალოდ ხელისუფლებამ ეს უნდა გაიაზროს.
– თუ არ გაიზრებს ხელისუფლება და ხალხის ნების წინააღმდეგ განაგრძობს ჯიუტად სვლას?
– თუ არ გაიაზრებს, ყველაფერი ბუნებრივად მოხდება, ამას არავინ გეგმავს. ქვეყანაში პირველად არის არაპოლიტიკური, სოციალური, სამოქალაქო პროტესტი, რომელმაც შეიძლება, გაცილებით მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.
თამო კეშელავა, ალია №34
კომენტარები